365 წმინდა გიორგის საქართველო
- კოტე ნიშნიანიძე
- May 13, 2019
- 2 min read
Updated: May 14, 2019
აქ ახალი არაფერია, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიგინდარებს, რომელთაც ბედაურის აღვირი მოხვდათ ხელში, სახედარი ჰგონიათ იგი, და ამათრახებენ. არადა, კარგი ცხენი, მათრახს არ დაირტყამს, ესეც ხომ ვიცით?.. კარგ ცხენს კი, მხედარიც შესაბამისი უნდა და პრობლემა სწორედ აქაა - საქართველოს მერანზე, ჯუჯები ამხედრებულან. ვინმეს შეუძლია თქვას, რომ საქართველოში დედა ღვთისმშობელი დაუფასებელი იყო?
ცხადია, აქ კომუნიზმის წითლად ბნელ ეპოქას არ ვგულისხმობ - 2019 წლის უკან დაწყებულ ამ ამბავში, ეს 70 წელი, ნახევარი მისხალიც არაა. ცხადია არავინ იტყვის ამგვარს, რადგან დედათა შორის გამორჩეულისადმი მოწიწება, ჩვენში იმდენგან და ისეა გამოხატული, რომ ჩამოთვლაც არ ღირს.
და თუ კი საქმე მაინც და მაინც განსაკუთრებით პატივცემულ წმინდანზეა, საქართველოში ეს მუდამ კაბადოკიელი სარდალი და ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს ბიძა, წმ. გიორგი გახლდათ და ამას, ჩამოთვლილის გარდა, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი განაპირობებდა, და განაპირობებს: ეს მეომარი წმინდანი, წარმართული საქართველოს ანალოგიურ ღვთაებასთან მიმსგავსდა, ლამის გაიგივდა და ასე დამკვიდრდა მკვიდრად, გამყარდა - მყარობით და მეტადრე, მთის საქართველოში. და მართლაც მთისა და ბორცვის ქიმი არ დარჩა, სადაც ამ წმინდანის სახელზე, სალოცავი ან, თუნდაც, სანთლის დასანთები არ იყოს. ასეთ ადგილებში, ხალხი თვით უღმერთო კომუნისტების დროსაც სწორედ ამ ნიშანით იკრიბებოდა და ასეა ახლაც. ისე კი, „ფენტეზი“-ს სამყარო ვისაც ხიბლავს, ამასაც ვეტყვი: სწორედ წმინდა გიორგია, ვისზეც აღმაშენებლის ისტორიკოსთან ვკითხულობთ:
..რამეთუ ხელი მაღლითა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა.
ანუ, დიდგორის გამარჯვება ღვთიური ნება გახლდათ და ამის დასტურად, თვით წმინდა გიორგი, წმინდა მეომარი იბრძოდა ხილულად - საყოველთაოდ სახილველად. სხვა მაგალითი ამ დიდმოწამის გამორჩეულობისა?
მაშ, მეტი დამაჯერებლობისთვის, წყარო უცხოური იყოს და სულაც, დასავლური. ასე, მაგალითად, საქართველოზე საუბრისას, ფრანგი მოღვაწე, ისტორიკოსი ჟაკ დე ვიტრე (1180-1244 წ.წ.) წერს:
აღმოსავლეთში არის კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი... ამ ხალხს გეორგიანებს უწოდებენ, რადგან ისინი განსაკუთრებით მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმინდა გიორგის, თავიანთ მფარველად და მედროშედ მიაჩნიათ ის ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოალში და ყველა სხვა წმინდანზე მეტად სცემენ პატივს.“

საბოლო ჯამში იმის თქმა მსურს, რომ ეს ე. წ. წილხვდომილობა, რაც მანამდე წილხვედრობა იყო, დიდი პატივი გახლავთ და არაა აუცილებელი რწმენა რასმეს ხილულს, ვთქვათ ჩანაწერს, ეყრდნობოდეს. ხოლო თუ კი მაინც და მაინც ჩანაწერამდე მიდგა საქმე, წყაროში სიძველე უპირატოსია და ხომ ვერ მეტყვით, „ქართლის ცხოვრების“ უძველესი რედაქციის ზუსტ ან სავარაუდო თარიღს? არა ცალკეულ შემადგენელის რომელიმე თხზულებისას, არამედ „ცხოვრებისა“ კრებსით. ისე, სხვათა შორის, როგორ გგონიათ, დეპუტატ კილაძეს რომ ჰკითხოთ, „მარიამისეული რედაქცია“ იცის რა არის, საერთოდ? უცებ რომ ჰკითხოთ ოღონდ, თორემ თუ იმეცადინებს, ეგ სწორედ ისაა, რომ იზუთხავდნენ, ხომ ყველას გვყოლია?.. ასე რომ, აქ საქმე შეიძლება გვქონდეს სიბლაგვესთან, რაც არანაკლები პარტახია, ვიდრე მცდონეობით ნაკეთები მტრული საქმე, რაც ასევე ვარიანტია. მაგრამ ნუ დაივიწყებთ ყველაზე რეალისტურსაც - ბიძიანამ გადაწყვიტა ებრძოლოს ყველაფერს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს თანამედროვე საქართველოში, რაიმეს მის პერსონამდე - წინამორბედ ხელისუფლებას; 23 ნოემბრს; 6 მაისს და ა. შ. ზედ „პანორამა-თბილისის“ წინ, წმ. გიორგის მონუმენტიც, ნერვებს უშლის ალბათ. და ის ებრძვის საკუთარ შიშებს. და რაოდენ სამწუხაროა, რომ მას აქ მოკავშირედ ის ჰყავს, ვინც არათუ მარიამ ღვთისმშობელსა და ნინოსა და გიორგის, თვით მაცხოვარსაც ამოფარებია, ხელთ კი ცრურწმენის ნემსები უპყრია.
Comments