top of page

ომ-თამაში

ნუ, კაცი არ მიდის. არაფერი არ ჭრის - არც პროტესტი, არც ეპითეტები, არც დაცინვა...

„მე თუ გავხდი სისხლიანი ჯალათი ხალხის თვალში ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, რომ ძალადობრივი შეტევა ინსტიტუტებზე არის შეუძლებელი, ქვეყნის განვითარებასთან შეუსაბამო, მე ამ ტვირთს როგორმე ვატარებ.“

როდესაც მზად ხარ აიტანო ხალხის სიძულვილი, ატარო ჯალათის ტვირთი.. მერე, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა რა საბაბს დაუფენ ამ ყველაფერს - მაინც ყველა ხვდება, რომ მისიაზე ხარ და ამასთან შეგუება, ჯერ კიდევ მისიის დაწყებამდე გქონდა შეთვისებული. ამის მერე, საბაბი, რომელსაც შემოგვთავაზებ, როგორი დიადიც უნდა იყოს იგი, გაიჟღერებს, მინიმუმ, არადამაჯერებლად.

და ეს არაა ყველაფერი, ცხადია. ყველამ ვნახეთ მისი და თამარ ბაღაშვილი „გაბაასება“. შევნიშნეთ ისიც, რაც მინისტრის ხმის ტემბრშიც მკაფიოდ იკითხებოდა - აღელვება. ანუ, თვალსა და ხელშუა შემოგემსხვრა მითი მისი საოცარი თავშეკავებულობისა და ემოციების მართვის მისეული უნარების შესახებ. და აპელირება სახიფათო ტყვიების შეძენის თარიღზე, იმდენად ანეკდოტურია, რომ ციტატის მოხმობადაც არ ღირს. დაუჯერებელია, რომ გახარია ვერ აცნობიერებდეს: პრობლემა გამოყენების წესების დარღვევაა და ამგვარი ქმედებების განმახორციელებელთან ერთად, და კიდევ მეტადაც, ბრძანებით ინსპირატორია პასუხისმგებელი. და ვისი „ავტოგრაფი“ ამშვენებს ასეთ დოკუმენტს? სხვამხრივ, თავადაც ხედავთ - გახარია აქაც „ნოვატორია“ - დიადი ამოცანა, რომელიც მან თავადვე წამოიჭიმა, საკუთარი დანაშაულებრივი გადაწყვეტილების გამოძიება გახლავთ. ეს ძალიან მაგონებს ვითარებას, როდესაც ცნობის ასაღებად მისულს, გთხოვენ ცნობას, რომ ცნობა გჭირდებათ. ანუ ჩიხია. ჩიხს კი გასასვლელიც იქ აქვს, სადაც შემოსავლელი გახლდათ. ჰოდა, საიდანაც მობრძანდა, იქიდანვე უნდა გაბრძანდეს.

მაგრამ, კაცი არ მიდის!

დღეს, აღარ უნდა ისმოდეს კითხვა, თუ რა არის მისი მისია - ეს დღესავით ნათელია - ივანიშვილის შენარჩუნება. მაგრამ ეს სადღაც დაწერილი გეგმაა და ახლა ეს დუეტი უცხო, და, სავარაუდოდ მტრული, სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელნი არიან, თუ დიდი პოლიტიკა აქ უკვე აღარაფერ შუაშია და ივანიშვილი, უბრალოდ, საკუთარი თავისა და ავლა-დიდების დაცვას ცდილობს, ხოლო მის ირგვლივ შემოკრებილთა რიცხვი, ერთ წრემდე დავიდა.. და ამ რკალში, გახარია საკვანძო ფიგურაა - არა თუ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, არამედ, რეალურად, ხელთ არსებული ბერკეტებით... ანუ, ივანიშვილს უკვე პარლამენტის იმედიც არ აქვს და შს მინისტრის, ვიცე-პრემიერისა და უშიშროების საბჭოს მდივნის გაშვებით, რკალში სერიოზულ ღრიჭოს ჰქმნის, და მისი სხვა პერსონით ჩანაცვლების შემთხვევაში, ბუნებაში რომც არსებობდეს ასეთი, საპარლამენტო უმრავლესობა არაფრის გარანტიას აღარ იძლევა...

ის, რომ პარლამენტი უკვე ნახმარი იყო, ადრეც ვიცოდით. უბრალოდ, ეს პროცესი მისი „ხმარებისა“, კვლავაც მიმდინარეობდა და სწორედ ესაა ცვლილება - ბოლომდე იხმარა.

იმდენად ბოლომდეც კი, რომ კობახიძე „დაასვენა“. თუმცა, ცხადია, „ხმარებაცაა“ და „ხმარებაც“ - გავრილოვი მთელი თავისი ეპოპეით, ძალადობისა და გაუპატიურების აქტი გახლდათ. ერთი სიტყვით, გახარია ივანიშვილის ბოლო ფორპოსტია - სწორედ მან და მისი გამოისობით სხვა დანარჩენებმაც ზემოხსენებულ რკალში, უნდა უზრუნველჰყონ მომდევნო და, როგორც ჩანს და შეგუებული, არჩევნების სასურველი სცენარით წარმართვა. ამ სცენარის ერთ ვარიანტში, არჩევნები უნდა ჩატარდეს დათქმულ დროს და ნულოვანი ბარიერით. მეორე ვარიანტის მიხედვით კი, და ეს, ცხადია, ივანიშვილისთვის იდეალურია, ყველაფერი უნდა გაიხლართოს ახალი საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავებაში. და სულაც არაა გამორიცხული, მერე ითქვას: აი, ვეცადეთ, მაგრამ ვადებს კანონი განსაზღვრავს და სამწუხაროდ ვერ ჩავეტიეთო. და ყველაფერი ამჟამინდელი წესებით გაფორმდება. ბუნებრივია ეს არა თუ გამორიცხავს, არამედ ფრიად სავარაუდოს ხდის პროტესტის ახალ და არანაკლებად მძლავრ ტალღას, მაგრამ ახლა, ივანიშვილის ამოცანა ამჟამინდელი მოვლენების ისე ჩამთავრებაა, რომ ზარალი იყოს მინიმალური. ეს კი, როგორც მოგახსენეთ, ფესვშივე გულისხმობს გახარიას დატოვებას. და თუ გავითვალისწინებთ, რომ პოზიციის დათმობას არც ქართველი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლები, მისი პროგრესული ახალგაზრდები აპირებენ, ერთგვარად საჭადრაკო პატის სიტუაციას დგება. მაგრამ ეს ჭადრაკი არ გახლავთ - რეალური ცხოვრება და პროცესია. ვიყოთ მეტად დაკვირვებულები - ივანიშვილმა, ქართველ ხალხს ნერვების ომ-თამაში შესთავაზა. ვის უმტყუნებს? ამიტომ ვამბობ, რომ უკვე დროა საპარლამენტო ოპოზიციამ თქვას ის, რაც ხელეწიფება და დატოვოს პარლამენტი. თუ ეს პარლამენტის დაშლას არ გამოიწვევს, ზნეობრივ უპირატესობას მაინც მისცემს ძალებს, რომლებმაც ღირსება უფრო მაღლა დააყენეს, ვიდრე მანდატი, რომელიც ცხადია ერის ნების გამოხატულებაა და დაკნინებას არ ექვემდებარება, მაგრამ დღეს, სრულებით ვერ პასუხობს ქართველთა პოლიტიკურ განწყობებს. დაშალეთ პარლამენტი!

تعليقات


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page