ბოკერიას ფორმულა
- კოტე ნიშნიანიძე
- Sep 24, 2019
- 5 min read
რა აზრი აქვს წინადადების დაყენებას, თუ კი არა მხოლო ის იცი, რომ არ გაითვალისწინებენ, არამედ ისიც, რომ ოპონენტის შემოთავაზებულ ვერსიაზეც ყაბულს ხარ?
გამოდის, აქ მხოლოდ ფორმალობასთან გაქვს საქმე - აი, ჩვენ დავაყენეთ 3%-იანი ბარიერისა და ბლოკების საკითხი, მაგრამ.. ანუ, საქმე გვაქვს ისტორიის ჩამოყალიბებასთან და არაა აუცილებელი, აქ მაინც და მაინც ქვეყანა და სახელმწიფო ვიგულისხმოთ - ფორმულირება კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანების ისტორიასაც იტევს. პრინციპში, ბოკერიამ კვესიტაძესთან ნაწილობრივ ახსნა ამ ტაქტიკის ადგილი საერთო სტრატეგიაში და ამის ლოგიკა, დიდად საძებარი არ გახდება - ზედაპირზე დევს. გარდა ამისა, ადრეც მოგახსენეთ და ახლაც, ამ აზრზე ვრჩები: „ხანგრძლივი“ პროცესი ახლა „ევროპული საქართველოს“ ინტერესია, რადგან, უნდა ვინმეს ამის აღიარება თუ არა, ფაქტია - ახლა ამომრჩევლის გადაჯგუფების ხანაა. ამომრჩევლისა, რომელიც წყვეტს არა იმას, ვის აზრთა ჭიდილში გაირკვეს „ანი“ და „ჰოე“, არამედ საბოლოოდ ადგენს, თუ ვინ არ, და ვერ, უნდა მონაწილეობდეს ამ ყველაფერში. და როგორ NDI-ს ბოლო კვლევამ აჩვენა, ამგვარი ამომრჩევლის წილი 70%-ს შეადგენს - სწორედ ამდენს არ აქვს ჯერ პოზიცია ჩამოყალიბებული.
როგორ დასრულდა ეს გადაჯგუფების პროცესი, მხოლოდ არჩევნების შედეგებით გახდება ცნობილი, ხოლო პოლიტიკურ აქტორთა შორის, დისპოზიციაში განლაგების ვადა, უთუოდ მომდევნო წლის პირველ ნახევარში ამოიწურება. მერე, უკვე ცხელი ზაფხული და შემოდგომის „სიმხურვალე“ ჩამოდგება.

ხაზარაძის მიერ მისი მეგობრის ტელევიზიაში, და შემდეგ სხვაგანაც, გაკეთებულმა გაცხადებამ, რომ ივანიშვილის გარდა, სააკაშვილთან თანამშრომლობაც გამორიცხულია, პროცესის ფორსაცია გამოიწვია. ზოგადად, ეს ძალიან ჯანსაღია ამბავია, ვინაიდან შემთხვევითი ხალხის პოლიტიკიდან გადინებას უწყობს ხელს. და აქ დავით მაღრაძის მცდელობა „ოცნებით იმედგაცრუებულთა და „ნაციონალებისადმი“ ანტაგონისტურად განწყობილი ძალების ბანაკში ჩადგას კარავი, ამაო აღმოჩნდება - ეგ დრო თუ არ წასულა, დავღუპულვართ. მართლაც, დროა გამოვიდეთ იმ „ასაკიდან“, როდესაც დიდი სანაცნობო წრე, კაი კაცობა და ეს კატეგორიები გახლდნენ განმსაზღვრელი მაშინაც კი, თუ ფინანსების თემა ასე თუ ისე, მოგვარებული გქონდა. ამის ბოლო მაგალითი კახაძეა, რომელმაც, იმედია, მხოლოდ ჩამოთვლილი „კრიტერიუმების“ და ფულის ხარჯზე არჩევნების მოგებას, გედის სიმღერა უმღერა.
