მოსკოვი უნდა დაინგრეს!
- კოტე ნიშნიანიძე
- Jan 14, 2019
- 3 min read
Updated: Jul 27, 2019
ძველრომაელი პოლიტიკოსის, მარკ პორციუს კატონის (უფროსი) ეს ფრაზა, რომლითაც ის სენატში ყველა გამოსვლას ასრულებდა, ლამის ყველას სმენია - „კართაგენი უნდა დაინგრეს!“

მე ჩემი პერიფრაზი მაქვს და უკვე იმდენი ხანია სამეგობრო წრეში წამოვიძახებ ხოლმე, მოსკოვი უნდა დაინგრეს-მეთქი, რომ აღარც მაშაყირებენ.
ცხადია, არ ვარ წინააღმდეგი, თუ კი კრემლის ნანგრევების რომელიღაც სიმაღლეზე ხუთჯვრიანი იფრიალებს, მაგრამ აქ სულ სხვა ნგრევა მაქვს მხედველობაში - მოსკოვი, უპირველესად, ქართველთა სულ-გულში, გონებასა და იმედებში უნდა დაინგრეს - ანუ, მოსკოვი უნდა დაინგრეს საქართველოს ეკლესიაში. ხოლო მისი შხამიანი საცეცების ამოკვეთით, საქართველო საბოლოოდ დააღწევს თავს ხალხთა საპყრობილეს, გააღწევს სამშვიდობოს და ამ გზაზე, მას წარუძღვება ის, ვინც არსითაც, ბუნებითაც, ისტორიითაც, აწმყოთიც მისია და არა მისად გასაღებული სხვა.
ამასწინად უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სიტყვები გავრცელდა: „ღმერთმა მოგვცა ერთობა და საკუთარი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, უკრაინას და უკრაინელებს ვერაფერი დაუდგება. ვერავინ დაუდგება წინ უკრაინელებს, რომლებიც შორდებიან რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირს. ვერავინ შეაჩერებს უკრაინელებს, რომლებიც იცილებენ მოსკოვის ეკლესიისა და მოსკოვის იმპერიის უღელს.“
დიახ, მოსკოვის ეკლესია და მოსკოვის იმპერია, ეს ერთი და იგივეა.
დღეს ხშირად მოისმენთ სრულიად აბსურდულ მცდელობებს, რომ რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და მისი დადგენილი რეფორმები, რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის ქმედებებთან გააიგივონ. ეს თუ მიზნმიმართული „გამორეცხვა“ არაა, მაშინ უმეცრების ფსკერია. საკითხში ჩაუხედავობა ან ზერელედ ცოდნა კი არა, ფსკერი! ახლა ამათ რომ ვუთხრა, რას ამბობთ, პეტრემ პატრიარქობა მოსპო, ეკლესია სახელწმიფოს რიგით უწყებად აქცია, ხოლო დავით აღმაშენებელმა ეკლესიაში რესპუბლიკური მმართველობა დააწესაო, ანათემას გადამცემენ, რადგან უვიცთ, რესპუბლიკა ის ჰგონიათ, ქე რომ ჩვენ ვიყავით ერთი თხუთმეტთაგანი.
სწორედ აი, იმ „რესპუბლიკაში“ გვატენიდნენ თავში, რომ 988 წელს, კიევში რუსეთი გაქრისტიანდა.
პოროშენკომ რუსეთს ავტოკეფალიის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა მოსთხოვა. მოსკოვმა, საშობაოდ, საგანგებო დანიშნულების რაზმებში, თითო მებრძოლზე თითო მანდარინი გააგზავნა. მაშ ვინ მოინათლა 988 წელს? ძალიან გამიჭირდება გითხრათ თუ რაა ის, რასაც ჩემი აზრი ეფუძნება, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეკლესია, გაჭირვებით, ჭრიალ-ჭრიალითა და ლასლასით, მაგრამ მაინც მივა საღ აზრამდე - ამის ტენდენციები აშკარაა. მაგრამ ჯერ მხოლოდ ტენდენციები. ბრიტანელი მოაზროვნის, ჯონ ლოქის აზრით,
„გარესამყაროსგან თავდაცვის ერთადერთი გზა, მისი სრული შემეცნებაა“
აქვე, მეორე ბრიტანელის, ფრენსის ბეკონის სიტყვებსაც გაგახსენებთ:
„ბუნებრივი ფილოსოფია, ყოველ ჟამს აწყდებოდა მომაბეზრებელ და ჯიუტ მოწინააღმდეგეს, კერძოდ კი ცრურწმენას და ბრმა, უკიდეგანო რელიგიურ თავგამოდებას.“
აბა, გადაავლეთ გონების თვალი და გაიხსენეთ ჩვენში ის ჯგუფები, რომლებიც შემეცნებასა და თვალსაწიერის გაფართოებას უდიდეს საფრთხედ აცხადებენ და დაუნდობლად ეწინააღმდეგებიან. ანდა, ვინც არ წაგიხალისებს განსჯას, გააზრებას და ბრმა ნდობას მოითხოვს..
