Кухонная полемика
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 24, 2019
- 5 min read
ჩვენ გვჯერა, რომ როგორც ადრე, ისე აღარაფერი იქნება და ამის რწმენაა, რაც ჯერ კიდევ გვაძლევს გამძლეობას და გვიძლიერებს გაცნდას, რომ „აი, მოიცა, საარჩევნო ბიულეტენი ავიღო..“. მაგრამ პროცესები და მათი მრავალფეროვნება, პერმანენტულობა, ტენდენციურობა და.. ზოგჯერ პრიმიტიულობაც კი, სულ უფრო მკაფიოს ხდის რიგგარეშე არჩევნების სილუეტს, რომელიც ივნისში ჯერ კიდევ მკრთალი იყო. და რაც ყველაზე საყურადღებოა, შეგვიძლია არც კი ვცადოთ გამოანგარიშება, თუ ვისი „თამაშია“ ეს. განა ბევრი „აქტორია“, ვისაც ეს ხელს აძლევს?

შეგვიძლია გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც რუსთაველზე დღემდე მიმდინარე აქციის ჯერ კიდევ დასაწყისში გაახმოვანა ამგვარი აზრი, მაგრამ მაშინ, მისი ვიდეომიმართვა ლამის უყურადღებოდ დარჩა - გაეკენწვლის რამდენიმე მცდელობას, მხედველობაში არ ვიღებ. საბოლოოდ, იდეა ჩაიკარგა - აბა, მაშინ ვინ წარმოედგინა, რომ ორ თვეზე მეტი, არავინ შეიბერტყავდა ყურს?..
ბევრმა ეს იმით ახსნა, რომ რეალურად, აქციაზე „სირცხვილია“ პროცესებს „ევროპული საქართველო“ მართავს, ხოლო მათ, ბუნებრივია, არ ეპიტნავებად სააკავშილის არავითარი აქტივობა, რომელიც მათ ოდნავ მაინც დაჩრდილავს, და|ან შუქის თუნდაც უმცირეს ნაკადს, მიმართავს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისკენ. ასეცაა - შემდგარ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ვისაც „არჩევნები დღეს“ ნაკლებად ან სრულიად არ აწყობს, ერთგვარ ლიდერად „ევროპული საქართველო“ მოჩანს. მან არა მხოლოდ ის შედეგები იცის, რაც ყველამ (ბოლოს, მათმა ყოჩმა ის 10% დადო, ხოლო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის შედეგები, უშუალოდ და პირდაპირ მათ რეზულტატად ვერ ჩაითვლება), არამედ ისიც, რაც სხვისთვის, შესაძლოა, დაფარულია - პარტია დღეს არა თუ არჩევნების მოსაგებად, არამედ უკეთესი მაჩვენებლის დასადებადაც არაა მზად.
რეალურად, სრულ მზაობაში დღეს არავინაა, მაგამ ესენი მეტადრე, ვინაიდან ახლა, ერთადერთი, რაც მათ ოპტიმიზს შეიძლება კვებავდეს, ეს ნულოვანი ბარიერია.
მაგრამ დაფარულია კი პარტიაში მიმდინარე პროცერსები?
გიგი უგულავამ მართლაც უხეში შეცდომა დაუშვა? ამით ხომ მან არა მხოლოდ პარტიის გეოპოლიტიკური ორიენტაცია დააყენა ეჭვქვეშ, არამედ გაამძაფრა უწინდელი მოარული ხმა, რომ „ევროპელები“ ივანიშვილისას თამაშობენ...
იქნებ სწორედ უგულავა გახლავთ საკვანძო ფიგურა ოლიგარქის ამ „საარჩევნო გამბიტში“?