პოლიტიკა პროფესიაა და ბოლო წლებია, ჩვენ არა მხოლო პოლიტიკაში ვიგინდარების „ვოიაჟებს“ ვაკვირდებოდით, არამედ პროფესიონალიზმის ზრდასაც. და ახლა, სულაც არაა გამორიცხული, რომ ამ პროცესის ერთ-ერთ დასკვნით ნაწილს ვადევნებთ თვალ-ყურს. ამ გადაჯგუფების დასასრულს, ვინ რა მხარდაჭერით, ან რა ორგანიზაციულ-სტრუქტურული ფორმით მივა არჩევნების დღემდე, ახლა რთული სათქმელია. იგივე „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დღეს, ოპოზიციურ ფრთაზე უპირობო ლიდერია.. შეძლებს „თამასის“ აწევას თუ არა, შენარჩუნებას მაინც? და, თუ კი მაინც და მაინც „შენარჩუნებაზე“ მიდგა საქმე - იმ ერთობის შენარჩუნებას კი შეძლებს, რომელიც ახლა აქვს? ნურავინ იფიქრებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა მის ირგვლივ შემოკრებილ ორგანიზაციათა ლოკომოტივია. დღეს, შესაძლოა ასე გამოიყურება, მაგრამ ერთი წელი ძალიან დიდი დროა და სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ამ გაერთიანებაში სხვებმა თავი იგრძნონ თუ ლოკომოტივად არა, ვთქვათ, პატარა ორთქმავლად, მაგრამ, საბოლოოდ, ეს ურთიერთსასარგებლო ამბავია იმ დრომდე, ვიდრე ამ სახეს თუ ფორმას ინარჩუნებს. თუმცა, პოლიტიკის გამოცდილებით, და მეტადრე მისი კეთების ქართული „ტრადიციით“, აკი ითქვა - ერთი წელი დიდი დროა. არის „ფორმულები“, რომელსაც არავითარი წინასწარი დათქმები და შემუშავება არ ესაჭიროება. ერთ-ერთი ასეთთაგანია, რომ დიახაც, ძალა სწორედ ერთობაშია - ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება, სხვაგვარად, პრაქტიკულად, შეუძლებელია. გარეგნულად, შესაძლოა, ეს მის ტრიუმფად არ გამოიყურებოდეს, მაგრამ დამარცხებული ის არ იქნება - დამარცხდება პროდასავლურობა და, შესაბამისად, ჩვენი თაობის მონაპოვარი - ახალი ქართული სახელმწიფო, მეორე ქართული რესპუბლიკა. დიახ, ეს პროდასავლურობა ის ძალიან მკაფიო სილუეტია, რომელიც ახლა ერთობას აქვს. ცხადია დეკლარირებულად, „ოცნებაც“ პროდასავლურია, მაგრამ აქ, იმავე ბოკერიასა და „ევროპულ საქართველოზე“ თუ ვიტყვით, ხაზი მკაფიოდ გაივლო.
იმდენი სიკეთე თქვენ, რამდენი დეკლარაციები და მათზე ხელმოწერებიც ჩვენ გვინახავს, მაგრამ, რეალურად, ეს, დღეს ხაზია და როგორც უნდა ეცადო გაექცე, ბოლო-ბოლო მოგიწევს განსაღვრა, ხაზის რომელ მხარზე დგახარ.
„რესპუბლიკელი“ სამნიძე ამბობს:
ჩვენ ვიცით როგორი ხელისუფლება გვყავს, რა ბოროტება ზის იქ, რომელიც მართავს ამ ქვეყანას.. გავიგეთ. ახლა, მე ვფიქრობ რომ სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ახლა უნდა მივხვდეთ, ჩვენ რისთვის ვართ, ჩვენ როგორ ვიდგებით ერთად
მართლაც უმნიშვნელოვანესია. ერთი ეგაა, რომ „რისთვის“ ბრძანდებიან, მათაც და ჩვენც კარგად მოგვეხსენება. აი, „როგორ“, ეს უდავოდ ძალიან საინტერესოა.
