ახალ დისპოზიციამდე
- კოტე ნიშნიანიძე
- Jul 22, 2019
- 4 min read
30 წელია ახალი ქართული სახელმწიფოს თავგადასავალი გრძელდება და ამ ხნის მანძილზე, ქართულ საზოგადოებას ზრდა, ხოლო მის სახელმწიფოებრივ განცდას კლება არ დატყობია. პირიქით, ასპარეზზე ახალი თაობა გამოვიდა და ამ მიმართულებით მკვეთრად პოზიტიური ტენდენციებიც შეინიშნება.
ერთი ეგაა, რომ ძალები, რომლებიც სახელმწიფოს აღდგენის დღიდან, საწინააღმდეგო გზას დასდგომიან, კვლავაც ამ თუ იმ „საჭესთან“ დგანან - ზოგი მოძრაობის სახეა, ზოგი პარლამენტარი, ზოგი ანაფორაში გახვეული გავლენის აგენტი და, ვინ მოთვლის... მაგრამ, მთავარი მოთამაშე ერთია და მას, წარდგენა არ ჭირდება.

ახლა, საქართველო სადაცაა გაარღვევს „ჯადოხუფს“ და საკუთარ ისტორიულ გზას დაუბრუნდება.
ასე ახლოს, მიზანთან არასოდეს ვყოფილვართ და ამიტომაც, სახელმწიფოებრიობასთან დაპირისპირებული ძალები გადამწყვეტ სამზადისში არიან - ყოფნა-არყოფნისა უდგათ. მაგრამ თუ მათთვის ეს კერძო ინტერესებისთვის ბრძოლაა, ქართველი ხალხისთვის ეს ქართული სახელმწიფოსთვის ბრძოლას წარმოადგენს და ეს, უამრავ რამეში იგრძნობა.
„რუსთავი 2“-ის ეპოპეა დღეს არ დაწყებულა და, ცხადია, თავადაც აშკარად ხევდავთ, არც დასრულებულა. ნუ შევხედავთ ამას, როგორც ლოკალური „შეტაკებას“ - ეს ერთი, თუმცაღა, უმნიშვნელოვანესი ეპიზოდია, რომელმაც, საბოლოოდ „გენერალური ბრძოლის“ ხასიათი უნდა განსაზღვროს.
ცხადია, საიდუმლო არ გახლავთ, რომ მხარეთაგან, ერთი ოლიგარქიული იმპერია და მისი აქაური მანქურთი ემისრები არიან, ხოლო მეორე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ქართველი ხალხი, რომელიც ესოდენ ძვირფასი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინაშე დადგა.
„რუსული სცენარი“ ცხოვრებისეული, ისტორიული გამოცდილებით გვაქვს შეთვისებული და კარგადაც გვახსოვს - ნურავინ დაივიწყებს. „გიორგიევსკის ტრაქტატი“ 1783 წელს კი დაიდო, მაგრამ 18 წელი ისე გავიდა, რუსეთს თითი არ გაუნძრევია. მოლოდინითა და იმედით, სასოწარკვეთამდე მიგვიყვანა; ირანელ საჭურისთან ძაფები გააბა; მუდმივი მოკავშირენი ტფილისშიც გამონახა..
74 წლის ერეკლეს, თავის ბოლო ბრძოლაში მარცხი დააგემოვნებინა; ზნეობრივად დაგვცა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოგვიცხადა ალყაშემორტყმულ სიონში, რომ აღარ ვართ. როგორც ჩანს, ახლაც რაღაც მსგავსად უნდა ყოფილიყო - ივანიშვილმა, რომ იტყვიან, რუსეთი საქართველოში შემოაპარა, მაგრამ ის, რაც შესაძლებელი იყო 1801 წელს, 1921 წელს.. შეუძლებელად რთული აღმოჩნდა ჩვენს დროში.
ბოლო დრომ და, განსაკუთრებით, ბოლო ერთმა თვემ გამოავლინა, რომ ქართველი ერის ძირითადი გადაწყვეტილება - სვლა დასავლეთისკენ - უცვლელია, და ამაზე ვერ იმოქმედებს ვერავითარი ხელისუფლება - ღიად მტრულიც კი.
მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღალი მოვლენის გარეშე კვირა არ ჩაივლის, „ბრძოლის ველზე“ მაინც ერთგვარი სიჩუმე ჩამოწვა - ყველა ხვდება, რომ ისედაც მოსალოდნელი გადაჯგუფება, უკვე დაწყებულია - უბრალოდ, ახალმა „კლიმატმა“ ბევრი რამ, სულ სხვა შუქ-ჩრდილში წარმოაჩინა. ოქრუაშვილის გამოჩენამ სურათი მხოლოდ რამდენიმე საათით აქცია ერთგვარ ცხად რამედ, მაგრამ შემდეგ, ყველაფერი ისევ თავდაყირა დაადგა. ასეა თუ ისე, ნებისმიერი მცდელობა, ყოველივე კერძო დავის კონექტსტში დაეტიოს, სრულიად ამაოა. თუმცაღა, გარეგნული შინაარსით, ის სწორედ ასე გამოიყურება. ვთვლი, რომ აქ ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩა აღმოსაჩენი, მაგრამ ამ ეტაპზე, უტყუარად ითქმის ის, რაც როგორც არც თუ სასიამოვნო ტენდენცია, პირველივე დღეს გამოვლინდა. ხშირად ვაზიარებ ხოლმე, გემახსოვრებათ: ლეონიდ გუზმანს აქვს ნათქვამი, ჩვენ საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით, სადაც მთავრი მტერი იყო რეალობა. ზემოხსენებული არასასიამოვნო ტენდენცია, პირველ რიგში, სოციალურ ქსელს შეეტყო და, ბუნებრივია, იგრძნობოდა კერძო საუბრებშიც. ამდენად, არ გამოგეპარებოდათ, მით უმეტეს, რომ მას მერე, ამაზე ბევრი ითქვა - საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი, ლამის ზეიმობდა იმის გამო, რაც არ მომხდარა, და არ წუხდა იმის გამო, რისი მოწმეც გახდა - ალტერნატიულ სიტყვას პირზე ხელი ააფარეს და მთავარი მტერი, „დამარცხებულია!“
ახლა, უკვე ნათელია: ეს, ერთგვარად, გაგრძელება იყო იმ უწინდელი შოკისა, რომელიც თითქოს გადატანილი გვქონდა. გახსოვთ? - არ იყო ადვილი აღქმა და გააზრება, მაგრამ რა დასამალია - რაღაც მომენტში, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ გვერდით, არსებობს ხალხი, რომელთა აზრითაც, სინამდვილეში ბიძინას ყველაფერი გათვლილი აქვს - აი, ცოტაც და, ყველა „შავ-ბნელს“, რომელიც მისმა ბრძნულმა პოლიტიკამ ზედაპირზე ამოატივტივა (აბა, სხვაგვარად რა გამოავლენდა „ამათ“?), თავისი ადგილი მიეჩინება და ბლა.. ბლა-ბლა-ბლა. ეს, დაახლოებით ორი-სამი წლის წინ იყო, როდესაც ბიძინას მორიგი საპარლამენტო მანდატი მყარად ეკავა, მაგრამ უკვე მოესწრო არა ერთი ოპტიმისტის იმედგაცრუება.
ეს, ძირითადად, ის ხალხი გახლდათ, ვინც ვერ პოულობდა ძალებს, რათა ეღიარებინა შეცდომა, მისი შედეგები და ჰიპოთეტურ „ხვალ“-ს ებღაუჭებოდა.
დღეს ეს ადამიანები უკვე აღარ გამოიყურებიან, როგორც იმედგაუცრუებული ოპტიმისტები. როგორც ჩანს, ეს მაინც ის ძალაა, რომელზეც მუდმივად ვსაუბრობ - საქართველოს ამ შვილებს, საქართველო სურთ არა განვითარების თანაბარ აპსარეზად - ნიჭის, შრომისმოყვარეობის, კრეატიულობის გამოვლენის „საბურთალო ლელოდ“, არამედ საკუთარ თავზე, ინტერესებზე მორგებულ მინდვრად, სადაც თამაში მხოლოდ მათთვის მისაღები წესებით მიმდინარეობს.
