თინაანთ დათო
- კოტე ნიშნიანიძე
- Oct 31, 2018
- 2 min read
ახლა, როდესაც უკვე ყველამ იცის, თუ რა ნიშნით და რა პრინციპით არჩევდა ივანიშვილი საკვანძო ფიგურებს, არ მიკვირს უსუფაშვილის დამსხვრეულ ქოთანთან დგომა. მაშინ, როდესაც უსუფაშვილი მთელს იმ სურათში, რასაც „ოცნების“ პარლამენტი ერქვა, თეთრი ყვავივით გამოიყურებოდა, ძალიან მიკვირდა, როგორ ნახულობდა ასეთი კაცი ოლიგარქთან საერთო ენას. ან კი, უფრო პირიქით - როგორ ახერხებდა ამას პატივმოყვარე, საკუთარ გენიალურობაში ღრმად დარწმუნებული ოლიგარქი? მას ხომ, ლამის ბილოგიური ზიზღი აქვს მცოდნე კაცისა..

მაგრამ არც ესაა რთულად ახსნადი. იმ მომენტში, იმ იმიჯში, რომელიც ივანიშვილს საწყის ეტაპზე ჭირდებოდა, კარგად ჯდებოდა კვალიფიცირებული, დინჯი უსუფაშვილის „მოდელი“.
აბა, მაშ ვინ, მაშინდელი შემადგენლობიდან, თუ არა იგი?
მაგრამ მერე მოხდა ის, რაც ყოველთვის და ყველგან, სადაც რესპუბლიკელები გაერევიან - გაჩნდა ბზარი.
საბოლოოდ, ყოვლად უსახური კობახიძისათვის ადგილი თბილი იყო, ხოლო სავარძელს არასოდეს ადარდებდა ვის საჯდომს შეუშვერდა კალთას.
მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა..
ან, შესაძლოა, თანმიმდევრობა ამგვარი არ იყო, ახლა, მომიტევეთ და, არ მახსოვს, მაგრამ ამ წამს, ეს არაა მნიშვნელოვანი. მთავარია აღინიშნოს, რომ ერთხელაც, „ბიაზი გასკდა“ უკვე თავად რესპუბლიკელებში და ქვეყნიერებას უსუფაშვილის „შენების პარტია“ მოევლინა.
არ ვიცი, რის აშენებას აპირებდა ეს პარტია სამკაცნახევრიანი აქტივით, მაგრამ ის კი ნათელია, რომ პოლიტიკური სარკოფაგი გამოვიდა. შესაძლოა ჩემი მწირი ფანტაზიის ბრალია, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგინე ის, თუ რა დააბრუნებს უსუფაშვილისა და ხიდაშელის სოციალურ-პოლიტიკურ ტანდემს ქართულ პოლიტიკაში. ცხადია, დაბრუნებაში აქტორობას ვგულისხმობ, თორემ პარტიის ოფისში იარონ, ვინ უშლით... კუკავაც ხომ დადის ეგრე და რავი, აშავებს?
თვლაც კი ამერია, თუ მერამდენე პოლიტიკოსია, რომელიც საკუთარი ხალხისა და ერის არცოდნამ დაღუპა. საქართველოში, სახელისუფლო დინასტიები ათასწლეულები ზარდეს, მაგრამ ახლა, ქართველობა ამ საუკუნის შესაბამისი სახელმწიფოს მშენებლობაშია და ეგეთები, დიდ ხანს არ გაჭრის. მეუღლეთაგან, ერთი პარლამენტის თავჯდომარე, მეორე თავდაცვის მინისტრი. შესაძლოა ეს სულაც არაა კარგი თვისება, მაგრამ ჩვენ ეს გვახასიათებს. საქართველოში ერისა და ხალხი წიაღში, მაგას გაპარპაშება შეერქვა და არ პატიობენ. ცხადია, სახელისუფლებო ბერკეტებიდან ამ ორეულის ჩამოშორება მხოლოდ ერთი ინდივიდის ახირება უფრო გახლდათ, ვიდრე საზოგადოების ნების აღსრულება, მაგრამ ფაქტია, ტანდემმა „ალყის გარღვევა“ საკუთარი ძალებისა და გამჭრიახობის იმედად გადაწყვიტა. ძალები არასაკმარისი აღმოჩნდა. გამჭრიახობა, მოსალოდნელზე ბლაგვი. მოსალოდნელზე, რადგან იყო შანსი, რომ მას მერე, რაც აქეთ ეცა, იქით ეცა, ამას შესთავაზა, იმასაც, ვერავინ დაიყოლია და თავი სამასხარაოდ გაიხადა.. იყო შანსი, რომ სახე მაინც შეენარჩუნებინა, მაგრამ მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში, ხმა უსუფაშვილისა ისმოდა, აზრები კი მხოლოდ ხიდაშელის თავში შეიძლებოდა დაბადებულიყო.
Comments