top of page

ადამიანთა და ქართველობის მტერი

Updated: May 16, 2019

უბრალო კაცი არ იყო, ეს ფაქტია, მაგრამ გენიოსობამდე იმდენივე აკლდა, რაც ქართველკაცობამდე.

ერთგან, გრიგოლ რობაქიძე იგონებს: „სტალინი.. საპირისპირო პოლუსი იყო ქართველობისა.“

ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნად გამართულ წვეულებაზე, მარშალ რიბალკოს უკითხავს, იყო თუ არა ქართველი. ბელადმა ასე უპასუხა:

„მე არ ვარ ქართველი, მე ვარ ქართული წარმოშობის რუსი!“

მასზე მოარულ ლეგენდებში, თუ კი რამ დანამდვილებით სიმართლეა, ესაა ამბები მისი ტირანობის შესახებ, ბოღმით სავსე გულისა და დაუნდობლობის შესახებ. ამდენად, წინასწარი შეთანხმების გარეშე, ვეჭვობ რიბალკოს კი არა, ვინმეს შეებედა მისთვის ასეთი პროვოკაციული კითხვის დასმა. ეს დადგმული გახლდათ, ისევე, როგორც პასუხი იყო შერჩეული.

საბოლოოდ, მე მაინც იქ ვარ, რომ ქართველკაცად ვერც გვარი გაქცევს და ვერც სისხლი და გენეტიკა. ადრეც ბევრჯერ მითქვამს: ქართველობა დღეს უკვე შეგნებისა და ღირებულებათა სისტემის საკითხია და არა წარმომავლობის. და ამ მოცემულობით, მთელი თავისი საქმითაც, სტალინი რუსი იყო. ეს მის იმ საქმეებსაც ეტყობა, რომელიც მან საკუთარ სამშობლოს (თუ დაბადების ადგილს) დამართა. ცხადია, მისგან არც თუ ცოტა ერს ერგო ამგვარი „ულუფა“, მაგრამ, ისევ და ისევ მისი ქართული წარმომავლობის გამო, ჩევნ მის ნამოქმედარს განსაკუთრებული სიმძაფრით აღვიქვამთ. ყოველგვარი მითების გარეშე, მხოლოდ დადასტურებული ფაქტები: საქართველოში შემოჭრის და მისი ახალგაზრდა დემოკრატიის, ახალი სახელმწიფოებრიობის დამხობა, სწორედ მისი და მხოლოდ მისი ინიციატივა გახლდათ.

„ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება, გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ, შესაძლოა, საჭირო შეიქმნას სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია“. - განუცხადა მან ორჯონიკიძეს, რომელმაც, საბოლოოდ, იმ ავბედით თებერვალს უპატაკა კიდეც, დეპეშით: „ლენინს, სტალინს..“

და აქ, ლენინი მხოლოდ საკმაზი იყო. საბოლოოდ, დემოკრატიული საქართველო დაემხო, მაგრამ ამით რუსი ბელადი არ გაჩერებულა. დღეს, ვის აღარ უწოდებენ ოკუპანტს და ვისკენ გადამისამართებას აღარ ლამობენ, მაგრამ რეალურად, სწორედ სტალინის ღწვით, ტერიტორია, რომელიც გასაბჭოებამდე თითქმის 108 ათას კვ. კმ-ს შეადგენდა, წითელი მაკრატლის მსხერპლი აღმოჩნდა და საქართველომ დაკარგა:

ტაოკლარჯეთი, სპერი, შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, ატოცი, ჭანეთი, ტაშირი, ჩრდილი, ჰერეთი, ბამბაკი, დვალეთი.

მისი ინიციატივით და პირდაპირი ბრძანებით შეიქმნა ნელი მოქმედების ნაღმები - ავტონომიები საქართველოს ტერიოტრიაზე და დღეის მდგომარეობით, აღარც ეს ტერიოტირები ექვემდებარება ცენტრალური ხელისფლების კონტროლს. საერთო ჯამში, საქართველოს ტერიტორიული დანაკარგი 40.000 კვ. კმ-ს აღემატება და იმისთვის, რათა უკეთ წარმოიდგინოთ მასშტაბი, დავამატებ: შვეიცარიის ტერიტორია 41 285 კვ. კმ-ს; ნიდერლანდების - 41 528 კვ. კმ-ს; ხოლო ბელგიისა, სულაც 30 528 კვ. კმ.-ს შეადგენს. ოციანი წლების პირველი ნახევარი, არისტოკარატიის, შემოქმედებითი თუ სამეცნიერო-ტექნიკური ინტილიგენციის ამოწყვეტას მოანდომა - ვინც გაასწო, გაასწრო. შემდეგ გლეხობას მისდგა. 30-იანი წლების ბოლოს კი, მოწინავე საზოგადოების ბოლო ნარჩენებს და, მათ შორის, სამხედრო წრის თვალსაჩინო წარმომადგენლებს დაერია და ამოწყვიტა - თაობები გამოცხადდნენ ხალხის მტრის შვილებად და გამოიყარნენ ქუჩაში, ან გაიზარდნენ ე. წ. „პრიუტებში“ - დედმამისშვილთაგან განცალკევებით, ტვინის საგულდაგულო გამორეცხვითა და გაზომბებით. მეორე მსოფლიო ომში, რომ იტყვიან, საჯიშები ბიჭები - უმეტესად 18-25 წლის ახალგაზრდები, ერის გენოფონდი - 700.000 კაცი გაისტუმრა და მარტო ქერჩს, 86.000 შეახოცა. საბოლოოდ მსხვერპლმა სამ ასეულ ათასს გადააჭარბა და როგორც ყველამ ვიცით, ომში მონაწილე 70 სახელმწიფოს და კიდევ მეტ ერთა შორის, მსხვერპლის ყველაზე მაღალი პროცენტით „რეკორდსმენები“ ვართ. და აქაც შედარებისთვის - 1989 წლის საყოველთაო აღწერით, საქართველოს მოსახლეობა ხუთ მილიონს აჭარბებდა. როგორ გგონიათ, რა მაჩვენებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი რუსი ბელადი ქართველ ხალს ამ ირიბ გენოციდს არ დამართებდა? საკმარისია.


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page