top of page

ჩეჩმა

არავინ თქვას, რომ ჩეჩმით არ უსარგებლია.

ცხადია, უსარგებლია ბიძინა ივანიშვილსაც.

და მას მერე, რაც დიდი შეძლების კაცი გახდა, ადგა და ერთი დიდი ჩეჩმა იშოვა. ხვალ, თუ როდესაც იქნება, ეს პარტახი და უდაბურება, რასაც დღევანდელი საკანონდმებლო ორგანო განასახიერებს, კვლავ კარს გაუღებს მისსავე წევრს, ნიკა მელიას, რომელიც რამდენიმე ათეულმა კოლეგამ, უბრალოდ გაიმეტა. და ეს, სხვა არაფერი გახლდათ, თუ არა საკუთარი გულით ნატარები ზიზღის გამოვლინება - კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ განიხილავენ ეს ადამიანები მანდატს, რომელიც ერგოთ - როგორც პატივსა და ვალდებულებას, თუ როგორც ინსტრუმენტს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე და, ცხადია, პირადი ანგარიშწორების ფუნქციით.

და მაშინ, როდესაც ეს „მამა-მარჩენალის“ ნებაც აღმოჩნდა, არაფერ ადამიანურს, შემაკავებლის როლი არ უთამაშია.

ისე, სიბრალურს მათგან არავინ ითხოვდა. სათნოებაც, მხოლოდ ნიღბად აქვთ და არც უამისობა გახდა გულდასაწყვეტი. უარგუმენტობაც კი, არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა პატრონის ნებას ჩაღობებოდა. მათ მელია წაქცეული ეგონათ. და ხომ გინახავთ, მანამდე ხელის გაუნძრევლად მდგომნი, ამ დროს რომ შედგებიან ხოლმე წიხლებით, გამეტებით, ზიზღის ღვრით.. - ისე მოიქცნენ. ამას ქვია, საკუთარ თავს პანჩური ამოარტყეს! მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, და აქ ყველაზე საინტერესო სწორედ ეს გახლავთ, მთელი ამ მასკარადით, თურმე, ბიძინა ივანიშვილი სულ სხვა რამის დემონსტრაციას ცდილობდა. მოკლედ, რომ ვთქვათ - 90 პარლამენტარსა და ე. წ. „სასამართლო კლანს“ შორის, არჩევანი კლანის სასარგებლოდ გაკეთდა და ახლა ის სამართლიანი ბჭისა და კეთილშობილი მსაჯულის მანტიაში უნდა გაეხვეს. „სასამართლომ იმსჯელა... და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასამართლოს დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული და ვფიქრობთ, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მოსამართლემ - დამოუკიდებელმა რგოლმა ხელისუფლების და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა შემთხვევაში, ამას პატივს ვცემთ.“ - განაცხადა „მიწიერმა ანგელოზმა“ სოფო კილაძემ. ანუ, აბა თქვენ რა, გეგონათ ჩვენთან სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი? ესეც თქვენ! - ესაა გარნირი. მოკლედ, ჩემო კარგო ხალხო, უკვე ლამის სამი თვეა გავიძახი: ეს პარლამენტი ვერაფერს პასუხობს. საერთოდ ვერაფერს. ერთი რულონი ქაღალდიც არ იყო და ისიც, გუშინწინ სულ გახარჯეს.

ის ვერ პასუხობს კვალიფიკაციის უმდაბლეს მოთხოვნებს.

ის არ გამოხატავს დღევანდელ პოლიტიკურ განწყობებს.

ის არის კანტორა - რაღაც უწინდელი სახლმართველობის მსგავსი - პატარა ოთახებში შეტენილი მაგიდებით, რაღაც გაურკვეველი საქაღალდეებით სავსე კარადით და, ბუნებრივია, საბჭოთა ფუნქციონერი დეიდებით და ბიძიებით, რომელთა „მინუტკა“, იქვე, ფანჯრის რაფაზე მიფიცხებია მზეს. ერთი სიტყვით, საქართველოს პარლამენტი არის ჩეჩმა, რომელიც, თუ ძალიან გაჭირდა და სხვა გზა არა დაგრჩენია, ეგებ მოიხმარო კიდეც. და ახლა, სწორედ ეს ვითარებაა - ერთადერთი, რაც ამ პარლამენტს დარჩენია, სრულფასოვანი საარჩევნო კანონმდებლობის დანერგვა და მერე, გზას ბარაქა დააყარონ!

არჩევნები წელსვე უნდა ჩატარდეს - ამისთვის დროც არის და საკანონმდებლო შესასძლებლობაც. მაგრამ ეს ერთგვარი „ფანჯარა“, სულ ღია არ იქნება. არჩევნების მომდევნო წლისთვის გადატანა არაა სასურველი და თუ კი ეს მაინც გარდაუვალი აღმოჩნდა, ის უნდა შედეგს წლის პირველ კვარტალში. ნებისმიერ ვითარებაში, დაბალი ტემპი აწყობს ივანიშვილს.

ის, თავს ცუდად მხოლოდ მაღალ სიჩქარეებზე გრძნობს.


コメント


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page