წარსული, რომელსაც ჩვენ ვქმნით
- კოტე ნიშნიანიძე
- Sep 8, 2019
- 1 min read
ვის არ უნახავს ეს ფოტო... მგონი ყველას ნანახი გვაქვს.
ცხადია, არაა გამორიცხული, რომ ეს მხოლოდ ფოტოსთვის იყვნენ ასე გამოწყობილნი, მაგრამ, მაინც.. ყოველთვის, რაღაც უცნაურ შეგრძნებას მიტოვებდა...
წარმოგიდგენიათ? - 1800-იანი წლებია, კაცობრიობას საზღვაო იმპერიები მართავენ, ევროპა და სხვა კონტინენტები მოუცვია ტექნიკურ და საწარმოო რევოლუციებს;
აღმოჩენა აღმოჩენაზე კეთდება..
ქართველები კი, ჯერაც შუასაუკუნეების ჯაჭვის პერანგებსა და ჩაფხუტებში იცავენ ქართველობას.
დავაზუსტებ: შუა საუკუნეების მსგავსით კი არა, ზუსტადაც რომ შუასაუკუნეების - ასწლეულებით ნახმარსა და ნაცადს.
თუმცა, დრო და უდროობა, მათაც დატყობიათ.

ცხადია, ეს მაჩვენებელია, რომ უკვე ასეულობით წელი გახლდათ, რაც ჩვენ არამც თუ ვმონაწილეობთ პროგრესში, არამედ დამკვირვებელიც კი აღარ ვიყავით - არ გვეცალა - გადარჩენისთვის ვიბრძოდით. არც სახსარი გვქონდა და არც გზა. აქეთ ოსმალეთი გვღობავდა, იქით კიდევ რუსეთი, რომელიც თითქოს რაღაც პროგრესული მატარებელად მოჩანდა, მაგრამ ამოწყვეტით, გადასახლებით, გადაშენებით, ასიმილაციის მუდმივი საფრთხით, კვლავ მუზარადში მაცხოვრებდა.
და მეორეს მხრივ, ეს ხევსური მოყმენი, მათი დგომი, გამომეტყველება აშკარას ხდის, რომ ბრძოლა, მიუხედავად ყველაფრისა, არც მაშინ შეწყვეტილა და ეს წარსულის სახეები, ვითარცა მაშინდელ ხევსურებში განსხეულებული წინაპრები, მუდამ მზად არიან. მაგრამ, მეგობრებო..
განა პირველი ან უკანასკნელი ვარ ჩვენ შორის, ვინც იტყვის, რომ მომავლით უნდა ვიცხოვროთ და არა წარსულით? დროა დავეხსნათ ლეგენდებს და რეალობას გაუსწოროთ თვალი.
წარსული არ უნდა დაგვავიწყდეს და არა მხოლოდ როგორც სიამაყის საგანი, არამედ, როგორც გაკვეთილი. და თუ კი წარსულისკენ უნდა ვიცქიროთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არა დაგვავიწყდეს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. და რაც კიდევ მეტად მნიშვნელოვანია - როგორ არ ვიმოქმედოთ! როგორ ისე, რომ შთამომავალთაგან, არავის ვათქმევინოთ, სადღა იყვნენ მაშინ კაცებიო.
ილიას დანაჩივლები ყველას გვახსოვს: ჩვენში სიტყვა „კაცი“ ისე დაკნინდა, რომ წინ „კაცურის“ დამატება ჭირდებაო. ახლაც ეს სურათია, თუ უფრო სავალალო არა, მაგრამ ლექსიკაში გამოხატულ მდგომარეობას, მეტ დროს ნუღარ დავუთმობთ - მხოლოდ შინაარსი ვთქვათ, რომელიც ასე თუ ისე ყველას გააზრებული გვაქვს. მალე დადგება ეგ დრო და სულ ვამბობ ამას. ჩვენც ვიღაცის წარსულს ვქმნით, ხომ არ დაგავიწყდათ?
Comentarios