ალყა
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 6, 2019
- 3 min read
ეს ფობია, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია და ჩვენი თანამოქალაქეების რაღაც ნაწილი, ცხოვრობს კიდეც მასთან გამკლავების ამოცანით - შიში იმისა, რომ, მიუხედავად რიგი სიახლეებისა, რომლებიც დროსა და, ზოგადად, დროებას ახასიათებს, აშკარაა - რეალურად, ახლაც, ამ ჩვენს დროშიც, არაფერი შეცვლილა და საქართველო კვლავაც მტრების ალყაშია - მეზობელთაგან, ოთხივეს მისი განადგურება წადია.
ამას დაუმატეთ, მიგრანტები სხვადასხვა „გაურკვეველი“ ქვეყნებიდან...
დასავლეთი, რომელიც „გარყვნილებას ნერგავს“..
შედეგად, ჩვენ მომართულნი ვართ არარსებული საფრთხის მოსაგერიებლად, რითაც ვკარგვთ ძირითადი ამოცანებისათვის საჭირო კონდიციებსა და კონცენტრაციას. და მეტიც, მათ მნიშვნელობაშიც აღარ ვართ სავსებით დარწმუნებულნი.

ახლახანს, უკრაინულ სამხედრო-პოლიტიკურ სცენაზე რუსული სპეცსამსახურების განახლებულ ამოცანებზე ვკითხულობდი. ავტორი, იური კარინი აღნიშნავს, რომ კონკრეტულად ახლა, რუსეთის მიზანი ვითარების აყანყალებაა, რათა საბოლოოდ გათამაშდეს „სირიული სცენარი“ - ყველა ყველას წინააღმდეგ აღიძრას, ეკვეთოს და საბოლოოდ, შეიქმნას საფუძველი რუსეთის შუამავლობისათვის. რაღაც ანალოგიურს ჩვენთანაც ვაკვირდებით და ვფიქრობ არცაა საჭირო დაფიქსირება, რომ ყველაფრის უკან, აქაც რუსეთი დგას. სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ ჩვენთან, განსხვავებით უკრაინისგან, ხელისუფლებაში რუსეთის ინტერესების გამტარებლები მოკალათებულან. და როდესაც ვაფასებთ იმ „შედეგებს“ რაც შვიდწლიანი მუშაკობით დაუდგათ, ცალსახა დასკვნამდე მივდივართ:
კრემლისა და მისი აქაური ემისრების მეცადნიებით, ხელოვნურად იქმნება და გეგმზაზომიერად ინერგება სწორედ ის სურათი და განცდა, რომელიც მაქსიმალურად გვაახლოვებს ავბედითი „გიროგიევსკის ტრაქტატის“ შემდგომ ატმოსფეროს - საფრთხეების ალყაში მყოფი, სასოწარკვეთილი, მოსახლეობისგან დაცლილი და ლამის გამქრალი საქართველო..
მუდამ მზადყოფნაში მყოფი „მხსნელი“ დავასახელო თუ მიხვდით? ამის პარალელურად, სწორედ მისი ინტერესია, რომ მოგონილი საფრთხეებით, პოლარიზებითა და ეკონომიკური სიდუხჭირით გაჟღენთილი ქართველობა, ვერ იცლის განვითარებაზე, შენებაზე, შემოქმედებით მიდგომაზე, რუდუნებასა და გამარჯებაზე ფიქრისთვის, რადგან სანგარში ზის. შესაბამისად, ძრავი დგას, ხმებს კი, ხელონურად გამოსცემენ.
ამიტომაც, ყველა არსებული თუ სავარაუდო პრობლემის გადაჭრა, ხელისუფლების ცვლით უნდა დაიწყოს. რადგან ქართველი ერის მისწრაფებანი და ხელისუფლების მიზნები, დიამეტრალურტად განსხვავდება. თანაც, უკვე აღარც ისაა საიდუმლო, რომ საქართველოს ხელისუფლების შინაარსი და რაობა გაცდა ქვეყნის ან რეგიონის მასშტაბებს და გლობალური გახდა - ის თუ რა ორბიტაზე დადგება საქართველო, განაპირობებს პლანეტისა უახლოეს ათწლეულებს და ეს გადაჭარბების გარეშე, ასეა.
