top of page

მოშავ-მოწითალო, ცენტრალური..

„ცენტრალური ხელისუფლება“ - შესაძლოა ათწლეულებიც კი არის გასული, რაც სიტყვათა ეს წყობა ესოდენ აქტიურ მოხმარებაში არ ყოფილა. ამ ბოლო დროს, თვალშისაცემია ტენდენცია, რომ ხელისუფლების სხვა და სხვა უწყების ამ თუ იმ რანგის მოხელე, დასწავლილივით, მოიხმარს მას. ყოველგვარი ლოგიკით, აქვე უნდა ისმოდეს საპირწონეც, ვთქვათ, როგორიცაა „ანტიკონსტიტუციური ძალები“ და ამგვარები, მაგრამ ეს არ ხდება. ცხადია, სეპარატისტების ამ ტერმინით („სეპარატისტები“) სახელდებაში, შეცდომა არსადაა, მაგრამ აქ უნდა ვიკითხო: როგორ გგონიათ, საქართველოს ხელისუფლებაში მივიდნენ აზრამდე, რომ ეს ხროვა, რომელსაც ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ ან აფხაზეთის ხელისუფლება ეწოდება, არაა იქ დარჩენილი მოსახლეობის ნების გამომხატველი და, შესაბამისად ის არცერთ დისპოზიციაში ცალკე სუბიექტად არ განიხილებიან? ცუდი არ იქნებოდა და საერთაშორისო სამართლის ანა-ბანაც ამას ცხადჰყოფს - როდესაც ასობით ათასი მოქალაქე დევნილობაშია, ეგ რეფერენდუმის ან/და არჩევნების შედეგები, სადმე გაიკეთო, ჯობს. მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ მმართველი ძალისგან რაიმე მწყობრი და ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაში მყოფი იყოს მოსალოდნელი. იცით, უკვე ისიც ჭირს, რომ „ოცნებას“ რაღაც მონოლითური გაერთიანება, თუნდაც გულის გასაკეთებლად, უწოდო. ჰოდა, სულაც არაა გამორიცხული, რომ ერთი და იმავე საკითხზე, სხვა და სხვა ხედვის ინდივიდები მოგვიმრავლდნენ. საერთოდ, თუ კი ჩავთვლით, რომ ეს მართლაც მოხდა და საქართველოს ხელისუფლების გონებაში მართლაც ინათა, ეს მართებული პოზიციაა - ჩვენს გარდა, ამ კონფლიქტებს, ერთადერთი მხარე ჰყავს და ეს რუსეთია. და როგორც ჩანს, დღეს „ოცნებაში“ სულ ცოტა ორი ტიპის ძალააა გამოკვეთილი და ზოგადი სახელდებით, ასეა: ის, ვინც არაა მზად ყველაფერზე, მაგრამ კომფორტი ძალიან მოსწონს, უნდა ითქვას და ის, ვინც ყველაფერზე ხელისმომწერია და არა მხოლოდ კომფორტის, არამედ ოდინდელი სამსახურის გამო. იყო დრო, როდესაც რუსეთის კონფლიქტის ინსპირატორობას ვხსნიდით მისი მცდელობით, უბრალოდ შეენარჩუნებინა იმპერიის საზღვრები. შემდეგ მივედით აზრამდე, რომ ეს რუსეთის ხელში ზემოქმედების უნივერსალური ბერკეტია - მოქმედებს ნებისმიერ ვითარებაში, და არც უამისობაა, ცხადია. შემდეგ, ეს ყველაფერი საქართველოს, როგორც წარმატებული სახელმწიფოს არდაშვების მწველი წადილით, ნატოს გაფართოვებისთვის ხელის შეშლის სურვილით აიხსნა და ეს საბოლოო „დიაგნოზია“... რასმუსენმა სახტად დაგტოვათ? ამაოდ, ვინაიდან მისი სიტყვების იმ კონტექსტითა და დატვირთვით ტირაჟირება, რასაც ახლა ქართული მედია და მისგან გამომდინარე, სოციალური ქსელი გვთავაზობს, კონკრეტული ინტერესის სამსახურშია და ეს არაა საქართველოს ინტერესი.