Philosophia - სიბრძნის (ცოდნის, ფიქრის) სიყვარული.
ა-პა-პა-პაპ! - მომაკვდინებელი ცოდვაა.
წმინდა პატრიარქი, აბროსი ხელაია კი ბრძანებდა:
რამდენად თავისუფალიცაა ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც
ამ მოცემულობით, მონობაში ვართ, ვინაიდან დღევანდელ ქართულ ეკლესიაში, რუსული „პრავასლავნიკობის“ ტრადიციათა სრული დაცვით, თავისუფლება უფლის გმობად საღდება, ნაცვლად მისი შეცნობის გზად აღიარებისა, ხოლო ბრმა მიმდევრობა - ღვთისმოშიშობად. ეს კი, სრულ წინააღმდეგობაშია ქართული მართლმადიდებლობის დვრიტასთან, რომლის ძირითადი პოსტულატი, თუ კი მას შეიძლება ასე ეწოდოს, გახლავთ ძიება და ჰპოვება, რაც, თავისთავად, ნიშნავს შეკითხვებს.
ეს რუსული „პარავსლავნიკობაა“, რაც არ გვაძლევს ამგვარ შესაძლებლობას, გვიუქმებს უფლის მიერ ბოძებულ ნების თავისუფლებას და გვარწმუნებს, რომ არაფერი ვართ, არაფერი გვეკითხება... გეტყვიან, მარჯვნივ? - უსიტყვოდ წადი მარჯვნივ, ხოლო თუ დაიღუპე, რას იზამ, ამგვარი იყო ნება უფლისაო...
როგორც მოგეხსენებათ, ქართული სამღვდელოება ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ფენა გახლდათ. სასწავლებლები თუ აკადემიებიც მსხვილი სამონასტრო კომპლექსების წიაღში „ხარშავდა“ ადამიანის გონების ნაყოფს. აქ და მათ მიერ იქმნებოდა ფილოსოფიური თუ ასტრონომიული ტრაქტატები, ასტორლოგიური სქემები, სხვა და სხვა სამეცნიერო ტერმინოლოგია, მიმდინარეობდა თარგმნელობითი საქმიანობა და ა. შ.
როგორია დღევანდელი სურათი?
აქ უამრავი მაგალითის მოხმობაა შესაძლებელი, რათა დადასტურდეს, რომ არამც თუ დღევანდელ ქართულ ეკლესიას (ხაზგასმით - ზოგად ჭრილში), თავად მოსკოვის ე. წ. საპატრიარქოსაც (ხაზგასმით - კონკრეტულად) აღარაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან. ახლა გვაშინებენ, თუ კი უკრაინის მხარე დაიკავეთ, აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას აღიარებსო.. ძალიან იაფფასიანი „არგუმენტი“ კი გახლავთ, მაგრამ ფაქტია - მუშაობს. არადა, სინამდვილეში რა, განა აღიარებული არ აქვს? ამასწინად ითქვა, არსად და არასდროს, კირილ გუნდაევი საქართველოს პატრიარქს სრული ტიტუალტურით არ მოიხსენიებსო.
ეს მნიშვნელოვანი დეტალია.
ანდაც, დააკვირდით, ყველგან რუსული ეკლესიის იერარქები საქართველოს ეკლესიას ასახელებენ თავის „სისტრიცა“-დ. ანუ, ხალხი, რომელიც ძმობას იჩემებს, აქ დურ სიყვარულზე აკეთებს აქცენტს. ზოგმა, შეიძლება, ეს იმით ახსნას, რომ ქართველები მოციქულთა სწორმა ქალმა გაგვაქრისტიანა, მაგრამ ვფიქრობ ეს ტიპიური „გაპრავებაა“ - ძმას აქ ვერ დაგვიძახებს, რადგან „მესამე რომზე“ აქვს პრეტენზია და მაშინ მცხეთას, ვითარცა „მეორე იერუსალიმს“, უფროსი ძმობა აქვს და ვერ გუობს.
და აი, სწორედ აქ იმალება რეალური „აპლიას როლი“ - აფხაზეთის მისაკუთრებაში, სამხედრო-პოლიტიკური მოტივის პარალელურად, სრულფასოვნად იკვეთება რუსული ოცნება, ფლობდეს ქრისტეს მოწაფის წმინდა საფლავს.
მოსკოვი უნდა დაინგრეს!
Comments