ისე, ხედავთ, რომ ლამის უკვე დამკვიდრებული „ტრადიციით“, ხმას ვაძლევთ არა მხარდასაჭერად, არამედ წინააღდმდეგ. მართებული ფორმულირებაა? და ასე თუ ვიტყვით? - პრორუსულს საწინააღმდეგოდ, მხარს ვუჭერთ დასავლურ კურსს? აგაშენა ღმერთმა, მაგრამ თუ კი საკითხი მართლაც, და მხოლოდ, ამ ფუნდამეტურ თემას უკავშირდება და არა კიდევ რაიმეს, ეს ხაზის აქეთ-იქით დადგომა, რატომ აგვიანებს?
იმგვარ ტრადიციულ ქართულ ნიმუშთან ხომ არ გაქვს საქმე, სადაც მაშინ გინდა აყვავებული საქართველო, შენ თუ ააყვავებ, თორემ სხვისი აყვავებულის, დედაც! ისევ აქ ვართ?
„მთავარზე“ კვირის ეთერით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტია - რომან გოცირიძემ და გიგა ბოკერიამ ერთი მეგობრული და საქმიანი ეთერის გაყოფა ვერ შეძლეს და ხელისუფლებას როგორ გაიყოფენ, არ ვიცი.
იმავე NDI-ს გამოკითხვის შედეგების კომენტირებისას, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს:
ერთი წელი გავიდა თითქმის საპრეზიდენტო არჩევნებიდან და თუ შევადარებ როგორ იკლო მათმა რეიტინგმა, ის დროა განგაშის ზარს ჰკრავდნენ. უნდა გავითვალისწინოთ რომ ამ პერიოდში 20 ივნისიც იყო და ოპოზიციას არაფერი შემატა ამ ამბებმა, მე მგონი – პირიქით. ოპოზიციის საერთო რეიტინგი ჯამში 40%-მდე ვერ ადის. ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც 5%-ს აბიჯებს, ეს “ნაცოძრაობაა”. გამოკითხვა იძლევა ნათელ სურათს და მოლოდინს, რომ მომავალი პარლამენტი იქნება მაქსიმალურად ფრაგმენტირებული, ვსაუბრობ ოპოზიციაზე. “ქართულ ოცნებას” დათითოკაცებული პარლამენტისგან შეკვრა და კოალიციის შექმნა ადვილად შეეძლება. ამას ექნება დემოკრატიული შლეიფი.
ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ხაზები გაივლოს არა პიროვნებების ტერფებთან, არამედ ღირებულებით კატეგორიებში. რა მაქვს მხედველობაში?
საერთოდ, უკვე ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოკერია და კამპანია რეალურ შესაძლებლობებს მას მერე გამოავლენენ, რაც „ფორმულა კრეატივი“ გავა ეთერში. მანამდე „მთავარი არხი“ უალტერნატივო პლატფორმაა, რომელიც ალტერნატივებს ჰქმნის. მაგალითად, ალეტრნატიულ „ხაზს“, და ჯიუტად ტენის ყველგან, სადაც შანსი მიეცემა. ამ ხაზს პირობითად „სააკაშვილი“ დავარქვათ.
განსაკუთრებით გვარამია აქტიურობს, რომელიც, ჩემდა სამწუხაროდ, ჯერ ვერ გათავისუფლდა ჟურნალიტიკოსის მარწუხისგან. ის ლამის ყველას საკვანძოდ უსვამს კითხვას - ითანამშრომლებენ თუ არა სააკაშვილთან იმ შემთხვევაში, თუ კი ან მასთან უნდა ითანამშრომლონ, ან ივანიშვილთან. ჯერ, თუნდაც ცალყბად, პასუხისთვის თავის არიდებას ყველა ახერხებს, მაგრამ ერთხელაც, ესეც გათავდება. და მაშინ, პასუხი დამოკიდებული იქნება უკვე უშუალოდ იმ მდგომარეობაზე, რომელშიც იმ მომენტისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება.
