ავა - შოტლანდიელი შავგვრემანი
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 6, 2018
- 1 min read
Updated: Mar 26, 2019
შოტლანდიის ჩრდილოეთში, საგზაო სამუშაოების წარმოებისას, 1987 წელს მიაკვლიეს სანიმუშოდ ნათალი ქვის ფილებისგან შეკრულ საძვალეს, რომელშიც ბრინჯაოს ხანის ქალის ცხედარი აღმოჩნდა. ის 4250 წლის წინ, ანუ ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა.
მას ავა უწოდეს.

მიგნებამ დიდი რეზონანსი იქონია. ბრიტანელი მეცნიერები მთელი მაშინდელი სიმძლავრეებით ამოქმედდნენ და, ყველაფერთან ერთად, ავას გარეგნობის რეკონსტრუქციას მოკიდეს ხელი. საერთოდ, აღმოჩენის უშუალოდ შოტლანდიაში გაკეთებამ და ამის გამო ატეხილმა აჟიოტაჟმა, შემდგომ კვლევას ერთგვარი დაღი თავიდანვე დაასვა და არასწორი მიმართულებით წაიყვანა - ყველამ ჩაათვალა, რომ ავა იყო წითური ან ჟღალთმიანი, ცისფერთვალება ქალი.

ანუ, 30 წლის წინ, მეცნიერები უკვე ფლობდნენ სახის ნაკვთების, კუნთოვანი ქსოვილის რეკოსნტრუქცის მეთოდოლოგიას, თუმცა გენეტიკა ჯერ კიდევ არ იყო ამ სიმაღლეებზე. და კვლევებში ან არ გამოიყენებოდა, ან ძალიან „დაბალი რეპუტაციის“ მაჩვენებლად ითვლებოდა და მხედველობაშიც, იშვიათად მიიღებოდა. ამან, თავისმხრივ ასობით თეორიის წარმოდგენისთვის კარგი პირობები შექმნა და ჰიპოთეზას, ჰიპოთეზა მოსდევდა, მაგრამ საბოლოოდ, თემა „დაიღალა“ და ერთხელაც, ყველა შეთანხმდა - ავა ტიპიური ბრიტანული გარეგნობის ადამიანი გახლდათ, რაც ნიშნავდა, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2200 წლის წინ, რეგიონალურ-ეთნიკური იერსახის ფორმირების პროცესი, უკვე დასრულებული იყო.
თუმცა წლების შემდეგ, როცა კვლევის მეთოდოლოგია, გამომდინარე ტექნიკური მიღწევებიდან, დაიხვეწა და იმავე გენეტიკური მწკრივის სრული გაშიფვრაც მოხდა, სამეცნიერო სამუშაო ახალი ენერგიით გაჩაღდა. საბოლოოდ კი, ავას გენომის სრული ანალიზი ჩაატარეს. მათ შორის, შეისწავლეს კბილის ემალში შემონახული სტრონციუმ 14 და დააგინეს, რომ მას შავი თმა და ყავისფერი თვალები ჰქონდა, ხოლო წარმოშობის ადგილად, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივებთან გენეტიკური მსაგვსება არ გააჩნდა, სტორნციუმის ანალიზის შედეგად, ევროპის ჩრდილოეთი განისაზღვრა.

იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა მიზნით აღმოჩნდა ის დაბადების ადგილიდან ასე შორს, ცალსახა პასუხი ჯერ არავის აქვს.
Comments