და მაშინ ვინ იწირება? თამარ ჩერგოლეიშვილთან პაექრობა საჯარო სივრცის სასეირო გახდა. ეს პიროვნებები ერთმანეთს სოციალური ქსელით ესაუბრებიან. ჩერგოლეიშვილი აბრუნებს და აუღლებს, პრორუსებთან თანამშრომლობა თავში როგორ მოუვიდაო. საუბარი აი, ამაზეა. ხოლო უგულავა, ჩერგოლეიშვილს ტექსტებით მანიპულირებასა და იაფფასიან პროვოკაციებში ადანაშაულებს. მათი ეს Кухонная полемика უბრალოდ ამაზრზენია - დაახლოებით იმგვარადვე, როგორც ჟურნალისტურ წრეებში მიდინარე კინკლაობები. აფრენთ? ვის ცალია ერთი, მაგ უხეირო სეირისთვის, მომავალი წყდება.. ნუ, ესეც, ქოცისა არ იყოს, „მოდგმაა“ და სწორედ ეს ახასიათებს არ ვაპირებ სრულად გამოვაქვეყნო - თვალსაჩინოებისთვის, ესეც კმარა:
ჩერგოლეიშვილი: თუ ამოცანა რუსული გავლენის შემცირებაა, კრემლისტურ ძალებთან თანამშრომლობით ეს როგორ უნდა გაკეთდეს, ამოუხსნელი და გაუგებარია. სამწუხაროდ, ადამიანები ერთ შეცდომას რომ დაუშვებენ, აღიარების ძალა თუ არ ეყოთ, შეცდომების სპირალში შედიან. ჩემი შეცდომაა, რომ იმ დღესვე არ დაიდო ის ნიუსი. ვიცოდი რომ „ევროპულ საქართველოს“ გიგის განცხადება აზიანებდა და ვიფიქრე, შეუმჩნევლად ჩაივლიდა. ეს სწორიარ არის და ამისთვის ბოდიშს ვიხდი.
უგულავა: ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ცდილობდა საკუთარი პოსტებით (პირადი სივრცეა და მისი საქმეა) გაევრცელებინა სიყალბე და როცა თემა ვერ აწია ჟურნალისტური ეთიკისა და სტანდარტისიგნორირებით ინტერვიუს განზრახ შეცდომაში შემყვანი სათაური დაურთო. ეს ძალიან იაფფასიანი პროვოკაციაა... დასანანია, როცა გამოცემის მფლობელი პარტიაზე პირადი ძალაუფლების მოპოვებისთვის ასეთ უმსგავსო ხერხს მიმართავს. .. ზოგადად, ჩემი წარმოჩენა რუსოფილად ძალიან ბრიყვული და განწირულიმცდელობაა
თამარ ჩერგოლეიშვილის მტკიცება, რომ ის პარტიაში გავლენას ვერაფერზე ახდენს, ღიმილისმომგვრელია. როგორც ჩანს, მას დაავიწყდა, რომ ჩვენც ვიცით სად ვცხოვრობთ.
საკითხს რომ დავუბრუნდეთ..
ბუნებრივია, ახლა საუბარი იმაზე, თუ რა ძალებით გავლენ არჩევნებზე „ევროპელები“ ადრეა, რადგან, როგორც ვხედავთ, ჯერ თავად მათი რაობაა და როგორობაა გასარკვევი. მაგრამ წარმოვიდგინოთ და ამ წინააღმდეგობამ მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ ჩაიარა.. რას ცვლის ეს არჩევნების თარიღთან მიმართებით? პრაქტიკულად, არაფერს და ამდენად, პარტიის ინტერესი, კვლავინდებურად, დაცდაა - ამასობაში, ახალი ტელევიზიები დაფრთიანდებიან, საინფორმაციო ველზე ვითარება და როლები აეწყობა, ეგებ კიდევ ვინმე შეუერთდეთ, „თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად.. მაგრამ ვიმეორებ: ჯერ ეცადონ არ დაიშალნონ, არა თუ შეიერთონ ვინმე. და რაც მთავარია, ეგებ გამოჩნდეს ფული. ამასთან დაკავშირებით, ადრეც მოგახსენეთ და აქაც იყოს: ბოკერია პირველი იყო და, დრომდე, ერთადერთი, ვინც ხაზარაძესთან თანამშრომლობა დასაშვებად ცნო. თუმცა დათქმაც მოაყოლა.
