მოვედი, რათა.. წავიდე!
- კოტე ნიშნიანიძე
- May 4, 2019
- 2 min read
როგორც ჩანს, ოქრუაშვილს დაავიწყდა, რომ ჩვენ შეიძლება გვახსოვდეს. მაგალითად ის, რომ მისი დამსახურებით კონფლიქტის ზონის მიმდებარე რეგიონს ვინმე ქარელი განაგებდა, რომელიც დღეს, შესაძლოა, ერთ რიგით ქოცად მიგვეჩნია და მისი პიროვნებაც, მდარედვე ჩაკარგულიყო ამ მდარე რეალობაში, მაგრამ მაშინ ძალიან მკაფიოდ მოჩანდა და ოქრუაშვილის, როგორც ასეთის, შინაარსსაც ავლენდა - ის, თუ სად გაამწესეს ეს კაცი, ნათლად გვაჩვენებს რა ტიპის ძალებს ეყრდნობა ირაკლი ოქრუაშვილი. ანუ, აი, ასეთ ხალხში, ოქრუაშვილი თავს გრძნობდა რაღაცად კიდევ, გარდა იმისა, რასაც წარმოადგენს. ამასვე ემსახურებოდა მისი „ბრავადით“ გაჯერებული ტექსტები, თვითდაჯერება, რომელიც ლამის იყო და მოედინებოდა მისგან.

გარეჯის თემამდე, ეს ბოლო თაროზე მივიწყებული პოლიტიკოსი „ნაციონალებმა“ და კერძოდ, ვაშაძემ გააცოცხლა. ეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოხდა და რაში დაჭრიდა, კაცმა არ იცის. თუმცა ის, თუ როგორც შეიფუთა ეს ყოველივე, გვახსოვს. ასეა თუ ისე, პოლიტიკურ ველზე შექმნილმა ვითარებამაც ხელი შეუწყო და ოქრუაშვილი დაბრუნდა. რა შეუძლია მას შესთავაზოს ამომრჩეველს, რომელიც დიდი საგონებლის წინაშეა? საგონებელშია, რადგან ხვდება - ახლა სწორედ გადამწყვეტი მომენტია და თუ არ შეცდა, სამშვიდობოს გასულია, ხოლო თუ კი შეცდა, ჩიხი გარდაუვალი ხდება და უკან დასახევი ხიდები, ჩანგრეული - ერთი სიტყვით, „ფინიტა“. გარეჯის ირგვლივ სრულიად ხელოვნურად წარმოქმნილ პრობლემას, ეს ადამიანი ჩვეულ სტილში გამოეხმაურა. კერძოდ, მან ბიძინა ივანიშვილს მიმართა და ბრძანა:
„...2005 წელს აზერბაიჯანმა რაღაც თემაზე “გაგვიჭედა”. გავიდა ერთი კვირა და ისევ პრობლემას ქმნიდნენ. მერვე დღის თავზე შევხვდი იმათ შინაგან საქმეთა მინისტრს ჯანდარის ტბაზე. სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე დავსხედით და მესამე ჭიქა არაყზე რომ მივედით, ვუთხარი ეგრე არ გამოვამეთქი. ის ისევ თავის აზრზე იყო და მათ პოზიციას იცავდა. მეოთხე ჭიქაზე ვუთხარი, ერთ კვირაში იარაღით დატვირთული თქვენი გემი შემოდის ფოთის პორტში და ჩემ საწყობებში დაიცლებამეთქი.
არ გაჭრა. ისევ თავისას უბერავდა. მეშვიდე ჭიქაზე რომ მივედით, ვუთხარი ხვალ თუ მაგ პრობლემას საჩვენოდ არ გადაწყვეტთ, კიდევ სამ ჭიქასაც დავლევ და დილით წითელ ხიდზე 500 000 ლტოლვილს მიიღებ, ხომ იცი გამკეთებელი ვარმეთქი.
გაჭრა. არა მგონია აქედან რამე გაიგო. გარეჯის პრობლემის მოგვარებით ფულს ვერ იშოვი, არადა თქვენ ხომ სადაც ფული კეთდება მხოლოდ ის საქმე გესმით.” უჰ, შე დემეტრე პირველო შენა! - ჯერ ეს შევძახოთ! ესეც პოლიტიკოსი ოქრუაშვილი.
ლიდერი ოქრუაშვილი.
და ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ოქრუაშვილისთვის, ყველაფერია იმის გარდა, რასაც წარმოადგენენ - ამ სახელმწიფოს დამფუძნებლებს.
Comentarios