ვიბარებ „მესამე ძალას“
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 18, 2018
- 5 min read
Updated: Feb 11, 2019
თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდანაც მოფრინდებაო, ასეა საქმე. თუ კი ჩემი მოლოდინი გამართლდა და ქართველი კაცის ამჟამინდელი მისწრაფება ლოგიკასთან კარგადაა, მალე ქართული პოლიტიკური სცენიდან გაქრება „ოცნება“, ვინაიდან ღირებულებითი კავშირების გარეშე შექმნილი „კასტები“ იოლად იმსხვრევა. ანდა, ვთქვათ, ინაშვილის გაერთიანების მსგავსი (ან კალიბრის) რეზიდენტურები. მათ ხალხმა განაჩენი უკვე გამოუტანა და ამდენად, როდესაც უნდა ჩატარდეს ახალი #საპარლამენტოარჩევნები, მომავალ საკანონმდებლო ორგანოში ამ ტიპის „ნაერთები“ არ მოიაზრებიან.
ჩემი აზრით, ანალოგიური ბედი ელით კონკრეტულ პიროვნებებში გამოხატულ მენტალურ ერთობებსაც.
ის, რაც „ოცნების“ „მონოლითური“ სხეულიდან გადარჩება, რაღაც ორგანიზაციული ფორმის მიღებას ეცდება და ეგებ, შეძლოს კიდეც, მაგრამ ქანთარიები, მეჭიაურები და ამ ტიპის „მოღვაწენი“, პოლიტიკიდან, ალბათ, წავლენ. ბესელია, ფოფხაძე, მდინარაძე, სესიაშვილი, თალაკვაძე, მაღრაძე და მსგავსი კომედიანტები, ვერაფერს შეძლებენ. ასე რომ, „ოცნების“ ნარჩენებისგან რაღაც მეტ-ნაკლებად წონადი პოლიტიკური მოთამაშის შექმნა, რომელიც ახლა, ან ოდესმე შეძლებს „მესამე ძალის“ ფუნქციის შესრულებას, მოსალოდენი არ გახლავთ.
თავიდან, ბევრი ფიქრობდა, რომ ამ ნიშას გაერთიანება „გირჩი“ შეავსებდა და ეს მოლოდინი არც არჩევნების პირველი ტურის შედეგმა გაანელა, მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა, იმ „არ გინდოდა რძე და ყველი“ კლიპმა და, განსაკუთრებით კი, იმ „დუნდულქიცინის“ მერე ჩამოყალიბებულმა განწყობებმა, დამარწმუნეს - „გირჩს“ არ შეუძლია და, რაც ნიშანდობლივია, არც სურს იყოს #მესამეძალა - არც ადამიანური, არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმისა, რომ პოლიტიკურ დაფაზე სრულფასოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდეს, მას ამჟამად არ გააჩნია.
ბუნებრივია, ეს გადაულახავი წინაღობა არ გახლავთ, მაგრამ მეეჭევება ამ კონკრეტულ მომენტში, ან მას მერე, რაც პოლიტიკურ დაფაზე ახალი განლაგება კონტურებს შეიძენს, ვინმემ ამ პარტიისთვის ჯიბეზე ხელი გაიკრას. თანაც, მგონი ჯაფარიძეს ერთხელ აქვს კიდეც ნათქვამი, ფული და „მერე პირობები“-ს კარნახი, ალერგიას მაძლევსო.
შესაძლოა ეს იმ დროს ითქვა, როდესაც მზის გულზე ადგილიც ჰქონდა და დაფინანსებაც „ჯიბეში ედო“, მაგრამ ახლა, ის რაღაც იმიჯიც კი შემოაცვდა და არის ასე, ძონძებში.

