top of page

ლილი გვიცქერს

ცხადია, ამაზე რამდენიმე დღით ადრე დაწერა აჯობებდა, ვინაიდან თარიღიც იყო და ჩანაწერების ეს სერიაც, იმ ავბედითი დღეების აღმნიშვნელია - ეს 22 სექტემბერს მოხდა, მაგრამ ობიექტური, თუმცა სრულიად უინტერესო პრობლემის გამო, ჩანაწერის გაკეთება არ მოხერხდა, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი. საშინელი დღე იყო და ამაზე ეს კადრებიც ნათლად მეტყველებს.

აქ ყველაფერი ტრადიციულად რუსული გახლდათ - დაწყებული ცნობილი ხელშეკრულებიდან, რომლის თანახმადაც, მხარეებმა მძიმე ტექნიკა გაიყვანეს.. კი არა და, უნდა გაეყვანათ. გაგრძელებული სოხუმის დაცემით - ცოცხალი ძალა, იარაღი, გეგმა, მართვა, ხელმძღვანელობა, იდეოლოგიური სამუშაო, აგიტაცია-პროპაგანდა... და დასრულებული საქართველოს „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა“-ში შეთრევით.. - ყველაფერი ეს, მზაკვრობასთან ერთად, წმინდად რუსული გახლდათ, ისევე, როგორც მთელი ეს სისხლისღვრა, რომელიც გაცილებით ადრე დაიწყო.

მსურს ეს შესანიშნავი გოგონა გაგახსენოთ - ლილი თაკვარელია, 21 წლის მოხალისე, რომელიც ბრძოლის ველზე სიკვდილსაც ვერ ეწია - ისიც სწორედ იმ თვითმფრინავში იჯდა, სადაც მასთან ერთად, კიდევ ათეულობით ქართველი მებრძოლი ჩაიწვა. ყველამ იმ რეისზე, იცოდა, რომ მიდიოდა საომრად მტერთან, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი, ხოლო მას კი, მხოლოდ ხელის იარაღი, ხის აბჯარი და რკინის გული. ლილის ამოძრავებდა სურვილი დახმარებოდა მამებსა და ძმებს. და ახლა, თითქოს სივრცეში იმზირება, მაგრამ ასე მგონია ჩვენ გვიცქერს და გვეკითხება. ჰოდა ვპასუხობთ: ნურავის ეგონება, რომ ვინმეს რამე დაავიწყდა. არავითარი ომი ჩვენ აფხაზებთან არ გვქონია, რადგან თუ რამდენიმე ათეულ ეთნიკურ აფხაზს სათვალავში მივიღებთ, გამოდის, ომი სომხეთთანაც მქონია - მთელი ბატალიონი ჰყავდათ და განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილიც... მაგრამ საქმეც სწორედ ეგაა, რომ ყველა ეს ძალა რუსული გახლდათ და ჩვენც, ისევე, როგორც ახლა, ომი რუსეთთან გვქონდა და ამას ვეღარაფერი შეცვლის. მანამდე კი, ნურავის ეგონება... #22სექტემბერი #ბაბუშერა #ლილითაკვარელია

 
 
 

Kommentare


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page