top of page

ინგა და აგრესიული მოდიფიკაციის „აპარატი“

ცხადია გახარიას TV-პირველზე სტუმრობას, ყურადღების მიღმა ვერავინ დატოვებს და ეს ასე იქნება იმ დრომდე, ვიდრე იქ, სადღაც, არ მიხვდებიან, რომ ბასტა. უშუალოდ მინისტრზე, მის პასუხებსა და მის მიერ დასმულ აქცენტებზე...

მოვლენათა აღქმის მისეულ პრიზმაზე და ა. შ. ჯერ ამას მოგახსენებთ - მორიგი შანსი, თუ კი ის არსებობდა, განიავდა. ეგებ, უკანასკნელიც - მაგრამ გახარია გახარიადვე დარჩა და აქ, ვგულისხმობ გახარიას, როგორც რაიმეს კრებსით სახეს, სახელს.. და არა ინდივიდს. ის, რომ ჯერ არც ერთ ელჩს დაუდასტურებია იმ ჟამს პარლამენტის შენობაში გახარიასთან ერთად „შეჭირს მცდელობა“-ზე ფანჯრიდან ცქერის ფაქტი (!), უშუალოდ ინდივიდ გახარიას, კარგს არაფერს უქადის და საერთოდაც, რაღაა ის, რაც მას მეტ-ნაკლებად მისაღები მომავლით უზრინველჰყოფს, არ ვიცი. ის ლეგენდაც დაიმსხვრა, რომ იგი, რაღაც დონეზე მაინც, კომპეტენტურია - ბევრს, და ყველაზე მეტად თავად მას გაუკვირდებოდა, რომ სრულიად უცაბედად, საერთაშორისო ნორმა შემოერღვა. როგორ გგონიათ, მისი არსებობის შესახებ, წარმოედგინა? ერთი სიტყვით, საუკეთესო შემთხვევაში, ის „მშობლიურ პორტში“, რუსეთში ჩაუშვებს ღუზას.

ახლა კი მსურს გაგახსენოთ ირაკლი ღარიბაშვილის ის გამომეტყველება, რომელსაც იგი იღებდა, თუ კი მის საუბარს „აშკარა მიღწევებზე“ ვინმე არათუ სკეპტიციზმით შეხედავდა, არამედ უბრალოდ სთხოვდა მეტ კონკრეტიკას..

გახსოვთ ეს მიმიკა, რომელიც გამოხატავდა მთელი არსებით შეძრულობას, თქვენი ამ უბედური მდგომარეობის გამო, რომ ეჭვი შეგეპარათ? ამავე გამომეტყველებაში, სადღაც სიბრალური გამოსჭვიოდა, სასოწარკვეთა, წუთი სოფლის სიმუხთლის გამო..

და იქვე, ამ მზერაში იკითხებოდა იმედგაცრუებით ამოკვნესილი ფიქრი - „კაცია ადამიანი?“

გახარიამ, ამგვარი მზერით გრიგოლია სულ ცოტა, ორჯერ „დააჯილდოვა“. მსჯელობისას უაპელაციობა, მხოლოდ ერთის ნიშანია - დეკლალირებ არა შეხედულებას, არა, თუნდაც, საპროგრამო ტექსტს, არამედ დაზეპირებულ „ტირადას“, რომელიც საკუთარ მე-ში არა თუ განცდილი, გატარებული... გარონიავებულიც კი არ გაქვს - აპარატი ხარ. 2012 წელს ივანიშვილზე ვწერდი: „მგონი მას საერთოდაც არ ესმის მამულიშვილობა, როგორც ეგოსისტემა - მის არსში, ეს ზედაპირი საფუძვლიანად გასალაშინებულია. მექმნება შთაბეჭდილება, რომ არც მენტალურად, არც ემოციურად, არც შეგნებით და, რა ვიცი კიდევ რით... ეს კაცი არაა მამულიშვილი. ეს მანქანაა. თანაც, საკმაოდ მოძველებული მოდელის აპარატი.“ ღარიბაშვილისა არ იყოს, ივანიშვილმა აქაც თავისნაერი „აპარატი“ ამოიყენა და ეს, პირველ რიგში, აგრესიული მოდიფიკაციის აპარატია. და ვინაიდან, რეალურად, გახარია, ამავე დროს ე. წ. „აპარატჩიკიც“ გახლავთ, ის ლაპარაკის აპარატია.