ხაზარაძემ მაშინ დუმილით უპასუხა, რაც შესაძლებლობას ტოვებდა... მაგრამ, მხოლოდ შესაძლებლობას. სულ ახლახანს, ასეთი განცხადებები სულ უფრო მეტი ლიდერისგან ისმოდა, მაგრამ გუშინწინ ხაზარაძემ მკაფიოდ განაცხადა, რომ მის გვერდით, პოლიტიკის „ქურუმთაგან“ ერთ ძველ სახესაც ვერ ვიხილავთ. მაშ, მაინც კეზერაშვილი? საიდან? ჰიპოთეტური ბმის აი, ამგვარ ფორმულაზე რას იტყოდით: „ფორმულა კრეატივი“+კეზერაშვილის დააფინანსებული ახალი TV+„სირცხვილია“=„ევროპული საქართველო“. და შესაძლოა სწორედ აქაა უგულავა „უხერხული“ წევრი. მაგრამ ეს ჰიპოთეზაა.
ისე, კი ხომ ვიცით: ფული არჩევნებში ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. მაგრამ ახლა, „ევროპელთათვის“ მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - ახლა პარლამენტს მიღმა დარჩენა, მათთვის ძალიან ბევრს ხდის სათუოს და მათ შორის, პოლიტიკაში დარჩენასაც. ზოგადად - არა ინდივიდუალური ნიშნით, არამედ ორგანიზაციულად.
უფულოდ, მათ სწორედ ეს პერსპექტივა ეჭყანებათ.
ბუნებრივია, დაფინანსების წყაროებზე ახლა წარმოდგენა არ შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ვარაუდები უკვე დიდი ხანია „ცვივა“. და მე აქ არ ვგულისხმობ ერთ და ყველაზე ტირაჟირებულ ვარაუდს. ნებისმიერ ვარიანტში, ფული ან აქ უნდა მოიძიონ, ან საზღვარგარეთ და ის უნდა იყოს ლეგალური. სწორედ აქედან იკვებება სრულიად დაუდასტურებელი ჭორი იმის შესახებ, რომ „ევროპელები“ ივანიშვილის თამაშს თამაშობენ და ფინანსებში პორობლემა არ ექნებათ. მაგრამ მერე, მას შემდეგ რაც საპარლამენტო არჩევნები ჩასრულდება და გაირკვევა ვინ, სად და რამდენი? ამჟამინდელ „ოცნებასთან“ რაიმე პოლიტიკური კავშირი, კოალიცია და მთავრობის ერთობლივი ფორმირება შეგვიძლია ახლავე გამოვრიცხოთ - ამას ხელს არავინ მოაწერს და ბოკერიამ ეს უკვე ცალსახად დააფიქსირა:
ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ ვიყოთ წამყვანია ძალა, ჩვენს გარშემო მოხდეს მობილიზება პროდასავულური ძალების და ამ მიზანს, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს პარტნიორებთან - „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად
ახალი სახის „ოცნება“, თეორიულად დასაშვებია და აკი თავშიც მოგახსენეთ - ამჟამად, შესაძლოა, სწორედ ამ პროცესსაც ვადევნებთ თვალ-ყურს, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში, განახლებული პარტიასაც იგივე ლიდერი ეყოლება. ხოლო ეს, რაიმე ღია კავშირს ფრიად საეჭვოს არ ხდის მხოლოდ „მოურავის ალიანსისთვის“ და ნაფტალინიდან ამობობღებული წვრილფეხობისთვის, რომელიც ახლაც, მხოლოდ გამორჩენის სურვილით სულდგმულობს.
