თურაშაულის პატრონები
- კოტე ნიშნიანიძე
- Sep 7, 2019
- 2 min read
საქართველოში, გეოლოგია, როგორც დარგი, ცოცხალია - ჯერ კიდევ არის სამეცნიერო წრეები, ადამიანები, ვინც თეორიულ ცოდნას ფლობს და ავრცელებს, ინსტიტუტები, რომლებიც ახორციელებენ და რაღაც დონეზე, ახლაც მზად არიან განახორციელონ კვლევები, მაგრამ რამდენადაა ეს ასახული პრაქტიკულ ნაწილში, გამიჭირდება თქმა. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოში მიმდინარე ამ სამშენებლო ბუმის რაღაც ეტაპზე, გეოლოგია ფორმალობამდე იყო დაყვანილი და ქაღალდზე ეტეოდა.
საქართველოს ლანდშაფტური მრავაფეროვნების წარმოსახვაც კი საკმარისია, რომ გააცნობიერო, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენში გეოლოგიის მაღალ სტანდარტზე ყოფნა, რაც მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა იყოს. გიგანტურ მშენებლობებზე, ჰესებზე, გვირაბებზე ახლა არაფერს ვიტყვი - არც ისე კომპეტენტური ვარ და თქმაც სულ სხვა რამისა მსურს. იმათ რიცხვში ვარ, ვინც თვლის, რომ საქართველო გაცილებით მდიდარია, ვიდრე უმრავლესობას წარმოუდგენია. გეოლოგია კი ერთ-ერთია იმ დარგებს შორის, რომელიც განგებისგან ბოძებულ სიმდიდრეს აღრიცხავს. ადრე, როდესაც მეცნიერებანი ერთეულთა ხვედრი თუ ჯილდო გახლდათ და ხშირად, ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობამდე იყო დაყვანილი (ვთქვათ, როგორც მეტალურგია მაღალი დონის მჭედლობამდე), ჩვენმა წინაპარმა მეტ-ნაკლები სურათი იცოდა ყოველივესი, რასაც და სადაც ფლობდა. თუმცა, ცხადია, ამ ცოდნას განაპირობებდა მოთხოვნა, რაც იმ დროისა და საზოგადოების, და ზოგადად, კაცობრიობის განვითარებით იყო ნაკარნახევი (ცხადია, იმავე ქვანახშირზე მოთხოვნა ყოველთვის არ იყო იმგვარი, როგორც XIX saukunis მეორე ნახევრიდან). წინაპართა ის უძველესი ცოდნა, დღეს, მხოლოდ ტოპონიმებშია შემონახული - ისეთებში, როგორიცაა, მაგალითად, სარკინე. საწარმოო რევოლუციამ, საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფს მოუწია, მაგრამ ამ მოვლენამდეც, ჩვენთან გრძნობდნენ, რომ დრო მოთხოვნებს შეუქცევადად ცვლიდა, ამრავალფეროვნებდა და საქართველოს, აქ გარკვეული სარგებლის ნახვა შეეძლო. სწორედ ამიტომ იწერდა ერეკლე სხვა და სხვა დარგის სპეციალისტებს ევროპიდან და დაუღალავად ითხოვდა მათ რუსეთისგან.
როგორც ცნობილია, ამაოდ - გეოლოგს, ინჟინერს და საფორტიფიკაციო საქმის სპეიცალისტს კი არა, ზარბაზნის ჩამომსხმელსაც ვერ ეღირსა. მოგვიანებით, რუსეთმა საქართველოს გეოლოგიური ათვისება თავად დაიწყო და უნდა ითქვას, XIX საუკუნის მიწირულისთვის, ამან გარკვეული ბიძგი დარგის პროგრესს საქართველოში, უფრო კი ქართველებში, მისცა. ასეა თუ ისე, ჩვენში უკვე თავისი დროის მაღალი დონის სპეცილისტებმა დაიწყეს გამოჩენა და ქართველობამ სამეცნიერო სიმაღლეეებზე დაბრუნება დაიწყო, რაც საბოლოოდ, უნივერსიტეტით დაგვირგვინდა. გეოლოგიაში, მსოფლიო დონის სამეცნიერო ვარსკლავი ალექსანდრე ჯანელიძე გახლდათ. საკმარისია აღინიშნოს, რომ სახელგანთქმული მეცნიერი, თავისი დროის სხვა და სხვა პერიოდიკასა თუ სამეცნიერო გამოცემებში სამყაროს წარმოშობის საკითხებზე მაღალკვალიფიციურად კამათობდა და მას უსმენდნენ.

და რაკიღა საუბარი საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეზე დავიწყეთ, მის ნაღვაწსაც, კონკრეტულად ამ კუთხით წარმოგიჩენთ. ის ქართული გეოლოგიური სკოლის ფუძემდებელია. გასული საუკუნის 30-იან წლებში, მან წამოიწყო და თავი გაართვა საქმეს, რომელიც დღესაც სიტყვის მთქმელია.
1933 წელს, მისი თაოსნობით, ხანგრძლივი და მრავალჯერადი ექსპედიცი ამოქმედდა. ამოცანა: საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა სრული კატალოგის შედგენა. საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. კატალოგი შეიკრა და ის ის 1200 გვერდისგან შედგება. წარმოგიდგენთ მცირე ჩამონათვალს:
წიაღისეულის მიკვლეული რაოდენობა 70-ს აჭარბებს (თითქმის მთელი მენდელეევის ტაბულა), ოქრო ვერცხლი, სპილენძი, თუთია, ტყვია, რკინა, ბარიტი, გრანიტი, ბაზალტი, თეთრი (ანუ ლოპოტას) მარმარილო, სალიეთის მარმარილო, გაბრო, ვულკანური ქანების მრავაფეროვნება... მეგობრებო, ეს ზოგადი გეოლოგიური სურათია მხოლოდ. არადა, საკმაოდ დიდი სიაა, არა? - 1200 გვერდი
მას მერე, კვლევის მეთოდიკაც შეიცვალა, ტექნოლოგიებიც. საჭიროებებიც, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც მოგახსენეთ, მოთხოვნები პროგრესის მიხედვით, ცვალებადია. წესით და სათანადო წესიერებით, საქართველო უმდიდრესი ქვეყანა უნდა იყოს. მაგრამ აჰა - თურაშაულის პატრონი ტყეში დაეძებს პანტასაო.
Comments