მათ ჯერ არ აქვთ გაცნობიერებული, რას ნიშნავს, იყო სახელმწიფო სამსახურში, რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში, იყო შინაგან საქმეთა მინისტრი..

- განაცხადა გახარიამ და უკვე აშკარა იყო - სხვაგან ბრძანდებოდა. იცით, აქ არ იქნება სარკასტული ფრაზები უკნიდან გაპარვაზე, უჩინმაჩინის ქუდსა და „TV-პირველიდან“ ბომბეიმდე გათხრილ გვირაბზე.. გავიდა უკნიდან და ამით თავი აარიდა ინციდენტს, და ეგებ შეურაცყოფასაც გაექცა - ადამიანური გადასახედიდან, ეს ახსნადია, მაგრამ მას, რომელსაც თურმე კარგად ესმის რა არის შინაგან საქმეთა მინისტრობა საქართველოში, ერთი პოლკი დასჭირდა, რომ ხალხთან საუბრის ეს იმიტაცია შემდგარიყო - თავისთავად ეს ფაქტი უკვე დასტურია, რომ ამ პიროვნებამ ქართველი ხალხი არ იცის, არა თუ ქართული პოლიცია. როგორც ჩანს მას ჯერ ქართველი პოლიციელისა და საბჭოთა მილიციელს შორის სხვაობაც არ აქვს აღმოჩენილი. არაფერი მსურს ვთქვა ნახევრადგასაუდუმლოებული შევხედრის შესახებ კახეთში, ლოპატაზე. მხოლოდ გავერთობი

ცხადია, ეს მხოლოდ ასოთა გადათამაშებაზე აგებული აბდაუბდაა. ძველრუსულად, „ლეპოტა“ სილამაზეა, ენით აღუწერელი, ბოდვის („ლეპეტ“) აბდაუბდის მსგავსი, ზღაპრული რამ - ჩვენი კახეთივით. მაგრამ ისიც ხომ ჯიუტი ფაქტია, რომ მინისტრი გახარია, არა მხოლოდ ამ პერსონაჟივით დროში დაიკარგა, არამედ საქართველოს დედაქალაქს უცქერს და რუსეთისას ხედავს. მოკლედ, რომ იტყვიან კარვიდან არ გამოდის და თუ გამოდის, ულაშქროდ არ გადაადგილდება და დასამატებელია რამე? თითქოს და, არაფერი - მით უმეტეს, რომ ბევრისთვის, ყოველივე ინტერვიუმდეც გახლდათ ცხადი, მაგრამ მინისტრის გუშინწინდელი გამოსვლიდან, ერთი წინადადების კომენტირება, მაინც მსურს

„..იმ ნაწილში, რომ ეს იყო ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენება, ბიძინა ივანიშვილი გვეთანხმება.“

ამ ინტერვიუს დროს, იმდენი ტყუილი ითქვა, არ გამიკვირდება, თუ კი ესეც სიცრუე აღმოჩნდება, თუმცა, ცხადია, უფრო ვვარაუდობ, რომ ეს სიმართლეა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ამ ფრაზას დიდი ყურადღება არ დათმობია, ის შესაძლოა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომელიც „აპარატისგან“ გაისმა. ბევრი გაჰყვირის, რომ გახარიამ პასუხისმგებლობის ელჩებზე გადანაწილება სცადა და, შეგნებულად თუ შეუგნებლად, თითქოს, ნაკლებყურადსაღებად რჩება ეს: გახარიამ გაახმოვანა ის, თუ ვინ იქნება ასევე პასუხისმგებელი, თუ კი საბოლოოდ, აღმოჩნდება, რომ არც გამოყენებული ძალა გახლდათ საფრთხის პროპორციული და, შესაბამისად, ვერც ლეგიტიმური იქნებოდა. და ცხადია, ეს ასე საჯაროდ, არ ითქვა მხოლოდ ქართველი ხალხის გასაგონად - ამის ადრესატი, რა დასამალია და, ერთი კონკრეტული პირიც გახლდათ და ეს ბიძინა ივანიშვილია - მას ახალი ფასი გამოუცხადეს. ვფიქრობ, მის გამოსვლასთან დაკავშირებით ჩემი სათქმელი ამოვწურე.