ეს ის „ამომრჩეველია“, რომელიც მუდამ „სტაბილურობას“ უჭერს მხარს. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ აქ, მას საკუთარი სტაბილურობა აქვს მხედველობაში და არა ზოგადად, ქვეყნისა. ხოლო თუ მაინც ქვეყნის, ისიც მისი სტაბილურობისათვის საფრთხის არიდების მიტივით.
და როგორც კი განვითარების საკითხი დგება, სულ რომ აშკარა იყოს სიახლის უპირატესობა, ის მის მიერ მაინც საფრთხედ აღიქმება, რადგან ნებისმიერი განვითარება, ნიშნავს ცვლილებებს, ხოლო მათთვის - არც თუ მყარი მორალური პრინციპების მქონეთათვის, ცვლილება გაიგივებულია შესაძლებლობის დაკარგვასთან. შესაძლობელობისა, რომელიც თანამედროვეობისათვის სრულიად შეუფერებელი გზებით ერგოთ.
და ამ ყველაფის სათავეში, საჭიროზე ან სასურველზე დაბალი ერუდიცია დგას - იციან რა თავისი რეალური შესაძლებლობები, კომპეტენცია და უნარები, მათ აშინებთ ნებისმიერი კონკურენცია. ამიტომ არის სურათი ამგვარი - ზეიმობს არაპროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, კერძო ინტერესების ლობირება და ამ ყველაფერს, ზეიმობენ რეტროგრადები, რომლებმაც ამ 30 წლის მანძილზე, საქართველოს წინსვლის გზაზე, არა ერთი წინააღმდეგობა აღმართეს.
და ამ ვითარებაში, ამ „ფერხულში“ ჩაბმულები, ლამის ყოველი მათგანი, პატრიოტული განცდებით სრულიად გულწრფელად მოწადინებულნიც კი, ისე რომ თავადაც ვერ ხვდებიან, ვიგინდარებად გამოიყურებიან.
ხოლო ეს უკანასკნელნი, საკუთარ თავს განვითარებაში ვერ ხედავენ.
მათ არ შეიძლება ჰყავდეს ერთზე მეტი ლიდერი და, როგორც წესი, ასეთ ძალათა ლიდერი, გარეგნული ნიშნების შესაძლო არქონის მიუხედავად, სრულიად რეტროგრადულია.
და შესაბამისად, ეს ძალები არიან ტიპიური რეტროგრადები.
ის, რომ დღეს ამ ხალხს „რუსთავი 2“-ის გამო მოზეიმეთა რიგებში ვხედავთ, აშკარად ხდის, თუ რა „სახეობასთან“ გვაქვს საქმე, როდესაც საქართველოს თავისუფლოებისა და სახელმწიფოებრიობის მოსკოველ მტერთა, აქაურ დასაყრდენზე ვსაუბრობთ. ასე რომ, კრემლისა არ იყოს, ქართველი რეტროგრადებიც სისხლხორცეულად არიან დაინტერესებულნი, რათა მათ მიერ დახატული რეალობის ნებისმიერი ალტერნატიული ხედვა, მოსპონ. უბრალოდ, ისინი ვერ ითვალისწინებენ, რომ მიუხედავად მათი აზროვენებითი კატეგორიებისა, დრო მათით არასოდეს დაინტერესებულა, სვლა არ შეუჩერებია, და აი, უკვე გაგანია XXI საუკუნეა - ტექნოლოგიების ერა, რომელიც ყოველ თვე, ახალია.
ამ სამყაროში, ალტერნატიულ სიტყვას ვერაფერი შეჩერებს და ამით, ხელისუფლებამ სრულიად ცალსახა გახადა ის, რაც ვიღაც გამოუსწორებელი ენთუზიასტის აზრით, ჯერ არ გახლდათ ცხადი - ივანიშვილი, როგორც კაცი და როგორც „სისტემა“, ლამის ნოლს გაუთანაბრდა.
Comments