top of page

4 ტონა უპატრონო ოქრო

მეორე მსოფლიო ომი სამიოდ კვირის დაწყებული გახლდათ. ბრძოლა ატლანტიკისთვის, ბრძოლა ბრიტანული ცისათვის და ნაცისტური წყალქვეშა ნავების „მგლების ხროვად“ სახელდება ჯერ კიდევ წინ იყო, თუმცა ჩრდილოეთის ზღვაში გერმანული ხომალდის დაპატიმრება, უკვე გარდაუვალ აუცილებლობად ქცეულიყო. ხომალდი „მინდენ“ საფოსტო დანიშნულებისა გახლდათ და მიუხედავად საომარი მდგომარეობისა, სრულიად შეუიარაღებული იყო. მას არც გამცილებელი ან თავდაცვის უზრუნველმყოფი ხომალდი ახლდა. და ერთ დღესაც, ამ არაფრით გამორჩეულ, საკმაოდ მოძველებულ, მხრჩოლავ „ტაშტს“ ბრიტანული პატრული (კრეისერები „კალიპსო“ და „დუნედინი“) გადაეღობა.

ლონდონს, რომელიც ომში პოლონეთის მხარეს ჩაერთო, ფორმალურად, ყველა უფლება ჰქონდა, რომ პრევენციული ღონისძიება გაეტარებინა. გერმანელმა კაპიტანმა ბერლინში, ნაცისტური ფლოტის ხელმძღვანელობასთან, რადიოშეკითხვა აფრინა. - ჩაძირეთ! - ეს იყო პასუხი. ასეც მოხდა: გემი ფსკერზე დაეშვა, ხოლო ეკიპაჟი ნავებით ჩაბარდა მოწინააღმდეგეს. და საიდუმლო ათეულობით წლის მანძილზე აღარავის გახსენებია. რა საიდუმლო? ბრიტანელებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რა ინახებოდა გემის ტრიუმებში. ბოლო დრომდე, ბევრი სკეპტიკოსი მაშინდელ სამგზავრო დოკუმენტაციას აფრიალებდა, სადაც ტვირთად ყოვლად უწყინარი რამ გახლავთ მითითებული, მაგრამ, როგორც ავტორიტეტული გამოცემა DailyMail იტყობინება, შესაძლოა, საქმე სულ სხვაგვარადა. კომპანია Advanced Marine Services... - აღმოჩენის წინაშეა იგი, თუ სკანდალის? ბრიტანული პატრულისგან განსხვავებით, ყველაფერი კარგად მოეხსენებოდა ადოლფ ჰიტლერს, რომლის პირდაპირი ბრძანებითაც ჩაძირეს გემი. მივყვეთ მოვლენებს. ინციდენტამდე რამდენიმე ხნით ადრე, ბრაზილიაში, Banco Germanico-ს ოფისში ბერლინიდან ბრძანება მივიდა. ჰიტლერი საცავებში გადანახულ ოქროს ითხოვდა, თუმცა ყოველივე საიდუმლოდ უნდა გახორციელებულიყო და გემიც, ზედმეტი გართულებების გარეშე უნდა შესულიყო გერმანულ პორტში. განძის მაძიებელთათვის, ეს აქამდე ლეგენდად აღიარებული ამბავი ყოველთვის მსუყე და სასურველი ლუკმა იყო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ საუბარი ას მილიონზეა. საქმე ის გახლავთ, რომ ეს არ იყო სხვა და სხვა ოკუპირებული ქვეყნებიდან, მუზეუმებიდან თუ კერძო კოლექციებიდან დატაცებული სიმდიდრე, რომელთან დაკავშირებითაც, რომელიმე ქვეყანა, დაწესებულება ან, თუნდაც, კერძო პირი განაცხადებდა პრეტენზიას. ეს სავსებით ლეგალური გერმანული ოქრო გახლდათ. და ვინაიდან ის ეკუთვნოდა სახელმწიფოს, რომელიც აღარ არსებობდა, და იმ მიზეზით, რომ ახლანდელი გერმანია უღმერთო წამების შემთვევაშიც კი არ აღიარებს თავს ნაცისტების სამართალმემკვიდრედ, რეალურად, ოქროს პატრონი არ ჰყავს. 4 ტონა უპატრონო ოქრო! ფრიად საინტერესო შესაძლებლობაა და რისკადაც ღირდა. გარისკეს კიდეც და თქვენ წარმოიდგინეთ, 80 წლის წინ ფსკერზე დავანებულ „მინდენს“ მიაგნეს. არქეულოგიური კვლევების ნიღბით აღჭურვილი ბრიტანელები, გემის ბორტზე ხვრელის გაჭრას, განძის ჩუმად და ნელ-ნელა ამოზიდვას და გაპარვას გეგმავდნენ. ისლანდიის სანაპირო დაცვის კატარღებისთვის, მათ ტერიტორიულ წყლებში ნორვეგიული საძიებო-კლვლევითი ხომალდის აღმოჩენა, სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. გემი სწორედ ბრიტანელ მაძიებლებს ჰქონდათ ნაქირავები, თუმცა, გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, კვლევას საიდუმლოდ აწარმოებდნენ და, შესაბამისად, არც ისლანდიის ხელისუფლება გაუფრთხილებიათ, განძი გვეგულება და ვეძებთო. ერთი სიტყვით, მათ კანონი დაარღვიეს და ახლა დიდი გაწამაწიაში არიან. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ უტყუარი გარანტია იმისა, რომ ხომალდზე მართლაცაა ოქრო, არ არსებობს.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page