top of page

ამერიკის წყალქვეშა „რეპტილია“

1 ივლის რუსულ წყალქვეშა ფლოტს კიდევ ერთი ტრაგიკული ამბავი დაატყდა - წყალქვეშა აპარატი AC-12 „ლოშარიკი“ კატასტროფის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში მოხდა და მას 14 სამხედრო ემსხვერპლა.

ეს წყალქვეშა ნავი, ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული და მოწინავე იყო რუსულ ფლოტში და ბატისკაფისა და სუბმარინის ჰიბრიდს წარმოადგენს. მას 6 კილომეტრის სიღრმეზე შეუძლია ჩასვლა. ოფიციალური მიზანი კვლევა, სამაშველო სამუშაოები და დაზვერვა.

მისი შიდა კორპუსი ტიტანის შენადნობისგან არის დამზადებული.

აღსანიშნავია, რომ ამ წყალქვეშა ხომალდზე, ეკიპაჟი სულ 25 წევრისგან შედგება და, დამკვიდრებული წესის თანახმად, ყოველი მათგანი მაღალი კვალიფიკაციის ოფიცერია. ეს არ გახლავთ საბრძოლო ხომალდი, თუმცა დაზვერვასთან ერთდ, რიგი სხვა სამხედრო ამოცანების შესრულება შეუძლია. წყალქვეშა ხომალდის კატასტროფის შესახებ ქართული მედიიდან შევიტყვე. მასალის გაცნობისას, მე სულ სხვა ინტერესი გამიჩნდა და მსურს გაგიზიაროთ მანამდე კი ვიტყვი, რომ რუსებმა, ცხადია, ტრადიციული ახსნა შემოგვთავაზეს - აწარმოებდა კვლევებს, ხანძარი გაჩნდა შემთხვევით...

ამ რუსული წყალქვეშა აპარატის აგება 1990 წელს დაუწყიათ, თუმცა უსახსრობის გამო, ვადებში ვერ ჩაჯდნენ და მხოლოდ 1995 წელს შეძლეს დასრულება. მას მერე, მისი მოდერნიზაციის შესახებ ცნობები არ მომეპოვება. „პრაიმ-თაიმის“ მასალაში შემხვდა ცნობა იმის შესახებ, რომ ანალოგიური აპარატი, შორეულ 1969 წელს ამერიკელებსაც შეუქმნიათ, როგორც ექსპერიმენტი. მეც სწორედ ამ აპარატმა დამაინტერესა, ვინაიდან სულაც არ გამიკვირდება, რომ მისი უფრო თანამედროვე ანალოგებიც არსებობდეს, თუმცა, ეს, მგონი, არც გახლავთ საჯარო ინფორმაცია.

ერთადერთი, რაც შესაძლებელს ხდის, ვივარაუდოთ ასეთი აპარატის მოდერნიზებული ვარიანტების არსებობა, იმ საჭიროებების ცოდნაა, რომელიც მის პირველ ანალოგს ჰქონდა და იმ საჭიროებების გააზრება, რაც ამ ტიპის აპარატს დღეს, XXI საუკუნესა და ციფრულ ეპოქაში შეიძლება ედგას.

დავიწყოთ იმით, რომ ამერიკული ხომალდი NR-1 (Navy Reactors-1) ატომურია და თავიდანვე, მსოფლიოში ყველაზე პატარა ატომურ წყალქვეშა ნავად ითვლებოდა - წყალში 1969 წლის 25 იანვარს ჩაუშვეს.

ცივი ომის პირობებში, ის გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაპროექტდა და აიგო და თავიდან, ოკეანოგრაფიული სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების ხომალდად გასაღდა; მოგვიანებით, ღრმაწყლოვანი სამაშველო ოპერაციები დააბრალეს თუმცა, რეალურად, საგანგებო დანიშნულების მზვერა-ჯაშუში გახლდათ.

ყველაფერი დაიწყო პროექტით, რომლის კოდური სახელწოდება გახლდათ IVY BELLS. 1960-იანი წლების დასაწყისიდან, შტატებმა მსოფლიო ოკეანეში განათავსეს რამდენიმე მოდიფიცირებული წყალქვეშა ნავი (პროექტი USS Halibut), რომლებიც უკვე საგანგებო დანიშნულების ხომალდებად ექციათ და ამით შეიქმნეს შესაძლებლობა, პირდაპირ მიერთებოდნენ საბჭოეთის კავშირგაბმულობის კაბელებს (SCC), რომლებიც ფსკერს მიუყვებოდა, დიდ მანძილზე განლაგებულ ბაზებსა და ხომალდებს მთავარ შტაბთან აკავშირებდა და, რადიო-სიგნალთან შედარებით, მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ ითვლებოდა. სწორედ ამიტომაც, გადაცემები ხდებოდა ყოველგვარი კოდირების გარეშე - ღია ტექსტით. ამან ამერიკელებს მისცა შესაძლებლობა დაენახათ სრული სურათი საბჭოთა კავშირის წყალქვეშა ფლოტის, ოპერაციების, გადაადგილებათა, პროცედურების, მარშრუტებისა და ზოგადად, მზადყოფნის შესახებ.