რაც შეეხება მის გუშინდელ მასპინძელს, ყველასთვის კარგად ცნობილ ინგა გრიგოლიას. ყველას გვახსოვს, და მით უფრო ადამიანებს, ვინც მაშინ ამავე სფეროში ვიყავით, ინგა გრიგოლიას გამოჩენა. ჯერ კორესპონდენტის და, მცირე ხნის შემდეგ, მაღალრეიტინგული საავტორო გადაცემის ავტორის და წამყვანის ამპლუაში.

მაშინ, გრიგოლია, არა თუ მეტნაკლებად, არამედ სრულად აკმაყოფილებდა საზოგადოებრივ მოთხოვნებს და ამიტომაც, თავისი პრინციპული პოზიიცით, სახასიათო ინტონაციითა და ერთგავრი სიმკაცრით, ეპატაჟურობის ოსტატური იმიტაციებით, მიმიკის ფლობით, იმ თავისი შუააბზაცა გამარჯობითა და ზოგჯერ შეყვირებებით, ბრალმდებელის გამომეტყველებით კითხვის ჩადგმა-ჩაკერებებით, ის არა თუ მთელი საქართველოსთვის ცნობილი, არამედ ბევრისთვის, საყვარელი ადამიანიც გახდა - მეტადრე ყველაზე ალალ, უბრალო ხალხში, ვინც მასში თავისიანსა და თავისნაერს ხედავდა. თითქოს ახალი ტრენდის განსახიერება იყო და კინაღამ ერთგვარ ფაქტორადაც კი ჩამოყალიბდა. ბევრს დამართნია და გასაკვირი არაა - ადამიანმა ჩათვალა, რომ უკვე ბრენდია, ხოლო ბრენდი უნდა ინარჩუნებდეს სტილს. ერთი სიტყვით, ამდენი სიყვარულითა და მისდამი გამოვლენილი ნდობით, ყურადღებით, გრიგოლია, უბრალოდ, დარეტიანდა. და თავისი „ბრედნირებული სტილის“ განუხრელი დაცვით, ის ნელ-ნელა სცილდებოდა მოპოვებულ „ალაგს“ და აგდებდა კლასს.

