top of page

მსხვილი პანამელი ინევესტორი (+multimedia)

Updated: Sep 12, 2019

ერთ-ერთი და, მე ვიტყოდი, სანიმუშო ინდიკატორი გასარკვევად იმისა, თუ რა მიმართულება გვიკავია, ინვესტიციების მოძრაობა (შემოსვლა-გასვლა) გახლავთ. რამდენიმე დღეა, ამასთან დაკავშირებით, საქართველოში ჩვეულებრივზე აქტიურად საუბრობენ და ეს, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში შექმნილ შეფერხებებს უკავშირდება. ყველაფერი სტატისტიკით დაიწყო - საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 6 თვის მონაცემებით, გაირკვა, რომ წელს, პირდაპირი ინვესტიცია (FDI) შარშანდელთან შედარებით საგრძნობად, 35%-ით დაეცა, ხოლო კვარტალურ მასშტაბში, 53.7%-ით და ეს 2008 წლის შემდეგ, პირველად მოხდა - ომის სურათი მშვიდობიანობის დროს განმეორდა. სხვაგვარად, ამას ნახევარი ინვესტიციების დაკარგვა ქვია.

ცხადია, ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ხელისუფლების სხვა და სხვა შტოებს შორის კი არა, წარმომადგენლებსა და ხელმძღვანელებს შორისაც არ არის კოორდინაცია და ისეთ მარტივ საკითხთან მიმართებაში, როგორიცაა მწყობრი და იდენტური განმარტებების კეთება, ხშირად ვაწყდებით სრულიად საპირისპირო სურათს. მაგალითისთვის, თავად საქსტატი, კვარტალურ მაჩვენებლების ვარდნის და, ზოგადად, არსებული სიტუაციის გამომწვევ მიზეზად, დიდი საერთაშორისო პროექტის - მაგისტრალური გაზსადენის დასრულებას აცხადებს.

იმავე საკითხზე მსჯელობისას, ზოგმა მკვეთრად პარტიული ხაზი დაიკავა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ყოველივე ჩვეული უმიმიკობით ჩამოაყალიბა:

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ორ კვარტალზე როდესაც ვსაუბრობთ, გავითვალისწინოთ ის მოვლენები, რომელიც ქვეყანაში განვითარდა. ამიტომ ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, იმიტომ რომ ეკონომიკური პარამეტრები არის საკმაოდ ჯანსაღი იმისათვის, რომ უფრო მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შევძლოთ ქვეყანაში

თუმცა, ცხადია მხედველობაშია მისაღები ის, რასაც მინისტი თურნავა აცხადებს:

მოლოდინი გვქონდა და კარგი იქნებოდა, რომ წლევანდელ წელს ჩვენ მიგვეღო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტიცია, როგორც ეს იყო გათვალისწინებული. 2017 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ველოდებით ამ ინვესტიციას, მაგრამ, სამწუხაროდ, კონსორციუმის მოთხოვნით არაერთხელ მოგვიწია გადავადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია წლევანდელ სტატისტიკას ძალიან წაადგებოდა

