top of page

ახალი ძველი მოთამაშე

ირანის თემა არა თუ აქტუალობას კარგავს, არამედ მის მიმართ ინტერესი, ისევე, როგორც დაძაბულობა მის ირგვლივ, მზარდია. თანაც, სირიის ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, ირანი რეგიონში მთავარ აქტორად თუ არა, ბევრის განმსაზღვრელ მოთამაშედ დაბრუნდა - ქაოსით მოცულ სირიაში, შიიტურმა „მელოდიამ“ მსმენელი იშოვა, ნოყიერი ნიადაგი ჰპოვა და მით უფრო მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან შტატების შეიარაღებული ძალები გავიდნენ.


სურათი იმგვარია: არის ბაშარ ასადი, თავისი რუსეთითა და რუსული ინტერესებით.

თურქეთი თავისი ქურთული საკითხითა და აშშ-სთან გაფუჭებული ურთიერთობით, რუსეთთან ფრიად მყიფე სიამტკბილობის ფონზე.

არის ისრაელი, რომელიც დამკვირვებლის ფუნქციას არ კმაყოფილდება და მეტიც, ომობს.

და კიდევ ირანი, რომელიც სხვა და სხვა სიდიდის ფუნდამენტალისტურ ძალებს თავს უყრის, აფინანსებს, აიარაღებს და ტრადიციულად, ისრაელის პირისაგან მიწისა აღგვით იმუქრება. ამასწინად, ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცრის, დიმიტრი მანჯავიძის მოსაზრებებს გავეცანი და მისი ეს ნაწილი, ამ ჩანაწერის თემას კარგად ეხმოიანება:

„რუსეთისათვის სირიაში პირდაპირი ჩარევის პირობები მრავალი ფაქტორით არის განსაზღვრული. ძირითადად ეს ფაქტორებია ძალის ვაკუუმი აშშ-ს სახმელეთო ჯარების გამოსვლის შემდგომ ერაყიდან, რამაც „არაბული გაზაფხულის“ პროცესების ფონზე, რეგიონული, კონფესიური და მმართველობითი კონფლიქტების ახალი ტალღა გამოიწვია. ირანის აქტიურმა და წარმატებულმა დიპლომატიამ და ფარულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ოპერაციებმა მას რეგიონში წამყვანი მოთამაშის პოზიციები დაუბრუნა და შიიზმზე დაფუძნებული ალიანსების შექმნა გახადა შესაძლებელი. ერაყის შიიტური რეჟიმი, ბაშარ ასადი და ალავიტები, ლიბანის ჰეზბოლა, იემენის ჰუტის მოძრაობა - ეს არასრული ჩამონათვალია ირანის სამხედრო იდეოლოგიური მოკავშირეებისა, ვინც მას რეგიონში სუნიტური ავტოკრატიების საპირწონე ძალის შექმნაში ეხმარება.“

მიმდინარე წლის დასაწყისი გავიხსენოთ. ისრაელმა სირიაში წერტილოვანი დაბომბვები განახორციელა და მის ამ შეტევას 10 სირიელი და 12 ირანელი სამხედრო ემსხვერპლა. მალევე გაირკვა, რომ რუსეთმა აღნიშნული დაბომბვის შესახებ იცოდა და ირანი არ გააფრთხილა. შავმა კატამაც აქ გაირბინა - ისფახანმა მოსკოვისგან ნელი დისტანცირება დაიწყო, რაც პირველ რიგში იმაში გამოიხატა, რომ გადაწყვიტა საკუთარი შეიარაღებული ძალები თავისივე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით აღეჭურვა. თანაც ეს ხომ პირველი შემთვევა არ გახლდათ - ისრაელი გამუდმებით ბომბავდა დამასკოს აეროპორტსაც და, მათ შორის, ირანის კუთვნილ სატვირთო ლაინერებს, რომელბიც, „მოსადის“ ცნობით, არც თუ მშვიდობიან ტვირთს ეზიდებოდნენ. ლოგიკური ვივარაუდოთ, რომ სწორედ აქ აიღებდა სტარტს სხვა და სხვა რელიგიურ შეიარაღებულ ჯგუფებთან კონტაქტების აქტიური ფაზა. თუნდაც იმიტომ, რომ შეიარაღებისა თუ ოფიცრობის „მიწოდება“, ისფახანისადმი ლოიალურად განწყობილ მცირე თუ საშუალო ჯგუფებსაც მოიცავს.

მედია-განგაში იმავე დღეებში ატყდა და საუბრები პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაზეც იყო

ერთის მხრივ რუსეთის და, მეორესმხრივ, ასადისა და ირანის მონაწილეობით. ცხადია ლოკალურ შემთხვევას არაფერი გაცილებულა - ფასი ხომ ბევრად მაღალი იყო, ვიდრე რომელიმე ინციდენტი და, საბოლოდ, ხანძარი არ გაჩაღდა.

ისე კი დღეს, წლის დასაწყისიდან მეხუთე თვეს, ზემოაღწერილი სურათი გვაქვს - ირანი სრულფასოვნად დაბრუნდა.

სირიის კონფლიქტის გარდა, ტემპერატურას ზრდის ნავთობის თემა და ამერიკის გაცხადებული მზაობა, წავიდეს ყველაფერზე. მოვლენები კი ცხადჰყოფენ, რომ ამგვარი მზაობა, ირანისა უფრო თვალშისაცემია.

გუშინ, საუდის არაბეთთან მდგარ ორ სანავთობო ტანკერზე სრული მოულოდნელობა მოხდა. საუბარია აფეთქებათა სერიებზე, რომელიც ლამის რეიდზე მდგარი ხომალდების ჩაძირვით დასრულდა. ყველა აცხადებს, რომ ეს არა შემთხვევითი, არამედ გამოწვეული აფეთქება გახლდათ და ამაში, ცხადია, დამნაშავე ირანია. უფრო დაზუსტებით კი, მისი კონტროლის ქვეშ მყოფი გაუგებარი დაჯგუფებები.

ამაზე მეტი დეტალი არ ხმაურდება ვინაიდან, მიუხედავად ეკიპაჟის მტკიცებისა, ოფიციალურ ექსპერტიზას საბოლოო პასუხი, იყო თუ არა ეს ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული ინციდენტი არ გამოუქვეყნებია, წყაროები თავს არ ამხელენ და ამდენად, რაიმე ბრალდებაზე საუბარი, უბრალოდ ნაადრევია. შტატებმა ოფიციალურად გააფრთხილა ყველა, რომ ირანი მაგვარ გამოხდომებს გაახშირებს და ამიტომაც, მახლობელ აკვატორიაში ხომალდებისა და ავიაციის დამატებითი ძალები მიმართა. ცხადია, ამ ყოველივეს ირანიც გამოეხმაურა, რომელმაც ყველაფერი ახსნა, როგორც ამერიკის მცდელობა, რაიმენაერი ლეგიტიმაცია მოუპოვოს დაგეგმილ აგრესიას.



Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page