ახლა და აქ, კონკრეტულს ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ, შესაძლოა, ამას სხვა გვერდითმა ფაქტორებმაც შეუწყვეს ხელი, მაგრამ ასეა თუ ისეა, ფაქტია: იდგა დრო, როდესაც ის ვეღარ პასუხობდა აშკარად გაზრდილი საზოგადოების, მაყურებლის და იმავე რესპოდენტთა იმჟამინდელ მოთხოვნებს, ვინაიდან დარჩა იმადვე, რაც მისი, როგორც ტელეწამყვანის, პირველი „ნიმუში“ იყო. არადა, ხალხს უკვე რაფინირებული, მაღლაკომპეტენტური და საკითხებში ჩახედული ტელეწამყვანი „წყუროდა“ და არა ამ ჩვენს თავს დატრიალებული გაუგებრობებით გაკაპასებული ადამიანი, რომელიც, შესაძლოა, მთლად აზრზე არაა რეებს მიედ-მოედება, მაგრამ გულწრფელად აღშფოთებულია და ეს გულწრფელობა იმდენად ალალი და თვალშისაცემია, რომ დანარჩენი მეორეხარისხოვანი ხდება. ანუ, საბოლოო ჯამში, გრიგოლია მაინც თავის პირველ „მოდელს“, თანაც გაუარესებულ ვერსიას გვთავაზობდა და ეს ფრიად დასანანი იყო, რადგან დიდი პოტენციალი, საკუთარ თუ სხვის ილუზორულ წარმოდგენებს ეწირებოდა. მაგრამ აქაც და სხვაგანაც, ამ პიროვნებამ ადაპტაციის და გადაჯგუფება-გადაწყობის რთული გზა აირჩია, დაადგა მას და საოცარი უნარებიც გამოავლინა. ის არ გაქრა, არ ჩაიკარგა და მართლაც, არაა აუცილებელი პირადად იცნობდე, რომ მიხვდე - პასიურ რეჟიმში, ეს ადამიანი, უბრალოდ ვერ იქნება. და ოდინდელი დამსახურებისათვის, თუ რეალური ალტერნატივის არარსებობის გამო, ინგა ეკრანზე დარჩა, თუმცა, ცხადია, მისი უწინდელი რეიტინგი, ჰორიზონტს მიღმაც აღარ იძებნებოდა. საბოლოოდ, სირთულეები გადაილახა, და გრიგოლიამ მოახერხა, კვლავ საინტერესო ყოფილიყო. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მან ბრენდი არ დაკარგა და უკვე TV-პირველზე შექმნა - „რეაქცია“. ბრენდის ავ-კარგიანობა, ცალკე საკითხია, მაგრამ თავად შეუპოვრობა, თუ კი ის თავხედობაში არ გადადის, აღსანიშნი თვისებაა და ზოგჯერ, ერთადერთი გზაც. საყურადღებოა, რომ ჩამომდგარი პოლიტიკური ვითარების პირობებში, მეტაფორა რომ მოვიშველიოთ, გვიანდელი „მეორე ინგა“ წააგავდა არენის ქვიშაზე მყარად მდგარ გლადიატორს, რომელიც მოწინააღმდეგის გამოსვლასღა ელოდა. მთელი ეს პერიოდი მოთელვა და სათამაშო ფორმაში შესვლა გახლდათ. ახლოვდებოდა ისეთი პოლიტიკური ვითარება, როდესაც გრიგოლიას თავისივე სარეიტინგო რეკორდის მოხსნის იშვიათი შანსი უთუოდ მიეცემოდა და არა ერთხელ.. შანსი, ნავარაუდევზე ბევრად ადრე გამოჩნდა. პირველი, რაც გამახსენდა, როდესაც შევიტყე, რომ საღამოს გახარიას პირდაპირ ეთერში უმასპინძლებდა, გახლდათ მისი მგონი შარშანდელი ჩივილი, კბილებამდე უნდა შევიარაღდე, ქუჩაში მშვიდად ვერ გამოვსულვარო. ეს ახლა სრულიად არაფერის შუაშია, მაგრამ გამახსენდა. ცხადია, ველოდი მწვავე დიალოგს და „რას იზამს ინგა?“-ც, უმალ გაკრთა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე - ერთ ხანს რადარებიდან გამქრალმა გახარიამ, ხალთან საუბარი ინგას მეშვეობით მოისურვა და რეალურად, გრიგოლია გუშინ ხალხს წარმოადგენდა. დიახ, დიახ - ხალხს. და სიტყვები „მე დღეს, ამ სტუდიაში, ის 36 ჟურნალისტი ვიქნები, რომლებიც აქციის დარბევისას დაზარალდნენ. მე დღეს წარმოვადგენ იმ პატარა მაკო გომურს, რომელმაც თვალი დაკარგა. მე დღეს წაარმოვადგენ ახალგაზრდა კაცს გიორგი სულაშვილს, რომელმაც ასევე თვალი დაკარგა. მე წარმოვადგენ ყველა იმ დაზარალებულს, რომელსაც დამიზნებით ესროდნენ დარბევის ღამეს და შევეცდები, ყველა კითხვაზე მივიღო პასუხი, შინაგან საქმეთა მინისტრისგან..“ , იყო სრულიად ჩვეულებრივი intro, და ასეთადაც დარჩებოდა, რომ არა ერთი გარემოება: ხალხს ერთი სული ჰქონდა, როდის ამოქოქავდა წამყვანი „პირველ ინგას“ და აღმოჩნდა, რომ ხელში „მესამე ინგა“ შერჩა. უკვე მეორეჯერ, გრიგოლია არ იყოს ის, რაც უნდა ყოფილიყო. რაღაც მომენტამდე ის კიდევ ახერხებდა სიტუაციის კონტროლს თუ არა, მასში მონაწილეობას მაინც, მაგრამ მალევე, სრულად გიპნოზირებული გახლდათ. გახარია მას არ აცლიდა, აქეთ ხუნძლავდა შეკითხვებით, რომელზეც პასუხსაც აღარც უცდიდა, ითრევდა უსაგნო პოლემიკაში, სადაც „ამარცხებდა“... დიდმა გამოცდილებამ უკარნახა თუ უბრალოდ ინსტიქტმა, არ ვიცი, მაგრამ აქ სასწრაფოდ იყო საჭირო რაღაც სრულიად არასტანდარტული..