„ევრიკა!“ - და იქნებ მხოლოდ ესაა მხედველობაში მისაღები? მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფორმალურად, ამგვარი გადავადების ფაქტს, შესაძლოა, მართლაც ჰქონდა ადგილი და არა ერთხელაც, მაგრამ ფორმალობის უკან, ყოველთვის რეალობა დგას. რეალობა კი კონსორციუმისგან ასეთი გადავადების საჭიროებას ითხოვდა. და საბოლოოდ, მონაწილეთაგან ერთ-ერთმა, დატოვა კიდეც მისი რიგები. და ახლა, კონკრეტულად ამ მომენტში, ეს მხოლოდ როგორც ნიშანდობლივი ფაქტია საინტერესო, და არა მისი შიგთავსის გამო. თუმცა, ცხადია გვახსოვს, თუ ვინ რა შეფასება გაუკეთა ამ ფაქტს და ყველაფერი რომ წესრიგში არ იყო, ეკონომიკის ექსპერტის, დემურ გიორხელიძის ამ სიტყვებიდანაც ჩანს: „თავიდანვე ცნობილი იყო, რომ „კონტი–ჯგუფს”-ს ფული არ ჰქონდა. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც საქართველოში ხდება. ვიწრო კლანური ინტერესებით მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება. გაიმარჯვა ჯგუფმა, რომელსაც არც პროექტი ჰქონდა და არც ფული. მთავრობამ დანაშაული ჩაიდინა, როცა ამ კომპანიას ტენდერში გაამარჯვებინა. ეს იყო არა შეცდომა, არამედ გაუმართლებელი დანაშაული. სახელმწიფოს უზარმაზარი ინტერესის მქონე საქმე, მეგობრებში, ახლობლები და ნაცნობებში წყდება. მთავრობამ თავისი დაშვებული შეცდომა თავად უნდა გამოასწოროს“.

არ ვიცი, თუ რამდენად ახლოსა აქ ნათქვამი რეალობასთან, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვინ როგორც უნდა ახსნას, სურათი ამგვარია: პირდაპირი ფინანსური ინსვესტორების სია დატოვა „ბრიტიშ პეტროლიუმ“-მა (BP), ვინაიდან მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა მართლაც დასრულდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ლიდერთა ათეულში მყარი პოზიციები უკვია „ტურიზმის განვითარების ფონდს“ - ის ათ დიდ პროექტიშია ჩართული და მისი ინვესტიციების საერთო მოცულობა 717 მლნ.-ს აღწევს.

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 2014 წლის 3 ნოემბერს დაფუძნდა. კომპანიის იურიდიული მისამართი "ქართუს" სათაო ოფისში, ჭავჭავაძის 39ა-ში მდებარეობს. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის პანამურ ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Frangston International-ი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. - წერს ბი-ემ.ჯი

იქვეა აღნიშნული, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ჩამონათვალში, ყოველ შემთხვევაში ათეულში, კომპანიათა განლაგება არ გულისხმობს რაიმე რეიტინგს და საერთოდაც, ციფრები არ სახელდება - მხოლოდ ეპითეტი - მსხვილი. როგორ გგონიათ, რამდენად მსხვილი იქნებოდა ეს ყველაფერი, თუ კი ანაკლიას არაფერი შეაყოვნებდა? კონკრეტულად ციფრები და მით უმეტეს, ეკონომიკური მაჩვენებლები და ისიც, წინასწარ, ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის, მაგრამ რა კომპეტენცია იმის აღქმას ჭირდება, რომ ანაკლიის შეუფერხებლობა, სხვა ნაკადებსაც დაძრავდა? სხვათა შორის, კოსნსორციუმმა ამასწინად ძალიან საინტერესო მულიტიმედიური პოსტი გაავრცელა

დამეთანხმეთ, აქ კარგად ჩანს შესაძლებლობები, რომელიც ანაკლიას და, ზოგადად, საქართველოს ამ მიმართულებით გააჩნია და განსაკუთრებით „ყრუთათვის“, ეს შეგიძლიათ კარგ თვალსაჩინოებად გამოიყენოთ.

გარდა იმისა, რომ ეს საქართველოს ეკონომიკას, ანუ ყოველ ჩვენგანს, ჩვენი სახელმწიფოიანად, გლობალურ ეკონომიკაში სრულფასოვანი მოთამაშის სახით ჩაგვრთავს, სარგებელს მოიტანს უსაფრთხოების კუთხითაც და ეს შესაძლეოა, არანაკლებად პროდუქტიული გამოდგეს ზოგადად, ქვეყნის წინსვლის კონტექსტშიც და ეკონომიკის სხვა მიმართულებებითაც. პომპეოს თანაშემწე რიკერმა, რომელიც ამასწინად საქართველოს დედაქალაქს სტუმრობდა, ჩვენი მთავარი მოკავშირის ოფიციალური პოზიცია მკაფიოდ განმარტა:

..ეს არის მნიშვნელოვანი, ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის, თუ გავითვალიწინებთ საქართველოს გეოგრაფიას, ვაჭრობის დიდ ტრადიციას, ჭკვიან და განათლებულ მოსახლეობას, რომელსაც სჭირდება ანაკლიის პორტი. საქართველოს მოსახლეობა მიიღებს მნიშვნელოვან სარგებელს ამ პორტისგან. წარმატებული შეთანხმება, რომელშიც მონაწილეობს აშშ, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები და ფინანსური ინსტიტუტები, იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველოს ეკონომიკა და დემოკრატია აქტიურია. ეს იქნება სიგნალი მათთვის ვინც საქართველოსთვის პროგრესის შეჩერებას, ხელის შეშლას და დასავლური ორიენტაციის შეცვლას ცდილობს. ამავე დროს, ეს იქნება შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომელიც იქნება რუსეთისა და ჩინეთის ზეგავლენისგან დამოუკიდებელი. ეს რჩება ისტორიულ შესაძლებლობად. არსებობს გაწერილი კალენდარი ამ პროექტის დასასრულებლად და არ გადადოთ. გამოიყენეთ ეს შანსი. გაუსვით ხაზი, საქართველოში არსებულ ბინზესგარემოს და საინვესტიციო კლიმატის სიძლიერეს და გაავრცელეთ ეს გზავნილი მთელ მსოფლიოში. ჩვენ ველოდებით პროგრესს ამ კუთხით და ყველა იმ ელემენტში, რაც აძლიერებს საქართველოს ერთგულებას და ხაზს უსვამს ღირებულებებს, საქართველოს დასავლურ ორიენტაციას და ასევე ევროატლტანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მისწრაფებას.

მაგრამ დააკვირდით სიტყვებს, რომელიც ბეჯ ჰოჯესს ეკუთვნის და კიდევ უფრო კონკრეტულია, ვიდრე სხვა:

ეს არის ერთადერთი გზა, რითაც საქართველო შეასრულებს ჰაბის როლს, რომელიც აზიას ევროპასთან აერთებს. ამ ღრმაწყლოვან პორტს აქვს უამრავი შესაძლებლობა ეკონომიკური განვითარებისთვის არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანი შავი ზღვის რეგიონისთვის. რუმინეთი მაშინვე მიიღებს სარგებელს, კონსტანცა (შავი ზღვის უდიდესი პორტი - კ.ნ.) გახდება მნიშველოვანი პორტი, მდინარე დუნაი გახდება მნიშვნელოვანი არტერია, რადგან დაიწყება კონტეინერების გადაზიდვა დუნაის მეშვეობით, ევროპის შუაგულისაკენ. რა თქმა უნდა, ზუსტად ამის გამო არ სურს რუსეთის ფედერაციას, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს. მე წარმომიდგენია, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები რეგულარულად ეწვევიან ხოლმე ანაკლიის პორტს მონრეალის კონვენციის შეზღუდვების ფარგლებში, რაც ასევე გააძლიერებს კოლექტიურ უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში

სურათის სისრულისთვის, შეგიძლიათ mythdetector-ის მასალას გაეცნოთ, სადაც არა მხოლოდ რუსული ინტერესის შესახებ წერენ, არამედ რუსეთის შესაძლო ან მოქმედი კონტრზომების შესახებაც. ცხადია, ვერ ვიტყვი, რომ აქამდეც არ იყო ცხადი, თუ ვინ რომელი ორკესტრიდანაა, მაგრამ თვენ წარმოგიდგენიათ რას ართმევენ სამშობლოსა და ჩვენს შთამომავლებს? და ჩვენ ამას დავუშვებთ?


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page