ეს ამერიკელთა უდიდესი წარმატება გახლდათ. თუმცა, კარგი დასაწყისი არც ისე კარგად გაგრძელდა. ამერიკის უმაღლეს სარდლობაში იყო ადამიანი, რომელიც პროექტ Halibut-ს ეჭვის თვალით უყურებდა. როგორც ბირთვული რეაქტორების განყოფილების თავკაცი, ადმირალი ჰაიმან ჯ. რიქოვერი (Hyman G. Rickover), უშუალოდ წყალქვეშა ატომურ ფლოტსაც ხელმძღვანელობდა და ყველაფერს, რაც მას უკავშირდებოდა. როგორც ატომური სამხედრო-საზღვაო ფლოტის მამა, ის უშუალოდ აკვირდებოდა ატომური ენერგიის სამხედრო სფეროში სწრაფ და ზედმიწევნით წარმატებულ დანერგვას და ყოველივეს რკინის ხელით მართავდა. ერთადერთი ასპექტი, რომელზეც მას არაფერი ჰქონდა სათქმელი, ეს სადაზვერვო მონაცემები იყო, რადგან ეს მისთვისაც დახურული ინფორმაცია გახლდათ. სწორედ ეს განაპირობებდა მის უნდობლობას. ყოველ შემთვევაში, ამან საზღვაო დაზვერვასა და ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროს მისცა შესაძლებლობა, არ მიეშვათ იგი და მეტიც - პიროვნება ლამის იზოლაციისა და მივიწყებისთვის გაიმეტეს.

თუმცა, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან თითქმის გარიყული და „რადარებიდან“ გაუჩინარებული ადმირალი არ დანებდა და უკვე კერძო პირის სახით, დაწყებული საქმის დასრულებას შეუდგა - მან განიზრახა შეექმნა დამოუკიდებელი მისია. მასთან ერთად მუშაობდა ჯონ პ. ქრეივენი (John P. Craven) - მეცნიერი, რომელმაც პირველი ამერიკული წყალქვეშა ნავის მოდერნიზაცია მოახდინა (ხომალდი „პალტუსი“).

საბოლოო ჯამში, შეიქმნა წყალქვეშა აპარატი NR-1, რაც იშიფრება როგორც Navi Reactors, თუმცა რიქოვერის გვარზეც აკეთებდა მინიშნებას. დასახელებაში პრეფიქსის USS გამოყენებისგან თავი შეიკავეს არა მხოლოდ იმის გამო, რომ პროექტი დამოუკიდებელი გახლდათ, არამედ იმ მიზეზითაც, რომ ასეთ ატომურ წყალქვეშა ხომალდებზე ქვოტა არსებობდა - ე. წ. „41 თავისუფლებისათვის“, რაც პირველ რიგში სახელმწიფოს ზღუდავდა და არა კერძო პირს. NR-1 ყველას წინამორბედისგან განსხვავებული იყო. ნაცვლად მყვინთავებისა, რომლებიც მიერთებებსა და სხვა გარე სამუშაოებს უზრუნველყოფდნენ, ეს ხომალდი ჰიდრავლიკური მანიპულატორის „ხელებით“ ოპერირებდა. ამის მიზეზი კი ის გახლდათ,, რომ სიღრმე, რომელზე დაშვებაც ამ აპარატს შეეძლო, ადამიანთათვის გადაულახავი წინააღმდეგობა გახლდათ. თავად აპარატიც, მთელი თავისი ფორმით, სწორედ ისე უნდა გათვლილიყო ჰიდრო-დინამიკისა და ზოგადად, ფორმის თვალსაზრისით, რომ უდიდესი წყლის მასის მიერ წარმოქმნილი წნევისთვის გაეძლო. თუმცაღა, ის 30$ მილიონი ჯდებოდა და ამიტომ, ყველაფერს „სამაშველო ხომალდი“ დაერქვა და ამ ნიშნით აიგო.

რაც ყველაზე საგულისხმოა - წყალქვეშა ნავი აღჭურვილია ბორბლებით, რათა ფსკერზე გადაადგილება შეძლოს, როგორც ისტორიამდელ რეპტილიამ ან ოკეანეთის უცნაურმა არსებამ, რომლის ასაკიც ევოლუციისა და ადაპტაციის მილიონობით წელია. მაგრამ შეგახსენებთ, რომ ის 1969 წელს, ნახევარი საუკუნის წინ აიგო. შესაბამისად დღეს, ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ამოცანები სულ სხვაა და კავშირგაბმულობის წყალქვეშა კაბელებსაც, რომელზეც ღია ტექსტით ალბათ აღარავინ საუბრობს, მუდმივი მონიტორინგი უტარდებათ. მაგრამ თავისთავად ეს, ცხადია, ვერ გახდება გადაულახავი წინააღმდეგობა იმისთვის, რომ აპარატის მოდერნიზაცია მომხდარ ამბად ვივარაუდოთ. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ რუსებმა რაღაც ანალოგიურის შექმნა, მხოლოდ 21 წლის შემდეგ განიზრახეს და სცადეს. ეს, შესაძლოა იმის ნიშანიც იყოს, რომ ამ დრომდე, ამერიკელთა ამგვარ აპარატზე ინფორმაცია არ ჰქონდათ (გაიხსენეთ, არა ერთი სამხედრო დანიშნულების ობიექტი თუ აპარატი, რომელთა არსებობაც, წლობით არ იყო ცნობილი), თუმცა, სულაც არაა გამორიცხული, რომ ეს ამერიკელთა ახალი პროექტებისადმი საპასუხო რეაქცია იყო. მით უმეტეს, რომ ინტერნეტში მოძიებულ ფოტოებზე, ამ სახელწოდების ხომალდი სულაც არ გამნოიყურება 50 წლის ჯართად.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ რუსებს ყველგან ხანძარი აქვთ - როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page