და გრიგოლია მინისტრს თავზე წამოადგა.

ყველაფერი შემდგომი, არათუ ეფექტური, არამედ უკიდურესად საზიანო გახლდათ: მასპინძელ გრიგოლიას, სტუმარმა გახარიამ დაჯდომის უფლება მისცა და აქ უკვე ცხადი იყო - უტიფრობას, ყველა ჯებირი გაერღვია და გახარიას „ნიაღვრის“ შემჩერებელი, აღარაფერი გახლდათ. გახარიას გამიზნული თუ უნებლიე აბდაუბდა ინგა-ირმას გამო, ერთგვარად, სამაშველო რგოლივით იყო - ამან გრიგოლიას ღიმილის, იმიტირებული წყრომის და ერთგვარი სილაღის დემონსტრირების შესაძლებლობა მისცა. და მან საერთო ჯამში, ამოცანას თავი გაართვა თუ კი მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გახარიას შანსი მიეცა, და უბრალოდ მან, ის ყურადღების მიღმა დატოვა. საბოლოოდ, ამ ყველაფერს, ერთთათვის დაერქმევა „ნახე გახარიამ გრიგოლიას რა უქნა?“, ხოლო მეორეთათვის, - პირიქით. და ეს ძალიან სამწუხაროა და მით უფრო მაშინ, რომ ეს აშკარად გადაჭარბებული აღქმაა. ესეც ვთქვათ: რას ველოდით? რომ გრიგოლია გახარიას ცივლ ოფლს ადენდა? შეგვშლია, ვინაიდან ჩვენ პასუხისმგბელები და პასუხები გვაინტერესებს და არა დაცემული და ამოგანგლული კაცი, რომელიც, ისედაც დაცემულია და ამოგანგლულია და გაიხსენეთ - ის თავად დასთანმხდა ამას ფრაზით, რომელიც დაიწყო სიტვამ „დაე“.. ანდაც, ველოდით, რომ მინისტრი, შესაძლოა, კვლავაც თავის პოზიციაზე დარჩენილიყო, მაგრამ ხალხის საყოველთაო მოთხოვნას და პროტესტს, ნების უზენაეს გამოვლინებად აღიარებდა და გადადგებოდა? ცხადია, არა და ვინაიდან სიახლე და დასაკვეხნი ბევრი არაფერია, პოზიციაც ძველი რჩება და, რამდენადაც ვიცი, მინისტრს ეს რუსთაველიდან უმალ შეატყობინეს - ის უნდა გა-დად-გეს!

 
 
 

Commentaires


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page