ახალი ლითონი ნაპოვნია?
- კოტე ნიშნიანიძე
- Jul 4, 2019
- 2 min read
Updated: Jul 4, 2019
მისი არსებობა ჯერ კიდევ 1930 წელს ივარაუდეს. „მოუხელთებელი ლითონი“ - ასე დაერქვა მას მაშინ. ამის შემდეგ, იყო მცდელობები, ექსპერიმენტები, თეორიული მსჯელობა და საბოლოოდ, მთელი სამეცნიერო საზოგადოება ორად გაიყო - სკეპტიკურად განწყობილი აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც თეორიულ მსჯელობასაც ეჭვის თვალით უცქერდა და უცქერს, და უკიდურესი უმცირესობა, რომელსაც, თეორიისა და ექსპერიმენტების გარდა, არა დარჩენოდა და რომელიც, აგრძელებდა კიდეც ძიებას.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათ მიერ წარმოებული კვლევების მასშტაბები, არასოდეს იყო დიდი და ცალკეული მეცნიერის, ან მეცნიერთა მცირე ჯგუფის ძალისხმევას, არ გაცილებია. დღეს, მეცნიერთა ტრიო გამოჩნდა, რომელიც აცხადებს, რომ საიდუმლო ამოხსნა და შედეგიც დადო.

მაღალი გამტარიანობის მქონე ლითონის საკითხი, კაცობრიობის წინაშე, სულ ცოტა, ბოლო ასწლეულის დასაწყისიდან იდგა. ცხადია პრობლემა გადაუჭრელი არ გახლდათ და გადაიჭრა კიდეც, მაგრამ ახლა, შესაძლოა, სრულიად უნიკალური შესაძლებლობასთან გვაქვს საქმე. ეს „მოუხელთებელი ლითონი“ სწორედ ამ ნიშნით გახლავთ საინტერესო, ვინაიდან თეორიულად, ის არა მხოლოდ მაღალი გამტარიანობით გამოირჩევა, არამედ სრულიად მედეგია გარე-ფაქტორებისადმი - არ საჭიროებს წნევას, გაგრილებას ან სხვა, საგანგებო ღონისძიებებს და თავის უნარს-თვისებებს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურის პირობებშიც.
დადასტურების შემთხვევაში, ეს უამრავი ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობას მოგვცემს. თეორიულად, ე. წ. „წყალბადის ლითონი“, წყალბადის ასტრონომიულად დიდი დაწნეხვის შედეგად მიიღება. ახალ ექსპერიმენტში, დედამიწის ატმოსფეროს მსგავსად, დაწოლა 4 მლნ.-ჯერ გაზარდეს. სწორედ ამის შემდეგ გაკეთდა განაცხადი, რომ ექსპერიმენტი წარმატებული იყო და თუ კი მისი პირველადი შედეგები შემდგომშიც დადასტურდა, ეს დიდი ხნის კვესტის ამოხსნა იქნება.
მეცნიერთა ერთი ჯგუფი, დიდ მოლოდინშია და დადებითი რეზულტატის სწამს. მაგალითად, ალექს გონჩაროვი, ვაშინგტონის კარნეგის სამეცნიერო ცენტრიდან:
„ერთმნიშვნელოვნად, წინგადადგმული ნაბიჯია. ვფიქრობ, ეს სავსებით დამაჯერებელია და დიახ, ეს სწორედ ლითონია.“
- აცხადებს იგი. თუმცა, სკეპტიკოსებმაც არ დააყოვნეს. ძალიან აქტიურობს იუჯინ გრიგორიანცი, ედინბურგის უნისვერსიტეტიდან, რომელიც აცხადებს, რომ პირველადი შედეგები არადამაჯერებელია და აი, როგორც იქნა, დაიმსხვრა მითი „მოუხელთებელი ლითონის“ არსებობის შესახებო. ჰარვარდელი ისააკ სილვერას აზრი, კონკრეტულ სტატისტიკას ეყრდნობა. ზოგიერთი მონაცემი, წყალბადის მაღალი წნევით დაწნეხვის მანამდე ჩატარებული ექსპერიმენტების მონაცემებს არ ემთხვევა. სილვერამ თავის კოლეგებთან ერთად, 2017 წელს იგივე ექსპერიმენტი ჩაატარა და მანაც, სიამაყით გამოაცხადა, რომ ლითონს მიაგნო, თუმცა მაშინ კოლეგების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა და, მათ შორის, გრიგორიანცის მხრიდან.
პოლ ლიბიერმა, საფრანგეთის ატომური ენერგიისა და ალტერნატიული წყაროების კომისიიდან, რომელიც ახალი ექსპერიმენტის ერთ-ერთი ავტორია, პოლემიკაში ჩართვა იუარა და ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვა. იმისათვის, რომ სასურველი შედეგისთვის მიეწიათ, მან და მისმა კოლეგებმა გაზისებრი წყალბადი, ალმასის ორ კრისტალს შორის დაწნეხეს. ალმასმა, რომელსაც საგანგებო წახნაგები ჰქონდა, დაწოლის მაქსიმალური სიდიდე უზრუნველყო - ის ყველა წინა ექსპერიმენტის მონაცემს აჭარბებდა.
სინათლის მძლავრი წყაროს გამოყენებით, რომელსაც სინხროტრონი ეწოდება, მეცნიერებმა ულტრაწითელი სხივი, ალმასების გავლით, გაზისებრი წყალბადისკენ მიმართეს. და მას შემდეგ, რაც წნევას მოუმატეს, წყალბადმა ჯერ ფერი იცვალა და შემდეგ, გამჭირვალობა დაკარგა, რაც უტყუარი ნიშანია ლითონად გარდაქმნის დაწყებისა.
ჩიკაგოს იტალიური უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკოსი რასელ ჰემლი აცხადებს, რომ
ამ დროისათვის, წყალბადის დაწნეხვის ექსპერიმენტული მონაცემებში, წნევის ამ დიაპაზონში, ეს არსებულთაგან საუკეთესო შედეგია
წყალბადის ლითონად ქცევის პროცესი ხანგრძლივი და ცვალებადია. ბევრი რამ, დამოკიდებული დროზე და გარეპირობებზე. შედეგად, შეიძლება ნახევრად გალითონებული, ან სრულფასოვან ლითონად ქცეული მასა მივიღოთ. რაც ყველაზე საინტერესოა, მხოლოდ მისი მიღების შემდეგ (თუ კი ეს მოხერხდა, ცხადია) გახდება შესაძლებელი იმ თვისებებზე მისი შემოწმება, რომლებიც თეორიულად მიეწერება.
Comments