მაშ მაინც კეზერაშვილი? და ახალი ტელევიზია, რომელსაც ის დააფინანსებს? და „ევროპელები“... იქაც, თამარ ჩერგოლეიშვილი თავისი დაუფარავი სიძულვილით გვარამიას მიმართ, რომელმაც ამ ორიოდ თვის წინ ღიად განაცხადა, რომ სააკაშვილის „იგროკია“... - ფენომენალური ლიდერის და არა სექტის მეთაურისაო, დააზუსტა. როგორი კომბინაციაა?
ერთი სიტყვით, ვფიქრობ მეორე ოპოზიციური მიზიდულობის ცენტრი, რომლის შექმნის სურვილიც ამ რამდენიმე თვის წინ გაჟღერდა, „ევროპელებს“ არ დავიწყებიათ, მაგრამ ამის შანსი ნარჩუნდება მხოლოდ იმ დრომდე, ვიდრე დასტურ არ დადგინდება, რომ არ აქვთ ფული და არც „იმას“ შეკვრიან.
ვიდრე ეს მითი არსებობს, მოძლიერების შანსები არის. სხვა შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც „ნაციონალები“ უკვე ღიად სდებენ ბრალს, სახელობითაც უდიერად იხსენიებენ, მათთან პოლიტიკური კავშირიც შეგვიძლია გამოვრიცხოთ და ამდენად, „ევროპელებს“ ასეთ შემთვევაშიც, მოუწევთ ცალკე.
ვფიქრობ, ზოგადად, ეს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესია და შესაბამისად, შედეგიც სასარგებლო იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი „ევროპელები“ მხოლოდ ფრაქციის შექმნას მოახერხებენ.
გარდა ამისა, ეს, უბრალოდ, საინტერესო იქნება, მაგრამ ახლა აქ ბევრად მეტი წყდება და ამ „დახვეწილობებისთვის“, არავის ცალია. და კიდევ - „ევროპელებს“ უკვე ჰქონდათ შანსი პროცესების სწორედ „რიგგარეშე“ გზით წაყვანისთვის შეეწყოთ ხელი. ადრე ეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი ხანა იყო და ის, რომ ყოველივე ჯერ საპარლამენტო, ხოლო ბოლოს დიდი პოლიტიკურ კრიზისში არ გადაიზარდა, მათი გარჯაა. ეს შესაძლებელი იყო ივნისის მოვლენების კვადაკვალ, თუმცა, ვიმეორებ, სააკაშვილის იდეა, რომ საზოგადოებას რიგგარეშე არჩევნები მოეთხოვა, უყურადღებოდ დარჩა და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ „ევროპელებს“ აქვთ. ერთი სიტყვით, კონკრეტულად ამ გადმოსახედიდან, პირველი რიგის ამოცანა, რომელიც ამ პარტიის წინაშეა, შიდაგაუგებრობების დასრულებაა და აქ მაინც და მაინც ჩაცხრომა არ იგულისხმება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი რაიმე ახალ პერსპექტივებზე და, მათ შორის ვინმესთან გაერთიანებაზე. ყოფილი მერის პარტიაში, მოქმედი მერის ადგილი იშოვება? თუ ყოფილი მერისთვის, პარტიაც ყოფილი იქნება, ხოლო მოქმედი მერი „ოცნებას“ გაიყოფილებს, შანსები არის. მით უმეტეს, რომ ვინმე დიდჯიბიანი იაკობაშვილის გვარმა კეზერაშვილის თანადამფინანსებელთა შორისაც გაიჟღერა და კალაძის კონტექსტშიც. მსგავსი, მოძებნეთ თეგით: #ევროპულისაქართველო #გიგაბოკერია #გიგიუგულავა #თამარჩერგოლეიშვილი #დავითიაკობაშვილი #კახიკალაძე
Comentarios