7 მაისის გაკვეთილი
- კოტე ნიშნიანიძე
- May 6, 2019
- 1 min read
Updated: May 13, 2019
ხვალ 7 მაისია და თუ კი ნეიტრალიტეტზე რამე უნდა ითქვას, სწორედ ახლაა დრო. ის ფაქტი, რომ ეს თემა ჩვენში ისევ განიხილება, სრული პრობლემა არაა - საკითხს, ჯოხივით ორი ბოლო აქვს და მედალივით, ორი მხარე.
ყველაზე სავალალო იცით რა არის? ის, რომ ხვალინდელი თარიღის შესახებ, თუნდაც მცირე თხრობა უწევს ყველას, ვინც დღეს ესოდენ გულზე დამდგარი თემის, დღეს უკვე „მიუმხრობლობად“ ჩანაცვლებულ-შემოტენილი ამ ნეიტრალიტეტის შესახებ წერს. 1920 წლის 7 მაისს, დემოკრატიულ საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც, თუ ზედაპირულად, ზოგადად ვიტყვით, რუსეთი აღიარებდა ყველაფერს, რაც კი შეიძლერბოდა ეღიარებინა, ხოლო საქართველო იღებდა ვალდებულებას, არ შეევიწროვებინა ბოლშევიკები. ანუ, საქართველოს სუვერენიტეტის ცნობით, რუსეთი აღიარებდა საქართველოს კონსტიტუციას და, მათ შორის, იმ ჩანაწერს, რომლის თანახმადაც, საქართველო თავს ნეიტრალურად აცხადებდა. დიახ, ჩანაწერს, სადაც საქართველო აცხადებდა (!). რეალურად, ვისაც საერთაშორისო სამართლის ანა-ბანა მაინც გაეგება, მას კარგად მოეხსენება, რომ თუ კი დიდი და დაპირისპირებაში მყოფი სახელმწიფოები ერთმანეთში არ შეთანხმდნენ რომელიმე მესამე მხარის (სახელმწიფოს) ამგვარ სტატუსზე და ოფიციალურ დოკუმენტშიც, სამხედრო-პოლიტიკურ გარანტად არ ჩადგნენ, აცხადე რამდენიც გინდა.

ყველას მოგვეხსენება, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ე. წ. გერმანიის პროტექტორატის ქვეშ გახლდათ - გერმანიისა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა. ახლა წარმოიდგინეთ, რად უღირდათ ეს თვითგამოცხადებული ნეიტრალიტეტი გამარჯვებულებს: გიგანტობის გზაზე შემდგარ აშშ-ს, საფრანგეთსა და ბრიტანეთს, რომლის ჯარებმა ჯერ გერმანული შენაერთები ჩაანაცვლეს, ხოლო მას მერე, რაც საქართველომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, გავიდნენ. და აქვე, ესეც ვიკითხოთ: რად უღირდა ის ნეიტალიტეტი რუსეთს, რომელიც ომიდან შუა გზაში გერმანიის დაფინანსებულმა ულიანოვმა გამოთიშა და იდეოლოგიურად დაუპირისპირდა მთელს კაცობრიობას... არადა, თითქოს ყველაფერი საჩვენოდ წარიმართა, მაგრამ ეს საფასური, როგორც შედეგი, მალევე დადგა - 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ „არშევიწროვებულებმა“ „შულავერის კომიტეტი“ მოიგონეს, მოაწყეს, საქართველოში წითელი ურდო შემოჯლიგინდა და სახელმწიფოებრიობა 70 წლით შეწყდა.
Comments