ცუდად დასაბუთებული უმსგავსობა
- კოტე ნიშნიანიძე
- Sep 19, 2019
- 2 min read
Updated: Sep 21, 2019
სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა - ჩეჩნური წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, რამზან ახიადოვი რუსეთს გადაეცა. საგულისხმო ვითარებაა და სადღაც, ჩიხურიც. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება სწორედ ამ ჩიხურობაზე აპელირებს, მაგრამ რამდენად მართებულად? ერთისმხრივ, საუბარია მტრული სახელმწიფოს მიერ ძებნილ პიროვნებაზე, რომელიც, ამავე დროს, მისივე მოქალაქეა და აქვე, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაზე, რომელიც მის გადაწყვეტილებებს ჩარჩოში აქცევს და ზღუდავს - ესაა ძირითადი არგუმენტი. მეორესმხრივ, ჩვენ კარგად მოგვეხსენება თუ რა ფასი აქვს რუსეთის მიერ წაყენებულ ბრალდებას, რომელიც, როგორც წესი, არასოდესაა ახლოს სინამდვილესთან. და მშვენივრად ვიცით, რა სიმყარე აქვს რუსულ დაპირებასაც, რომელიც, როგორც წესი, არასოდეს სრულდება.
არადა, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ახლა უკვე ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი აცხადებს, რუსები დაგვპირებიან, ცივ ნიავს არ მივაკარებთო.

კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, მან ბრძანა:
ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ წერილობითი გარანტიები, რომ მიუხედავად ძალიან მძიმე მუხლებისა, თუ ექსტრადიციაზე დავთანხმდებოდით, ეს პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში საპატიმროში და მას არ დაემუქრება ის პრობლემა, რაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს ჩვენი ან ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლით. ეს არის წამების აკრძალვის მუხლი, რომელიც უნდა იყოს დაცული, სიცოცხლის უფლების დაცვა და ა.შ. არავითარი ეჭვი, როგორც ამას ამბობს დღევანდელი სტრასბურგის სტანდარტი, არ არსებობს, რომ ასეთ გარანტიებში, რომელიც გენერალური პროკურატურიდან მომდინარეობს, ეჭვი იქნას შეტანილი.
გამოდის, რომ, გარეგნულად, სადაო არაფერია: პირი იძებნება ტერირიზმის მუხლით და ვინაიდან ძებნას საერთაშორისო ორგანიზაცია, „ინტერპოლი“ აწარმოებდა და დაკავებაც, ქართული პოლიციის მხრიდან, სწორედ მისი ცირკულარით განხორციელა, ბრალდებაში საქართველოს ეჭვი აღარ შეუტანია. და გამომდინარე იქიდან, რომ უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გარანტიას, თვით რუსეთის გენერალური პროკურატურა იძლევა, რაღაა საორჭოფო? საქმე სწორედ ეგაა, რომ საუბარი რუსეთზეა. და მის ჩეჩნური წარმომავლობის მოქალაქეზე. და რომ უსაფრთხოების გარანტიას, სწორედ რუსეთის გენერალური პროკურატურა იძლევა და მთავარი, რაც უკვე ელენე ხოშტარიამ აღნიშნა და რაც, რეალურად, ხელისუფლების არგუმენტს საყრდენს აცლის.
ამდენად, ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაშიც, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის დაკვეთების შემსრულებელია. უბრალოდ ამ ყველაფერს უფრო ფართო დიაპაზონში შეხედეთ. ამ ხელისუფლებამ, ციხიდან ყველა გაათავისუფლა, ვინც რუსეთს სურდა. ამ ხელისუფლებამ ციხეში ჩასვა, შეავიწროვა ან გააქცია ყველა, ვინც რუსეთს სურდა. ამ ხელისუფლებამ ყველა კრემლის მართმსაჯულებას გადასცა, ვინც რუსეთს სურდა. რაღა დავამატო..
Kommentit