top of page

„მილიცია“, თუ მაინც პარტია?

რუსთაველის გამზირზე ზაფხულის დასაწყისიდან მიმდინარე აქცია დასრულდა და ეს სავსებით ლოგიკური გახლდათ. გარდა ამისა, ეს იყო პრაგმატული გადაწყვეტილება, რადგან აღარავინ უარყოფს, რომ აქციამ ერთი ადგილის ტკეპნა დაიწყო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა, თავისი ბოლო გადაწყვეტილებით, სამიდან ბოლო მოთხოვნა, როგორც ერთგვარი „ძრავი“, პროტესტს გამოაცალა.

ის, რაც ივანიშვილმა გააკეთა, დემარშია - გადაყენების ნაცვლად, გიორგი გახარია დააწინაურეს და ეს მკაფიო სიგნალი იყო - აქციაზე რაღაც უნდა შეცვლილიყო. ერთხანს, თითქოს რეგიონებში გასვლაზე იყო საუბარი და ჩვენ ზუგდიდის ამბებიც მოგვივიდა, მაგრამ ამის იქით, საქმე არც წასულა. თანაც, სანიშნე 20 სექტემბერიც ახლოვდებოდა, რაც საორგანიოზაციო ძალების სხვა მიმართულებით ხარჯვას საჭიროებდა.

ასეა თუ ისე, გუშინ აქცია შედგა, ის იყო მრავალრიცხოვანი და, რაც კიდევ მეტად საგულისხმოა, საეტაპო. ამიერიდან, ახალგაზრდული შემართება, რისი მკაფიო ნიმუშიც ბოლო თვეებია დედაქალაქის ცენტრში გვაქვს, არანაკლებად მნიშვნელოვან საკითხს დაეთმობა: როგორც ითქვა, ამ სამთვიანი უწყვეტი აქციის ორგანიზატორების თაოსნობით, შეიქმნება საგანგებო, ჯგუფები, რომლებიც, არჩევნებამდე ამომრჩევლის მაქსიმალურ ჩართულობის უზრუნველსაჰყოფად იმუშავებენ, ხოლო უშუალოდ არჩევნებზე, წესრიგის დაცვას საარჩევნო უბნების მიმდებარედ და, რაც კიდევ მეტად მნიშვნელოვანია, უბნებში. სწორედ ასეა. მოგეხსენებათ, საარჩევნო მანიპულაციების აღსაკვეთად, ერთ-ერთი ეფექტური გზა ამომრჩევლის მაღალი დასწრებაა, მაგრამ დასწრება ერთია და, მიცემული ხმების დაცვა, კიდევ მეორე - არანაკლებ მნიშვნელოვანია არჩევნების ის ეტაპისთვის, როდესაც უბნები დაიხურება და მუშაობა დახურულ სივრცეში გაგრძელდება.

სიმართლე გითხრათ, ახლა არც ისე კარგად მაქვს წარმოდგენილი, თუ რა იურიდიული ან სტრუქტურული ფორმა მიეცემა ამ ყოველივეს და რამდენად ჩაეტევა ჯგუფების მოქმედება კანონის მოთხოვნაში.. რა მექანიზმით იხელმძღვანელებენ, რა ინსტრუმენტებს აამოქმედებენ, რათა აღიკვეთოს უკანონობა, უმსგავსობა?

ხომ ამთავითვე ცხადია, რომ რაღაც არალეგალური ქმედებები მხოლოდ ზიანს მოიტანს. იმედია, სახალხო მილიციას არ მივიღებთ. ახლა ამაზე საუბარი ჭირს. შესაძლოა, ეს განცხადება მხოლოდ იმიტომ გაკეთდა, რომ ჯგუფი ჯერ მზად არ გახლდათ, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნება დაეანონსებინა, მაგრამ საქმე მგონი სწორედ აქეთკენ მიდის. მაქარაშვილმა არ გამორიცხა, რომ აქციის ორგანიზატორთაგან, რომელიმე სხვა და სხვა პოლიტიკურ ჯგუფში ვიხილოთ, თუმცა თავად მან, როგორც „სირცხვილია“-ს ერთ-ერთმა მოთავემ, ამ ყველაფრის პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნა გამორცხა. საბოლოო ჯამში, ეს მომავლის თემაა, ხოლო თუ დღევანდელობას დავუბრუნდებით.. არსებული ვითარების გათვაალიწინებით, აქცია უნდა დასრულებულიყო. აკი მოგახსენეთ - ამას ითხოვდა ლოგიკაც და პრაგმატიზმიც. ჩავთვალოთ ეს იყო ძალიან სასარგებლო მოთელვა, თუ კი ეს სიტყვა არ აკნინებს იმ მნიშვნელობას, რომელიც ამ თავყრილობას ჰქონდა და იმ მიღწევებს, რომელიც სახეზეა. მაგრამ სულაც არაა გამორიცხული, რომ იმ მოვლენებთან მიმართებით, რაც ჯერ წინ გვაქვს, ეს სწორედაც მოთელვა და „გენერალური რეპეტიცია“ აღმჩნდეს და ამ თვალსაზრისით, ამ აქციებს ეს სარგებელიც აქვს.


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page