პრესის „ღვაწლია“ ისიც, რომ ზოგიერთი „მოშავ-მოწითალო“ ინდივიდი, მაგალითად, ამხანაგი ვოლსკი, ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს ყოფილი გენერალური მდივანი გვთავაზობს დავფიქრდეთ, ეგებ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში აფხაზეთისა და ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე გავწევრიანდეთ.. გადაწყვიტეთო და გვითხარით, დავფქირდებითო. რასმუსენის სიტყვების არაკორექტულ ციტირებას ვოლსკი იმდენად ოპერატიულად გაეპასუხა, რომ ამას თეთრი ძაფით ნაკერიც აღარ ჰქვია, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ აქაც, ვრცელდება მისი სიტყვების მხოლოდ „საჭირო“ ნაწილი, სადაც ის აცხადებს:

„ამ ტერიტორიებზე ვერც ჩვენ და ვერცერთი პოლიტიკური ძალა უარს ვერ იტყვის, არ იტყვის, რადგან ისტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლაა..“

სათაურში გამოტანილი ეს ფრაზა საკმარისა, რომ გაგახსენდეს - ვოლსკი მოშავ-მოწითალოა. არადა, თუ კი ტექსტს ჩავუყვებით, აღმოვაჩნეთ, რომ პრინციპში, არაფერი საგანგაშო ვოლსკის არ უთვამს - ის უბრალოდ, ისევე, როგორც სხვა, პრესის „მანიპულაციის“ მსხვერპლი გამოდგა კერძოდ, ოდნავ მერე ის ამატებს:

„ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ ტერიტორიითა და იმ საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ნატო ცნობს, მხარს უჭერს და ჩვენთან ერთად იღწვის, რომ ეს სამართლიანობა აღდგეს.“

ანუ, ჩვენს წინაშე ახლა შემდეგი სურათია: უმრავლესობის გამორჩეული ლიდერი, „ოცნების“ სახე არ ეთანხმება რასმუსენს იმაში, რაც რასმუსენს არ უთქვამს. მორიგი ტრაგიკომედია. ნუ სპექტაკლი, ეს უდავოდ, და ჟანრის განსაზღვრა, თქვენთვის მომინდია. მაინც რაო, რა თქვა NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა? არაფერი მსგავსი. კონკექსტიდან ამოგლეჯილი ფრაგმენტებით თამაშობანი ისევ მოდაშია? არ გადავარდა? რასმუსენმა მხოლოდ და მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი V მუხლის გავრცელების არეალზე საუბრისას წამოჭრა ეს საკითხი. კერძოდ, მან ბრძანა:

„ჩვენ გვაქვს პრეცედენტი - გერმანია გაყოფილი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად. გერმანია NATO-ს შეუერთდა 1955 წელს, თუმცა მხოლოდ დასავლეთი - NATO-ს წესები (V მუხლი - კ. ნ.) არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. მაგრამ როცა გერმანია კვლავ გაერთიანდა 1991 წელს, NATO-ს წესები აღმოსავლეთზეც გავრცელდა. პრინციპში, მსგავსი მოწყობა შეთანხმება შეიძლება საქართველოს შემთხვევაშიც შედგეს.“ და განა ეს პირველად ითქვა? ცხადია არა. და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს იდეა კანტი-კუნტად ისმოდა, ცნობილი გახდა ალიანსის წესდების მე-6 მუხლში შესული შესწორების შესახებ, რომლის თანახმადაც

სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მე-5 მუხლი არ გავრცელდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე

უნდა აღინიშნოს, რომ ანდერს ფოგ რასმუსენმა, ეს ყოველივე პუტინის ექსპანსიონიზმის შეაკავებას მიაბა, თუმცა, ფრიად საეჭვო დებულებად მიმაჩნია, მაგრამ სხვა ჩანაწერის თემად ვთვლი. ასეა თუ ისე, ამ აზრს იზიარებენ. მაგალითდ, რონდელის ცენტრის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი საკითხს ამ რაკურსში ხედავს:

„ეს განცხადება არის დადებითი, იმიტომ რომ NATO-ში კიდევ უფრო აცნობიერებენ იმას, რომ 2008 წლის გადაწყვეტილება არ იყო მთლად მართებული და სამართლიანი საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში და რუსეთის მიმართ ეს არის არასწორად გაგზავნილი სიგნალები, რომ წააქეზა მისი აგრესია ჩვენს მიმართ. რაც შეეხება იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს ნატო-ს მეხუთე მუხლი, რომელიც გულისხმობს ურთიერთდახმარებას სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი რუსეთის შემდგომი შესაძლო აგრესიის მოგერიების თვალსაზრისით. ის, რომ ნატო-ს ყოფილმა, მაგრამ გენერალურმა მდივანმა ეს განაცხადა, ნიშნავს, რომ დასავლეთში უკვე მწიფდება აზრი იმისა, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.“

ეს ბოლო ნაწილი განსაკუთრებით საყურადღებოდ მიმაჩნია. როგორც ჩანს, დასავლეთში წევრობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა ზონდირების ეტაპზე ვართ. მოშავo-მოწითალო რეაქციამაც ამიტომ არ დააყოვნა და ინაშვილის მივარდნაც, ამ თარგით უნდა განვიხილოთ. შეგახსენებთ, წითელი კომუნისტების ფერია, შავი ფაშისტების..


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page