ერთი სიტყვით, „გირჩის“ პერსპექტივა არამც თუ მესამე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება, არამედ არსებობისთვის ბრძოლაა მხოლოდ. ისიც, თუ კი აპირებენ გაგრძელებას. ესეც სათუოა. თუმცა მგონია, რომ იგი, ალბათ, ხმამაღალი, ეპატაჟური განცხადებების „ექსპერიმენტულ ლაბორატორიად“ დარჩება და ამგვარ რეჟიმში, თუ კი მომავალი საპარლამენტო არჩევნები დადგენილ დროს ჩატარდა, შესაძლოა, დაშლა-არმოშლისაც კი გახდეს გასაბოლებელი. როგორც მტრის ბანაკში უყვართ ხოლმე თქმა, свято место пусто не бывает და ბუნებრივია, ამ პოზიციის დაკავების მსურველებიც, ბლომად გამოჩდნენ. ანუ იქ, სადაც ადრე ტევა ისედაც არ იყო და ამ ე. წ. მესამე ძალის მწვავე საჭიროებაც არ შენიშნებოდა, ახლა სიხალვათეა და მადაზეც, ბევრი მოვიდა - აწი მარიფათია გასავალში.
არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იმით კმაყოფილდებიან, რომ გვერდს არ/ვერ უვლიან აღნიშნულ თემას და მისი აქტუალურობიდან გამომდინარე, ოღონდ კი სადმე დაფიქსირდნენ, ათასი სისულელის ტირაჟირებას ეწევიან. კობა დავითაშვილმა, მე კი ვიცი როგორი საჭიროცაა მესამე ძალის ფორმირება და საზოგადოებაც, სწორედ ამას ითხოვს, მაგრამ ისეთი ვიღაცეები გამოხტნენ ანონსებით, განზე გავდექი და გავერიდეო. რაღა ბევრი გავაგრძელო, მამრაძე რომ მამრაძეა, მანაც კი დატოვა ნაფტალინის ნაჭუჭი და ჩვეული სიმშვიდით გვამცნო - მესამე ძალა არა, იხვის ტოლმა - სად გვაქვს მაგის რესურსიო. რესურსისა რა მოგახსენოთ, მაგრამ რესურსობის სურვილი მართლაც არა ერთმა გამოთქვა და თაკო ჩარკვიანი, რომელიც, იმავე დავითაშვილს, სამიზნეში ჰყავდა, ერთ-ერთი პირველი გახლდათ. საერთოდ, მისი განცხადება იძულებითს წააგავდა. თითქოს იყო რაღაც კულუარული, ანუ ჩვენთვის დაფარული რამ, რის საპირწონედ, გასანეიტრალებლად ან, არ ვიცი... თუნდაც ნიშნის მოგებით, ან „მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგე“-ს პრინციპით, მაგრამ ითქვა აშკარად დროზე ადრე. და სრულიად უადგილოდ - იქ და მაშინ, როდესაც არავითარი ლოგიკა ამ „მოსახვევს“ არ გულისხმობდა. ასეა თუ ისე, ანონსი მართლაც გაკეთდა - არჩევნების შემდეგ, თაკო ჩარკვიანი იქნება ერგვარი ანდამატი, რომელიც რაღაც ძალებს შემოიკრებს, რაღაც ფინანსებს მოიზიდავს და საპარალამენტო ჭიდილში ჩაერთვება - დამოუკიდებლად, ვინაიდან მისი ამჟამინდელი „ფიშკა“ ხომ ეგ არის, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იბრძვის და არა „ნაციონალების“ სასარგებლოდ. ჰოდა, ლოგიკურია, ამ პაექრობაშიც ამჟამინდელი ერთობის მიღმა „ბანაკიდან“ ჩაერთოს და ეგებ იხეიროს კიდეც რამე, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქონიებს სასურველ შედეგს (ამჟამად, მხოლოდ თეორიულს), თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. 