top of page

Почём?

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მაქვს რეალური საფუძველი ან მის მამულიშვილობაში, ან უანგარობაში შევიტანო ეჭვი. არ მაქვს. ხმები, რომლებიც ვრცელდებოდა, ვრცელდება და კიდევ გავრცელდება, ვიცი რადაც ფასობს. ასე რომ, ვერაფერ მსგავს ვერ დავაბრალებ. ფაქტია - ის დამოუკიდებლად ცდილობს და ეს, უკვე პოზიტიურია, მაგრამ მისი ნათქვამი, რომ ამომრჩეველს ჰკითავს, დაუჭიროს თუ არა მხარი შავგულიძეს, სულ ცოტა, კომიკური გახლავთ. იმდენად მაინც, რომ მოშველიებული არგუმენტები უვარგისად ჩაითვალოს - გაცვდა.



დავით ბერძენიშვილმაც, შენიშნა: დაიბარებსო? რას ნიშნავს? ალკკ პლენუმია? ალბათ ბატონ ელისაშვილს ამგვარი აქცენტის დასმა არ სურდა, მაგრამ დააჯდა, ფაქტია. მთაწმინდის ოლქში დაბალი აქტოვობა დაფიქსირდა და არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ ის მეორე ტურში იქნება მაღალი. თუ, ცხადია მხედველობაში არ მივიღებთ „ოცნების“ მზაობას, ყალყზე დააყენოს მთელი აქტივი, რაც, პარალელურად, სხვა რესურსების - ფინანსურის, ადმინისტრაციულის, პოლიციურის ჩართვასაც ნიშნავს. ასეთ შემთხვევაში, ანუ როდესაც ამომრჩევლის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისაც „ოცნება“, თავისი კანდიდატიანად, არ მოსწონს, საგრძნობლად პასიურია, ხოლო მმართველი ძალა ქუდზე კაცს აცხადებს, შავგულიძის შანსები მცირდება და ელისაშვილის მხარდაჭერილი კანდიდატის 1000 ხმა, აღარაა პატარა ამბავი - ოლქის მასშტაბში, ცხადია. არ მგონია ელისაშვილს დავიწყებოდა, რომ მაშინ, როდესაც თბილისის მერად იყრიდა კენჭს, „თავისფუალი დემოკრატების“ მხრიდან, მხარდაჭერა, ყოველ შემთვევაში სიტყვიერი მაინც, სწორედ შავგულიძემ გამოუცხადა. მე არ ვიცი რატომ თქვა ელისაშვილმა ეს და ასე. შესაძლოა, იმიტომ, რომ ცალსახა პასუხისთვის მზად არ იყო, მაგრამ იმას, რაც განაცხადა, სწორედაც რომ ჯობდა, ეთქვა, ვსჯელობთ და ამდენად, ახლა ცალსახა პასუხისთვის მზად არ ვარო. ნუ, ჰო რა - უბრალოდ ღიად დაეტოვებინა. მაგრამ მან თქვა, რომ დაეკითხება ამომრჩეველს - მივა მათთან, დაურეკავს თუ რაღაც.. დაიბარებს(!) მათ და იმის მიხედვით იმოქმედებს, რასაც ეტყვიან... არ ვიცი, როგორ მოხდება ეს პრაქტიკაში - ცხადია, შესაძლებელია, მაგრამ... კარგი რა-აჰ! ეს ყველაფერი, ძალიან ნოყიერ ნიადაგს ქმნის იმისთვის, რომ ხმებმა სიარული დაიწყონ. მე დამღალა ამ მოარულმა ხმებმა. მე ვივარაუდებ - ელისაშვილი საჩუქარს არავის მისცემს, ყველაფერს აქვს ფასი. და აქ, მაინც და მაინც ფინანსურ ღირებულებაზე არაა საუბარი - ეს, შესაძლოა, რაიმე პოლიტიკური გარიგება იყოს. და ეს ჩვეულებრივი ამბავია. შესაძლოა სწორედ ამიტომაც, მან რამდენჯერმე თქვა და, ზოგჯერ სულაც უადგილოდ, ჩააკვეხა, რომ ცანცარს არ აპირებს. რა შუაშია?


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page