ხოდა, იქნებ სულაც პირველად დგას ამგვარი ვითარება - მთელი ცივილიზებული სამყარო ელის პასუხს: ბოლო-ბოლო ვისია ეს საქართველო - საქართველოს მოსახლეობის, ვინც გახლავთ კიდეც მეორე ქართული რესპუბლიკის დაფუძნებელი, თუ რუსეთისა და მისი ხალხის, სხვა და სხვა ინტერესისა და გავლენის მქონე ჯგუფების, რომლებიც, როგორც ხდება ხოლმე, მოქმედებენ კერძო მოტივებით, სახელმწიფოს კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უგულველყოფის ხარჯზე, თუმცა სწორედ ამ “ლექსიკური გარნირით“
და, ბუნებრივია, ყველამ იცის, რომ ერთადერთი, ვისაც ამ კითხვაზე აქვს და/ან შეიძლება ჰქონდეს პასუხი, არის თავად ქართველი ხალხი. ჰოდა, ყველა ელის ჩვენს გადაწყვეტილებას. მოვლენები ისე წარიმართა, რომ შესაძლოა ნების გამოვლინების დათმულ ვადამდე, საქმე არც კი მივიდეს, რადგან მიუხედავად დაუღალავი მცდელობისა, რომ მოგვადუნონ, დაგვღალონ, მოგვაბეზრონ, შემოგვაპარონ, შემოგვასაღონ, შეგვინიღბონ, გადაგვიმისამართონ და რა ვიცი კიდევ რა.. და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველასთვის ცნობილი, მაგრამ ერთგვარად დაფარული ინფორმაციის იმღელა ტალღა დაგვეჯახა, რომ რეტის გავლას ცოტა დრო უნდა, ქართველ ხალხს, გადამწყვეტ მომენტში სწორი გადაწყვეტილების მიღების გასაოცარი უნარი აქვს და ეს, არა ერთხელ დადასტურდა ამ ათასწლეულების მანძილზე.
არაცივილიზებული სამყაროს „უკაშკაშესი“ წარმომადგენელი, რუსეთი მიიჩნევს, რომ საქართველო, არც მისი ხალხისაა და არც არავისა - ის უშუალოდ მისია. და ასე მიიჩნევს იმიტომ, რომ მისი აზრით, მისია კავკასია - მათ შორის, მისი ამიერქედი. და ამ თავისი პრეტენზიების რეალიზაციას, ის ცდილობს სწორედ ზემოხსენებული ინტერესისა და გავლენის ჯგუფების მეშვეობით.
კავკასიის ფლობა, საქართველოს გარეშე, გამორიცხულია - ესეც, უკვე ათასწლეულებია, ასეა - ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც აქ ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ და ახლა, აქ არ აქვს მნიშვნელობა, რა ერქვათ ჩვენს წინაპრებს 3-5 ათასი წლის წინ - მოსხები, ხალიბები, ქართები, კოლხები, იბერები, აფხაზები, კახნი, ოდიშარნი თუ სუანები... - მას მერე, რაც VIII-IX ს.ს.-ში ყველამ დავირქვით საქართველო და ერთად შევქმენით და მოვიტანეთ, ეს ხალხი, ჩვენ ვართ. ახლა არ მოვყვები, რაც ყველამ ვიცით - თუნდაც ინსტიქტის დინეზე, რომ შავი დღე ბევრჯერ დაგვადგა და ბევრჯერაც ვერ ვივარგეთ, მაგრამ გაბრწყინებითაც არა ერთხელ გავიბრწყინეთ - მთელი კაცობრიობის თვალსაწიერად - და ეს გავაკეთეთ როგორც ერმაც და როგორც ცალკეულმა ერისშვილმაც. ასეა თუ ისე, ავად თუ კარგად, იმ გენეტიკურმა კოდმა მაინც გამოაღწია და ბოლო 100 წლის მანძილზე, მეორე სახელმწიფოს ვაშენებთ.
იდეაში, ეს სახელმწიფო დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული რესპუბლიკაა მაგრამ აქ, შეიძლება ითქვას, დაწყებულია ხალხის პირდაპირი მმართველობის - დემოკრატიის და რესპუბლიკის მოგუდვის პროცესი. დააკვირდით, ორივე რესპუბლიკა რუსეთის მტარვალი კლანჭიდან დასხლტომის დაუღალავი მცდელობის შედეგად წარმოიქმნა. პირველი რესპუბლიკის ამბების გააზრებისას, რამდენჯერ გვიფიქრია, არა - მაშინ რომ გამოგვსლოდა?.. არ გამოვიდა და საერთაშორისო ვითარებამაც, ძალიან შეგვიშალა ხელი. ახლა არა თუ დრო, არამედ სრულიად სხვა ეპოქაა და ასეთი შანსი არასოდეს გვქონია. მაგრამ იმისთვის, რომ ამ შანსის გამოყენება შევძლოთ, უნდა გვესმოდეს იგი. #საქართველო #რეგიონალურისაკითხები
Comments