აბა, დაკრიჭე კბილები!.. (+video)
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 6, 2019
- 2 min read
ბუნებრივია, ცოტა არაა ისეთთა რიცხვი, ვინც თვლის, რომ ეს ორომტრიალი მხოლოდ მათ კერძო ინტერესებს თუ ვენდეტას ემსახურება. ასეთ ტიპაჟებს საოცარი შეგრძნება აქვთ მომენტისა და, როგორც წესი, გამარჯვებულის ამოცნობაში არ ცდებიან. ლექსიკა, რომლითც ისინი გესაუბრებიან, დამოკიდებულებები, რომელთაც ისინი ავლენენ.. - ყოველივე ეს უტყუარი ნიშნებია, მაგრამ არის კიდევ ერთი „ფაქტორი“, რაც ამოცნობას აადვილებს - ისინი, როგორც წესი, შანს არ უშვებენ ხელიდან, რომ საკუთარ თავზე (ან ორგანიზაციაზე) ისაუბრონ ისე, თითქოს საერთო ზრუნვის საგანს ეხებოდნენ.

დღეს ბევრს ვხედავთ ასეთს. პროდასავლურმა ძალებმა მიტმასნილი ორგანიზაციები თუ პიროვნებები უნდა ჩამოიცილონ - სხვა შემთხვევაში, ტრიუმფი არ შედგება. ხოლო ტრიუმფის გარეშე, რაიმე მიღწევაზე, შემობრუნებასა, სწორ გზაზე დადგომასა და აღმავლობის დაწყებაზე საუბრები, იქნება სიცრუე - ეს ყველაფერი, სულ ცოტა, ოთხი წლით გადაიდება. ყველას უნდა ესმოდეთ, რომ ელემენტები, როგორსაც მაგალითად თაკო ჩარკვიანის „კლუბი“ წარმოადგენს, ბალასტია. ცხადია, ტრიუმფზე ისინიც საუბრობენ, მაგრამ, რეალურად, მათი ინტერესი საკუთარი პერსონა და გარემოცვაა და თუ კი ამ ინტერესის დაკმაყოფილება მოხერხდა, ტრიუმფი არაა აუცილებელი.
რაც უნდა ხმამაღალი და მოსახლეობის განწყობასთან მისადაგებული განცხადება აკეთოს, ჩარკვიანის შინაარსი არ გამოიცვლება - ის პირადულს გამოკიდებული მოქალაქეა, რაც, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, სულაც არაა გასაოცარი.
არ ვიცი - შესაძლოა ქალბატონმა ჩარკვიანმა ეს როგორღაც ახსნა, მაგრამ ვინ იწამეთ? ფაქტია, ის ე. წ. ერთიან ოპოზიციაში სახედ დარჩენას ახერხებს და მეტიც, საუბრობს მათი სახელით. ამასწინდელ ინტერვიუში განაცხადა, უთუოდ უნდა შევკავშირდეთ რაღაც ერთი ქუდის ქვეშ, მაგრამ მას არ და ვერ ერქმევა „ნაციონალურიო“.
„ყველაფერს აქვს თავის დრო. ახლა რომ ცალკე ქუდით გავიდეს “ნაციონალური მოძრაობა”, ვერ გავა. ეს არავის არ უნდა ეწყონოს. თუ კიდევ ერთად იქნება, ეს იქნება პარიტეტული-კოალიციური მთავრობა, რომელსაც ხალხს დავპირდით იქ იქნებიან “ნაციონალები”, ადამიანები, რომლებსაც გააზრებული აქვთ იმ პერიოდის შეცდომები და ჩვენ ყველას ასევე გააზრებული გვაქვს აღმშენებლობები. აი, მაშინ მივიღებთ შედეგს.”
სიმართლე გითხრა, აღმშენებლობების გააზრება რა არის კარგად ვერ მივხვდი, მაგრამ აქ ეს არაა მთავარი. მე მსურს უბრალოდ ვიკითხო: ვინ უფრო დაინტერესებულია ერთობასა და მისი მეშვეობით რაღაცის მიღებაში? დღეს, როდესაც საარჩევნო ბლოკების საკითხი უარყოფითად წყდება, ჩარკვიანი პარიტეტული პრინციპით დალაგებულ, ერთიან სიაზე საუბრობს. საინტერესოა, როგორ აქვს მას წარმოდგენილი ეს პარიტეტი, ზოგადად სია და რა პრინციპითა და სახით იქნებიან მასში წარმოდგენილი, ვთქვათ, გამოცდილი „ნაციონალები“ ან „რესპუბლიკელები“, თავისი აწყობილი რეგიონალური სტრუქტურით, აქტივით, ფინანსებით და „კანონი და სამართალი“, რომლის ლიდერი კი აცხადებს, რეგიონებში მილეთის ხალხი გვასევია, ყოველდღიურად ვძლიერდებითო, მაგრამ ეს საქართველოა და ყველამ ყველაფერი ვიცით - სად, რა, როგორ და რის ხარჯზე.. პარტიის ლიდერს, რომელიც თავის ორგანიზაციას ამგვარად ხატავს, კიდევ სადმე უნდა ვხედავდეთ, სატელევიზიო ეთერის გარდა, არა?. ისე, დააკვირდით: მიუხედავად იმისა, რომ ჩარკვიანი „ნაციონალების“ გაკენწვლის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს, მას მაინც მოუწევს მისთვის კოჭის გორება, რადგან გუშინდელი დღიდან მოყოლებული, აქცია „სირცხვილია“ აღარაა მომხიბვლელი. არადა, თუ მცირე დეტალებს არ მივიღებთ მხედვლობაში, აქციის შინაარსი და დამოკიდებულებები უცვლელია. მაშ რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩარკვიანმა მას უდიერად მოხსენიება დაუწყო? როგორც ჩანს, მან საბოლოოდ გაარკვია, რომ „ევროპელები“ სათოფეზეც არ გაიკარებენ. დააკვირდით ჩარკვიანის ოპოზიციის „საგრიმიეროში“ შესვლას, როგორც პროცესს და თქვენთვის ძალიან ბევრი რამ გახდება ცხადი. ბუნებრივია, ვერავის ვაიძულებ და არც განმიზრახავს საკუთარი აზრი მოგახვიოთ, მაგრამ თუ კი იმისთვის უნდა გავისარჯო, რომ, ვთქვათ, სოფიო კილაძე გამოვიყვანო და ჩარკვიანს შევუძღვე, გამიჩერეთ, ჩავდივარ.
Comentarios