Cдаёмсу...
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 29, 2019
- 2 min read
აბა ვინ წარმოიდგენდა რომ არა ერთი ჩვეგანისთვის სასიქადულო საფრანგეთს, ჯერ სარკიზის მსგავსი არარაობა ჩაიბარებდა და მერე მაკრონისებრი „ლუზერი“? მაშინ, საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებისას, მარინ ლეპენის ულტრა-მემარჯვენეების შესაძლო გამარჯვება, გარკვეულ ლოგიკაზე დაყრდნობით, ყველას რუსულ საფრთხედ მიაჩნდა და, როგორც აღმოჩნდა, რუსული საფრთხე მაკრონია.
ფრანგული ბისტროს წარმოშობის შესახებ უამრავი თეორია არსებობს, თუმცა საკითხი დღემდე ღიად რჩება.
ვინც არ იცის, მოვახსენებ, რომ ერთი ვერსიით, ეს სიტყვა იმპერატორ ალექსანდრეს რუსულ ურდოებს „ეკუთვნით“, რომლებიც, გაპარპაშდნენ რა საფრანგეთის ჯადოსნურ დედაქალაქში, მთელი ხმითა და ხიშტების ქნევით დაჰქროდნენ მიკიტანთა თუ სასტუმროის მეპატრონეთა სივრცეებში და შემზარავად ითხოვდნენ სწრაფ მომსახურებას: Быстро! Быстро! როგორც ჩანს, საფრანგეთში ეს დაავიწყდათ. არადა, მაკრონის ბოლო მოსაზრებები, რაც G7-ის სამიტის შემდეგ გაჟღერდა, იძლევა შესაძლებლობას დავუშვათ, რომ სულაც არა - პირიქით - ძალიან კარგად ახსოვთ.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ პუტინმა ანტიამერიკული „რაღაც“ მაინც გამოძერწა - გერმანია, თავისი მერკელიანად, რომელიც მალე, პენსიაში თუ არ გავიდა, ალბათ „გაზპრომ“-ში დაიწყებს მუშაობას.. აქეთ, კიდევ საფრანგეთი.. რომელსაც შესაძლოა ძალიანაც არ უნდა კონტინეტზე გერმანიასთან მარტო დარჩენა, მაგრამ ბრიტანეთს ვერ ამაგრებს და არც ამაგრებს, საუკუნოვანი კომპლექსებით დაავადებული. დააკვირდით ამ ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის ამ სიტყვებს:
ვფიქრობ, ევროპაში უსაფრთხოების და ნდობის ახალი მოდელი უნდა შევქმნათ. ეს იმიტომ, რომ ევროპის კონტინენტი ვერასდროს ვერ იქნება სტაბილური და უსაფრთხო, თუ რუსეთთან ურთიერთობას არ გავარკვევთ და არ მოვაწესრიგებთ. მოდით, გარკვევით ვთქვათ, რომ ეს არ არის ზოგიერთი ჩვენი მოკავშირის ინტერესებში. ზოგი ყოველთვის ეცდება ზეწოლა მოახდინოს, რომ მეტი სანქციები დაწესდეს. ეს მათ ინტერესებშია, თუნდაც ისინი ჩვენი მეგობრები იყვნენ, მაგრამ არა - ჩვენს ინტერესებში
ეს კაპიტულაციაა! ფაქტობრივად, მან განაცხადა, რომ აშშ-ის ინტერესები არ ემთხვევა საფრანგეთის ინტერესებს. ხოლო საფრანგეთის ინტერესი, უსაფრთო ევროპაა და ეს, რუსეთის გარეშე, არ წარმოუდგენია. როგორც ჩანს, მას ის დრო ენატრება, როდესაც რუსეთის მძლავრ იმპერიას „ევროპის ჟანდარმს“ ეძახდნენ. ყოველ შემთხვევაში, ევროპის უკანასკნელი ასი წლის ისტორიის შემხედვარეს, მე მხოლოდ ის შემთხვევები მახსენდება, სადაც ევროპის უსაფრთოებას, სწორედ რუსეთი უქმნიდა პრობლემებს, და არა პირიქით. გარდა ამისა, როგორც ჩანს მაკრონს ჰგონია, რომ შესაძლებელია რაიმე კონსტრუქციულს მოელოდე რუსეთისგან და მასთან შეთანხმება ხერხდება. არადა ყველამ იცის რა ფასიც აქვს რუსის სიტყვას და ხელმოწერას. და მაინც, რა ინტერესების მხედველობაში მიღებას გულისმობდა მაკრონი. რა არის ის, რაც რუსეთთან ურთიერთობებს მოაწესრიგებს. დიახ, აქ მხოლოდ „მოაწესრიგებს“, რადგან „გავერკვეთ“ უკვე დაგვიანებულია: პუტინი საკმაოდ გარკვევით აცხადებს: არა NATO-ს გაფართოებას; გავლენის სფეროები; და „კავკასია ჩემია“.. სირია და „ასად ახელი არ ახლოთ“; ყირიმი რუსეთია; და დემოკრატია, იმპერიალისტების მიერ მოგონილი ყბედობა.. და მაკრონი მზადაა გაითვალისწინოს, გაიგოს, შეუთანხმდეს. სამწუხარო ვითარებაა და მაგონებს 1921 წლისას, როდესაც ევროპამ გაგვყიდა, ხოლო ამერიკა შორს იყო. ახლა, ამერიკა იმდენად შორს აღარაა, მაგრამ ესაა ქვეყანა, რომელიც, როგორც ვატყობ, ავანტიურისტი პრეზიდენტისა და ამგვარი მოკავშირეების გარემოცვაში, პოზიციების დაკარგვის წინაშეა. ცხადია, აზრი არ შემიცვლია - აშშ-მა კიდევ მეტად უნდა გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან... და საკუთარ ცხიმში ატივტივებული დასავლეთ ევროპა, შეუძლია დაიკიდოს - გასაღები ქართველებს გვაქვს. მაგრამ ამას ტრამპი არ ეყოფა.. რეიგანი უნდა. არც ბიძინა - მინიმუმ, იოანე მარუიშისძეა საჭირო.
コメント