A la guerre comme à la guerre!
- კოტე ნიშნიანიძე
- Jun 22, 2019
- 2 min read
ბლოგის მკითხველს ემახსოვრება: სამიოდ კვირის წინ, როდესაც ჩანაწერების მეათე სერია „თიბათვის ფრანები“ გაიხსნა, ეს ტექსტი წავუმძღვარე: აი, ზაფხულიც მოგვადგა - დრო, როდესაც არდადეგები გლობალურ ხასიათს იძენს. ჩვენ წავალთ სამუგზაუროთ და ჩვენთანაც, დასასვენებლად მილიონობით ადამიანი ჩამოვა. ხომ გვსურდა? აშკარად.
მაგრამ, მავანთა დიდის მეცადინეობით, ისე მოხდა, რომ აქ ჩამოსვლას და აქაურობის კაი ალაგად მიჩნევას, ახერხებენ მხოლოდ „როსიანე“ - დასავლეთიდან ჩამოსულთა რიცხვი ბევრად ცოტაა, ვიდრე სასურველი გახლავთ. და საუბრები სამხედრო-პოლიტიკური რეალობისა და ტურიზმის აღრევის დაუშვებლობაზე, სირაქლემას პოზაა, მინიმუმ. ეგეც არ იყოს, ნუთუ როსტოვის ოლქის რომელიღაც პროვინციული ქალაქის ჯიბეგაფხეკილი ტურისტი იყო ჩვენი ამოცანა? მგონი არა - ჩვენ საშუალოდ შეძლებული და შეძლებული ვიზიტორები გვაინტერესებს. ამისთვის, კი საქართველო უნდა ჰგავდეს საკუთარ თავს თუ არა, იმისგან მკვეთრად განსხვავებულ რამეს, რასაც დღეს წარმოადგენს
რას წარმოვიდგენდი, რომ იმ სერიის„ანოტაციას“, რომელშიც რუსზე და კონკრეტულად რუს ტურიტზე არა ერთი რამის თქმას ვაპირებდი, ასეთი ბმა ექნებოდა სულ რაღაც ოციოდ დღეში განვითარებულ მოვლენებთან. როგორც ხედავთ, კრემლში დანამდვილებით ხედავენ კავშირს პოლიტიკასა და ტურიზმს შორის. ცხადია, ეს პირველ რიგში ეკონომიკური ღონისძიებაა, მაგრამ, რეალურად, ესაა ლამის 30 წლის წინ დაწყებული, ახალი ქართულ-რუსული ომის, მორიგი ეპიზოდი. ივანიშვილის ხელისუფლება, ამ ნაბიჯს პუტინის რუსეთს წლობით და გეგმაზომიერად უმზადებდა. ჰოდა, მაშინ A la guerre comme à la guerre!
ომში, ვითარცა ომში!
ანდაც, ომია და ომი იყოს! - ეს ცნობილი ფრანგული გამოთქმა, ახლანდელ ვითარებას, რომელიც პუტინის რამდენიმე გადაწყვეტილებამ დააყენა, ზედმიწევნით უხდება - ეს ეკონომიკური სახის სანქციებია და ცხადია, უკვალოდ არ ჩაივლის.

აზრი, რომლის გამოთქმასაც ვაპირებდი, უკვე გამოთქმულა. აი, მაგალითად, ხათუნა ლაგაზიძე წერს: „პუტინმა საქართველოს ომი გამოუცხადა. ტურისტების შემოსვლის აკრძალვა შუაგულ სეზონზე ეკონომიკურად არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ვიდრე პირდაპირი სამხედრო აგრესია - ეს საშუალო და მცირეშემოსავლიანი ქართველების მოგუდვას ემსახურება. შედეგად, უნდა მიიღოს უპრეცედენტო სოციალური ბუნტი, ტურისტულ შემოსავლებზე ჩამოკიდებული ასიათასობით ქართველის დაპირისპირება პროდასავლურ ვექტორთან და რუსთაველზე გასულ თავისუფლებისმოყვარე თაობასთან, დესტაბილიზაცია და ქვეყნის ჩამოქცევა. ამიტომ, რადგან ვიცით, რომ ღია, გამოცხადებულ ომში ვართ: ერთიანობის და არა - წუწუნის და თავში ცემის დროა! რადგან ისიც ვიცით, რა მეთოდებით გვებრძვის და რისი მიღწევა უნდა, განსაკუთრებული გონიერება და პროვოკაციებზე არ წამოგება გვმართებს! თუ ვინმე დაზარალდა პუტინის ამ ტურისტული ემბარგოთი, ერთ-ერთი მეც ვარ. მაგრამ ვიცი, რომ ომში ვარ და ვარ ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი. და ამ სტატუსით მოგიწოდებთ: არ დავუშვათ საზოგადოების ერთმანეთთან წაკიდება, დესტაბილიზაცია და ქვეყნის ჩამოქცევა. ერთიანობის და გონიერების დროა!“ დიახ, თანამოქალაქენო - ახლა ნებისმიერი მცდელობა, რომ გავითიშოთ, მტრული მოქმედებაა. ახლა, დაყოფა და ჟღვლინტიანი თითებით წარსულის ქექვა, ღალატია. ერთმუშტობაა გზაც და გამოსავალიც. ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ და კიდევ ერთელ შევახსენოთ კაცობრიობას ვისი გორისა ვართ. ნუთუ ვინმესგან გვესწავლება რა ძალა აქვს ერთად დგომას? ძალა ერთობაშია!
Comments