და დიდი შანსია, რომ პროდასავლურობის მანტია რაღაც ექსკლუზიური სულაც არ გახდეს, მაგრამ ვის უფრო დაამშვენებს, ეგ კი „გაირკვევა“. ცხადია, პროდასავლურობას „ნაციონალებს“ ვერავინ ჩამოგლეჯს, მაგრამ ვარსკვლავობა, მეტადრე კი მისი სიკაშკაშე, მომავალ-წარმავალია. ბევრი რამ ხოშტარიას „მივლინებაზე“ იქნება დამოკიდებული. და კიდევ ერთელ ვიტყვი: „ფორმულა კრეატივის“ ეთერში გასვლაზე. ჩვენ სამი ტელევიზიის ძალიან საინტერესო კონკურენციის „ბატალიებიც“ წინ გვაქს, არ დაგავიწყდეთ.
ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს, მაგრამ ვინაიდან „ბრძოლის ველზე“ ჯერ მესამე მონაწილე არ გამოჩენილა, „TV-პირველი“ და „მთავარი“ ამ გარდაუვალ შეტაკებაში ზომიერებას ინარჩუნებენ.
და ხო, ამ გახსენებაზე..
ვფიქრობ, კატეგორიულად უნდა გავემიჯნოთ მცდელობებს, რომ ახალგაზრდათა სამთვიანი საპროტესტო აქცია, არც თუ სახარბიელო შუქ-ჩრდილში წარმოაჩინონ. შეგხვდათ ხომ უკვე, ჩივილი: „აკი არ დავიშლებითო?“.. „ესაა, სანამ ოკუპაცია არ დასრულდებაო“.. და ასეთები.
ხშირ შემთხვევაში, ამგვარ მოსაზრებებს ავრცელებენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სტატუსის დადება ყოველდღიური ვალდებულებაა და აი, ეს მოიფიქრეს. თუმცა, ცხადია, იმ ყველაფერის ფონზე რაც ზაფხულში ვნახეთ, და რაც მანამდეც არა ერთხელ გვინახავს, სულაც არაა გასაკვირი, რომ „სირცხვილია“-ს გაშავებაში ორგანიზებულად მონაწილეობენ. ზოგადად, ამ ამბავს ჯერ დასრულებულად ნუ გამოვაცხადებთ, მაგრამ განვლილის აღწერილობისას, მთლად თავში ნუ დავბრუნდებით და აი, იმ მომენტიდან ვთქვათ, როდესაც აქციის მოთხოვნებმა საბოლოო ფორმა მიიღეს - გახსოვთ, სამი იყო... სიმართლე გითხრათ, ისევ კობახიძე იდებოდა იმ სავარძელში თუ ახლა უკვე თალაკვაძე დევს, ჩემთვის სრულიად უმნიშვნელოა. ისედაც, დიდი ცვლილებები მოსალოდნელი ხომ არც იყო, მაგრამ როგორც აქტი, ხალხის მიერ ნების გამოხატვისა, და მისი აღსრულებისა, იძულებით იყო ეს, თუ შეგნებული, დადებითი მოვლენაა. საბოლოოდ, ყველაფერი გახარიას პრემიერ-მინისტრობით დასრულდა და შესაძლებლობით, რასაც პროპორციული საარჩევნო სისტემა იძლევა - დასრულდეს თავად გახარია, რაც, ავტომატურად, ივანიშვილის დასრულებას ნიშნავს. აქ უკვე საქმე დეკლარირებულის ამოქმედებაშია და იგულისხმება ერთობის შექმნა. და აკი მოგახსენეთ, პრინციპი ძველია - ყველა, ერთის წინააღმდეგ. ახსნა ტრადიციული - „ახლა, მთავარია ეს მოვაშოროთ და მერე, დავლაგდებით..“ და „ესაა კარგი..“ და „ესაა დემოკრატია“ და ბლა-ბლა-ბლა.. საბოლოოდ, ჩვენ ჩამოვიშორებთ ივანიშვილს, მაგრამ კვლავაც პარტნომენკლატურას მივიღებთ და არა იდეით ანთებულ ადამიანთა გუნდს, რომელიც თუნდაც ცხარედ კამათობს? კი, მაგრამ ეს ხომ ისევ სახელმწიფოს შენების იგივე იმიტაცია იქნება და მხოლოდ „მსახიობებია“ პრობლემა?
მსახიობების გამოცვლამ პრობლემები დაგვიმატა, თუ გახსოვთ..
Comentários