2020 წლის არჩევნებამდე, საბრძოლო ფორმაში ყოფნის რესურსი, ჩარკვიანს, ობიექტურად, არ აქვს. რეალურად, თაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ სინამდვილეში, წარმოადგენს იმ ძველი „ლეგიონების“ გონს მოსულ ცენტურიონს და მომავალში, სწორედ ამ ძალათა რაღაც ნაწილი, მზის სხივებს სწორედ მასთან დაუწყებს ძებნას. ის, რასაც თაკო ჩარკვიანი განასახიერებს, მიუხედავად დაუღალავი მცდელობებისა, მაინც მკაფიოდ მოჩანს და როგორც მოგახსენეთ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, დღეს ქართულ პოლიტიკაში ამგვარი ჯგუფების ეპოქა დასრულდა. ასე რომ, ესეც ძალიან სათუო ვარიანტია და იმდენად სათუო, რომ დარწმუნებულიც არ ვარ, ღირდა თუ არა, საერთოდ, მისი ამ სათვალავში მოქცევა. მით უმეტეს, რომ შესაძლოა, მისი ეს განცხადება სულაც სიგნალი ყოფილიყო, რათა იმ რაღაც „წრეს“ სათანადო გადაწყვეტილება ამთავიდანვე მიეღო - მეორე ტურში. შალვა ნათელაშვილს მართლა აღარც განვიხილავ. რა იხსნის მას, ეს ერთი საკითხია, ხოლო რა გადაარჩენს ლეიბორისტულ პარტიას, სულს სხვა. დიახ, შალვა ეგებ გადარჩეს, მაგრამ პარტია ვერ იხსნას. საპირისპირო შემთხვევა, გამორიცხული მგონია, ვინაიდან ეგ პარტია სწორედ შალვაა და თუ არ იქნება შალვა, არ იქნება არც იგი. სცენარი, სადაც ორივე გააღწევს სამშვიდობოს, უკვე ფანტასტიკაა - არც ნათელაშვილია ჯედაი და, მით უმეტეს, არც გუგავა. ახალი სახეები შალვას არც ჰყავს და ვეჭვობ, აწი გამოუჩნდეს. ახლა, ნათელაშვილი ჰგავს ერთ დროს კარგ ბედაურს, რომელიც დაბერდა და დოღზე აღარ გაჰყავთ. ყველაზე დიდი, რაც მას ამ სასტარტო პოზიციიდან შეუძლია, ეს რამდენიმე დეპუტატი „დამოუკიდებელთა“ თუ რამე ამგვარი სახელწოდებით შეკრულ ფრაქციაში, ვინაიდან აუცილებელ 6 კაცს, შალვა ვერ გაიყვანს და, შესაბამისად, ცალკე ფრაქციასაც ვერ შექმნის. შესაბამისად, შალვა მესამე ძალა კი არა, საერთოდ კვლავაც არის თუ არა ძალა, ჯერ ესაა გასარკვევი.
იმ გაერთიანების კონკრეტულ კონტურებზე მსჯელობა, რომელზეც თურმე ხუხაშვილი და ელისაშვილი საუბრობენ, ახლა რთულია, მაგრამ ამჟამად, ამ გადმოსახედიდან, ეს ძალა არ გამოიყურება პერპექტიულად, თუმცა მასზე ვერც უპერპექტივოს იტყვი. შესაძლოა, საბოლოოდ, ეს გაერთიანება ე. წ. თანამოაზრეთა კლუბად ჩამოყალიბდეს და თუ კი 2020 წლამდე ტივტივს მოახერხებს, იქნებ რამდენიმე კაცის რომელიმე საპარლამენტო სიაში ჩაკვეხებაც შეძლოს, მაგრამ ვიმეორემ - ეს ახლა, ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით. არაა გამორიცხული, ამ წყვილის გვერდით ვიხილოთ ხალხი, რომელიც მათ პერსპექტივას განსხავებულად დაგვანახებს. მათ გარეშე, ხუხაშვილი-ელისაშვილი, უბრალოდ ძალიან არასიმპათიური დუეტია. საბოლოოდ, თუ კი ვივარაუდებთ, რომ დღეს ესოდენ შეკრული ოპოზიცია ერთხელაც იქნება და ფრაქციებად დაიშლება, ავღმოვჩნდებით შემდეგი სურათის წინაშე: პარლამენტში იქნება 3-4, სხვა და სხვა წონის დაჯგუფება. და აქ, გათვალისწინებით იმ ზერელე დაკვირვებისა, რომელიც ზემოთ შემოგთავაზეთ, სავსებით ლოგიკურად გამოიყურება „ევროპული საქართველოს“ ამბიცია, რომელიც ამასწინად უგულავამ გაახმოვანა: „დღეს ჩვენ გვყავს ორი დიდი პარტია, ორივეს აქვს ძალიან დიდი პრობლემა. როდესაც მესამე ძალაზე ასე ყბადაღებულად საუბრობენ. ამ წუთას ეს არის “ევროპული საქართველო”. ჩვენ ვართ ღია პლატფორმა, რომელსაც ქართველმ ამომრჩეველმა უთხრა, აჰა შენ ლაგამი და ამოსდე ან ერთს, ან მეორეს, იმისათვის, რომ ან ხვალ დილას არ გავიღვიძოთ და ან მარჯვნივ ან მარცხნივ გადაჩეხილი არ დაგვხვდეს ქვეყანაო.“ ნუ, რა თქმა უნდა, აქ სიტყვაკზმულობა საგრძნობია და მინდა გითრათ, სავსებით უადგილოდ - სურათს ეს ვერ ცვლის. ლაგამი ამოსადებია და აღვირიც დასაქაჩი, მაგრამ მეეჭვება „ევროპუილი საქართველო“ ის იყოს, ვისაც ფეხი უზანგში აქვს და საჯდომი უნაგირში. ყოველკი შემთვევისათვის, ახლა, ამ მომენტში. ეს უფრო ჰგავს პლიტიკური პლატფორმის განსაზღვრას - ცენტრისტულს დავიჭერთო, თუმცა რაღაც საეჭვოა, ასე მოხდეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ევროპელებს“ არც ისე აწყობთ რიგგარეშე არჩევნები. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი 10% სასურველზე ცოტაა. ცხადია, მათ აქტიური საპარლამენტო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ორწლიანი მოქმედების შედეგად აწეული რეიტინგით ურჩევნიათ ამომრჩევლის წინაშე წარდგომა, ვიდრე ახლა. თანაც, ორი წლის შემდეგ, პოლიტიკური დაფის ფორმირება საბოლოოდ დასრულებული იქნება და შემთხვევითი კონკურენტები და მოულოდნელი ფეხწამოსაკრავები, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. თუმცა, წაგებული ევროპელები არ რჩებიან არც ერთ ვარიანტში. ერთი ეგაა, რომ დიდი ჯაფა დაადგებათ, რომ დამოუკიდებლად შეძლონ საპარლამენტო უმცირესობის ფორმირება. ეს მაღალი საარჩევნო მაჩვენებლის გარდა, დამოკიდებულია იმ გადაჯგუფებებზეც, რომლებიც სავარააუდოდ გამარჯვებულ კოალიციაში (“ძალა ერთობაშია“) შემავალ სუბიექტებს შორის უკვე პარლამენტში განხორციელდება. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუ კი ახალ პოლიტიკურ პოლუსს ახალი ადამიანები ჩამოაყალიბებდნენ, მაგრამ რაიმე მსგავსი, ამჟამად არ შეინიშნება. არადა, თითქოს უკვე ყველანი ვგრძნობთ, რომ ასეთი ადამიანები არიან ჩვენს ირგვლივ, ჩვენს შორის. მაგრამ ის „კლიმატი“, რომელიც ბოლო წლების მანძილზე იდგა, რაიმე გაერთიანებისკენ ლტოლვას გამორიცხავდა - არავის ეცალა, როგორც მინიმუმ. რაღა დავამატო.. ერთი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ კიდევ წინ გვაქვს ახალ-ახალი „კონგლომერატები“. ახლა, მთავარია, ეს მეორე ტური ჩავამთავროთ და ჯერ გავიზმოროთ ახალ რეალობაში.
Comments