top of page

არშემდგარი „12 აპრილი“

Updated: Jun 22, 2019

1801 წლის 12 აპრილს, დრაგუნებითა და „სალდათებით“ ალყაშემორტყმულ სიონში, რომლთან ზარბაზნებიც კი მიეგორებინათ, ქართლ-კახეთის წარჩინებულ საზოგადოებას, ქალაქის წამყვან სოციალურ ჯგუფებს - ვაჭართა გილდიებს, ხელოსანთა გაერთიანებებს.. მოკლედ, ზეპურ საზოგადოებას აღმოსავლეთქართული სახელმწიფოს გაუქმება და იმპერიასთან მიერთება „ახარეს“. წინააღმდეგობა სისხლის ფასი დაჯდა. ზოგმა გააღწია ალყას. დღეს ბევრი ისტორიული ანალოგია მოვისმინეთ, მაგრამ ეს ყველაზე მეტად უხდება სცენარს, რომელიც უნდა გათამაშებულიყო, თუნდაც სიმბოლიზმის ჩარჩოში.. და არ გათამაშდა, ვინაიდან ქართველმა ხალხმა აღარ დაითმინა. ან, აღარ გადაყლაპა. ანდაც, ეს უკვე ვეღარ გადაყლაპა!


თუ კი ვინმე თვლის, რომ გუშინ, გულწრფელად აღშფოთებული მოქალაქეების სასტიკი დარბევის შემდეგ, ყველაფერი დასრულდა და პიკმა გადაიარა, საბედისწერო შეცდომას უშვებს. ასევე, მწვადს მონატრებულისთვის, კობახიძის სალათის შეთავაზება ძალიან არაეფექტურია და მხოლოდ ხელისუფლების უკიდურეს უსუსურობაზე მიუთითებს. გუშინ მახე დაიგო. და რაც ყველაზე საინტერესოა, მახეში დამგები აღმოჩნდა. ეს მწარე გაკვეთილი უნდა იყოს და, სხვათაშორის, პირველ რიგში საზოგადოებისთვისაც, რომელიც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხალხისთვის მიცემული სიტყვასა და დაპირებას, არავითარი დატვირთვა, ან ზნეობრივი ვალდებულება არ ერთვის - პოლიციამ მოქმედება დაიწყო მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერები, რომელთა თქმითაც, ხალხის მიერ უფლებამოსილებით იქვე აღიჭურვენ, მოსალაპარაკებლად იხმო. და, მეორესმხრივ, დღევანდელ დღემდე სახალხო აღშოითებაზე საუბრობდა ყველა პოლიტიკოსი და არა თავად აღშფოთებული ხალხი. მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას, რომელიც უკვე აღარც იმალება: საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის ლექსიკა ესოდენ მსგავსი კაი ხანია არ ყოფილა. იქაც და აქაც „დესტრუქციული“ ძალების ქმედებებზე ალაპარაკდნენ და ცხადზე უცხადესია, რომ შემდეგი სვლა დაჭერებია. ამის შემზადება ჯერ კიდევ გუშინ დაიწყეს, თუმცა მოვლენებს აკვირდებოდნენ და ტემპი მაღალი არ ჰქონდათ. აქვე, დააკვირდით სოციალური ქსელში ზოგიერთ მოქალაქეს - „მოხალისე ტროლები“ ჭენებაზე გადავიდნენ.

ჩემი აზრით, ნებისმიერი მცდელობა, რომ ქართველი ერის ნება გაუქმებულად გამოცხადდეს და ყველაფერი ორ-სამ „გუდიან კაცამდე“ დავიდეს, არის არა თუ თვალებში ნაცრის შეყრა, არამედ თავზე ნაცრის წაყრა.

ახლა, რუსთაველზე ახალი საქართველო დგას! საქართველო, რომელიც აღარასოდეს დაუშვებს „12 სექტემბერს“ და „25 თებერვალს“.

Comentários


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page