სექტემბრის ივნისი
- კოტე ნიშნიანიძე
- Sep 20, 2019
- 1 min read
Updated: Sep 21, 2019
ეჭვგარეშეა: ხელისუფლებაში დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ბრაზი გადაივლიდა, ახალგაზრდები დაიღლებოდნენ და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა, ვინაიდან პროტესტი, რომელიც მოსახლეობაში დაგროვილა და რომლის გამოხატულებაც ჩვენი შვილების ეს დაუღალავი მუშაკობაა, ბევრად უფრო ღრმა აღმოჩნდა და მეტიც, მთელი ამ სამი თვის მანძილზე, ხელისუფლება, თითქოს ძალით აკეთებსო, სისულელეს სისულელეზე სჩადიოდა და ზოგჯერ, ლამის მტრულ ნაბიჯსაც დგამდა.
თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ამგვარს მისი ხელდასმით, თუმცა ფარულად, სხვა ჯგუფები ახორციელებენ.

ასეა თუ ისე, არც ერთი თვის გასვლამ, არდადაგებმა და ტურისტული სეზონის დადგომამ გაჭრა. არც მუქარამ და დისკრედიტაციის კამპანიებმა იქონიეს სასურველი შედეგი. და ბოლოს, არც გიორგი გახარიას უტიფარი დაწინაურება აღმოჩნდა საკმარისი, რომ ვინმეს უარი ეთქვა მოთხოვნათაგან უძირითადესზე - ძირს უკოპაცია! დიახ, ყველა მოთხოვნა, რომელიც ამ აქციაზე ჯერ კიდევ 20 ივნისიდან მოყოლებული ისმოდა, თვით გახარიას გადადგომის მოთხოვნამდე, სათავეს სწორედ ამ პრობლემისგან იღებს, რასაც რუსეთის მიერ საქართველოს ისტორიულად დადგენილი და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების რევიზიას ჰქვია. ერთი სიტყვით, მავანთა იმედი არ გამართლდა და საპროტესტო მუხტი შენარჩუნდა.
დღეს, იმ ავბედით მოვლენათაგან 3 თვის შემდეგ, სწორედ ახლა, ამ წუთებში, საქართველო კიდევ ერთხელ იტყვის, რომ არ აპირებს ძალადობასთან, ანტიდემოკრატიულობასთან, კოლაბორაციონიზმთან შეგუებას და ერის ნება, წალეკავს ყოველივეს, რაც აღსრულების გზაზე გადაეღობება.
ეს ახალი თაობის ნებაა - ადამიანებისა, რომელთა თავისუფლებისთვისაც, ჩვენ - მამათა და პაპათა თაობამ, უფროსმა ძმებმა ყოვლეგვარი მსხვერპლი გავიღეთ და რომლებიც ამიერიდან უკვე თავად წყვეტენ, როგორია ის საქართველო, რომელშიც ცხოვრება სურთ, რომელსაც აშენებენ, რომელსაც დაიცავენ და ყოველმხრივ მოემსახურებიან. დიდება თავისუფლებას!
Comentarios