- Алло, Кремль?
- კოტე ნიშნიანიძე
- Jun 26, 2019
- 2 min read
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის შეხედულებებისადმი, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მაქვს. ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც მის მიერ გახმოვანებული პოზიცია, ემთხვევა ჩემსას, მაგრამ ასეთ შემთხვევებს შორის, კიდევ უფრო დიდი სიხშირით, ისეთ იდიოტობას „გამოაცხობს“ ხოლმე, რომ ასე მგონია, ის მანამდე ნათქვამიც და, საერთოდ, ყველაფერი, რასაც ეს ტიპი ამბობს, ლიტონია და დაზეპირებულ აბზაცებს წარმოადგენს - არ შეიძლება, ეს ორივე აზრი ერთი და იმავე ადამიანის გულსა და გონებაში იხარშებოდეს. სადღაც ის ტყუის, და გათვალისწინებით რიგი ფაქტორებისა, ვფიქრობ, რომ ტყუის მაშინ, როდესაც მაღალ მატერიებზე ლაყბობს. ეს ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში შევნიშნე, როდესაც გავეცანი მის ერთ-ერთ ტექსტს, სადაც ქართველების, როგორც ფსიქო-ტიპის შესახებ საუბრისას, ბავშვობაში ჩარჩენილ დებილებად გამოგვაცხადა.

გუშინ მარგველაშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდა. ეს არ იყო ცუდი ნაბიჯი, თუ არ ჩავთვლით, რომ ოდნავ დაგვიანებულს ჰგავდა. ნუ რას იზამ? - როდესაც ალღო არ გაქვს, არ გაქვს. - თავად მისვლის ფაქტი, როგორც მოგახსენეთ, დადებითი რამ გახლდათ, მაგრამ, მეორესმხრივ, მისვლაცაა და მისვლაც.
გამოსვლა, რომელიც მარგველაშვილს ჰქონდა, უფრო გახლდათ საშუალო დონის ლექცია თემაზე, რომელიც ყველამ იცის, ვიდრე ლიდერის მგზნებარე სიტყვა
ცხადია, ორატორობას ყველასგან ვერ მოითხოვ. და ამ მონოტონურობასაც აიტანდა კაცი, მაგრამ ვინაიდან არც შიგადაშიგ „ჩაკერებულ“ სისულელეს მოვკლებულვართ, გამოსვლა იყო უვარგისი. ჯერ ეს, რა წიაღსვლაა: „თავისუფლების ხე დროდადრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით და ეს სისხლი აქ დაიღვარა". იშვიათი კალიბრის სისულელეა და განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც სისხლის დაღვრა აუცილებელ პირობად გამოცხადდა. არადა, სულაც არაა დიდი ერუდიცია საჭირო, რათა გააცნობიერო - სისხლი, ესაა საფასური, რომლის გადახდისთვის მზაობა ან არის სახეზე, ან არა. თუმცა, ეს არაა აუცილებელი და რაღაც გარდაუვალი „პირობა“ - თავისუფლება შინაგანი მდგომარეობაა და არა გარეგნული, იმიტირებული, რასაც ეს ბატონი და მთელი მისი ყოფილი თუ კიდევ მეტად ძველი „მოკავშირეები“ გვთავაზობენ. ყველაზე საგულისხმო კი ის მომენტი მეჩვენა, სადაც მარგველაშვილმა, რამდენიმე სიტყვა რუსულ ენაზე ბრძანა და ამ ყველაფერს ხუმრობა დაარქვა. სიმართლე გითხრათ, ორატორობისა და ალღოსი არ იყოს, ვერც იუმორის გრძნობას მოსთხოვ კაცს - ესეც, ან აქვს, ან არა. და მარგველაშვილის ეს „ხუმრობა“ არა თუ სასაცილო, ღიმილისმომგვრელიც არ გახლდათ. და, მით უფრო, რუსულ ენაზე.
მესმის, მარგველაშვილს ეს „ხუმრობა“ ორიგინალში ჰგვრის ღიმილს, მაგრამ თუ კი მას მართლაც და რეალურად განტვირთვა ჰქონდა განზრახვად, სხვა ვერაფერი მოიფიქრა. თუ მაინც არ უნდა გაგვცინებოდა, ბარემ მშობლიურ ენაზე არ გაგვცინებოდა, რაღა?! იცით, არ მსურს შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ, კონკრეტულად ახლა, ენა იწვევს პრობლემას. ცხადია, არა. შესაძლებლობა თუ არის, რომ მტერს მისავე ენაზე დაელაპარაკო, რატომაც არა, მაგრამ... მარგველაშვილმა, ამ ხუმრობით ვის მიმართა?
პროცენტულ მაჩვენებელს, ცხადია, ვერ მოვიყვან, მაგრამ იმას კი დანამდვილებით მოგახსენებთ, რომ იმ მომენტში, რუსთაველზე შეკრებილი აუდიტორიის უმეტესობა, რუსულს არ ფლობს.
ოვაცია, ტაში და სტვენა, რაც მარგველაშვილის „ჩარუსულებას“ მოჰყვა, ისნტიქტური იყო და, მით უფრო მაშინ, თუ საკვანძო გვარებმა - კობახიძე, გახარია - გაიჟღერეს. ცხადია, ყველამ ივარაუდა, რომ კარგი მათ ირგვლივ, არაფერი ითქვა და ოვაციამაც, არ დააყოვნა.
ვის შეახსენა თავი მარგველაშვილმა?
ვინ ცდილობს მის დაბრუნებას პოლიტიკურ დაფაზე. ან, ვინ იხილავს ამ ვარიანტს, როგორც ერთ-ერთ შესაძლოს?
Comentários