ბიძინას PUZZLE
- კოტე ნიშნიანიძე
- Jun 18, 2019
- 2 min read
ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ვითარებას, სადაც საპარლამენტო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ამ თუ იმ ამბავს მედიის საშუალებით იგებენ და, ხშირად, გამომდინარე იქიდან, რომ ჭურში სხედან, თავად არ იციან, რას მიედ-მოედებიან. გუშინ გავრცელებულ ცნობა, რომელიც თანამდებობიდან დავით სერგეენკოს გადადგომას უკავშირდებოდა, ამის ერთი კარგი ნიმუში გახლდათ. ერთი კი უნდა ითქვას, რომ შესაძლოა ეს შეთანხმების შედეგი ყოფილიყო, მაგრამ გუშინ, დაზეპირებულივით, ყველა ლამის ლექსიკურადაც ინდენტურ ფრაზას გაიძახოდა - ეს პრემიერის პრეროგატივაა, ეს პრემიერის პრეროგატივააო.
და ამ „პასის“ ავტორი თავად სერგეენკოა, რომელმაც გუშინ, ლამის ამინდთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც ასე უპასუხა.

ისე, სერგეენკოს ლექსიკასა და მიმიკაში იგრძნობოდა, რომ ის მხოლოდ სუბორდინაციის ან ეტიკეტის წესს იცავდა, თორემ დასტური სახეზე ეწერა. ყველა ბახტაძის ჩანიშნულ პრესკონფერენციას ელოდა, თუმცა, რეალურად, კონკრეტიკა არც იქ ყოფილა. უკვე დღის ბოლოსთვის, აქა-იქ გაისმა მმართველთა ოდნავ კრიტიკული ფრაზები, თუმცა, ესეც, როგორც ხდება ხოლმე, ითქვა სრულიად კონკრეტული ინტონაციური შტრიხით. დაკვირვებულნი ხართ? როგორც კი ანალოგიური ვითარებაა და ხელისუფლების წარმომადგენელს სურს ხაზი გაუსვას, რომ დამოკიდებულებები და კუთვნილებები არ შეცვლილა, საქმეში უმალ კნინობითი ფორმით სახელდება ერთვება. გუშინ ხშირად გაიგებდით „დათო“.. და ეს დავით სერგეენკოს ნიშნავდა. დღის მიწურულს, ბიზნესმენისა და შეთავსებით დეპუტატის, კახაბერ ოქრიაშვილი მიერ გაკეთებულ კომენტარში პირველად გაისმა ძალიან საგულისხმო მინიშნება, თუმცა, ხაზგასმით, კერძო ვარაუდად გასაღებული:
სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის შესახებ მიზეზს პრემიერი თავად განმარტავს. მე პირადად ვფიქრობ, რომ ბატონ დავითს პარტიულ თანმდებობაზე ვიხილავთ. ის მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში
კერძო საუბრებში მთელი დღე ისმოდა, რომ ყველაფერი 2020 წლის არჩევნებს და ოცნების ახალ საარჩევნო სიას უკავშირდებოდა, თუმცა ეს კერძო საუბრები იყო. და ოქრიაშვილმაც, ეს ჩემი კერძო მოსაზრება არისო, მაგრამ მისივე ნათქვამი, რომ შესაძლოა სერგეენკო ახალი პარლამენტის თავჯდომარედ ვიხილოთ, ყველაფერს სხვა ფერსაც სძენს. ჯერ ეს ვთქვათ: ივანიშვილმა იცის, რომ პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობით, არა თუ არჩევნების მოგებას შეძლებს, ეგებ ბარიერის გადალახვის პრობლემაც დაუდგეს. შესაბამისად, ის, რომ სია მეტად კომპეტენტური, შედარებით რეიტინგული სახეებით უნდა ჩამოყალიბდეს, და ასეთთა შორის სერგეენკოც მოაზრება, სავსებით ლოგიკურია. ცხადია, დავით სერგეენკოს რიგით დეპუტატად წარმოდგენა, გულუბრყვილობა იქნება. არც ერთი რომელიმე ფრაქციის, თუნდაც უდიდესის თავჯდომარეობა, ან საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელობაა მისი თამასა. ის თუ მართლაც პარლამენტის თავჯდომარედ არ მოგვევლინა, სულ ცოტა „ოცნების“ მთელი დეპუტაციის ლიდერად იგულისხმება - ვინ იცის, როგორ დასრულდება არჩევნები.. ამდენად არ დავკოკრეტდეთ - უმცირესობის თუ უმრავლესობის ლიდერი სერგეენკო. ხოლო თუ კი ის მართლაც ახალი პარლამენტის თავჯდომარედაა ნაგულიხმები, ეს ყოველივე კარგად ჯდება რამდენიმე ხნით ადრე და არა ერთხელ გაღღერებულ სცენარში, სადაც კობახიძე უზენაეს სასამართლოში აგრძელებს „ღწვას“.
კიდევ ერთი მომენტია საინტერესო: რატომ გააჟღერა ეს ოქრიაშვილმა.
გინდა არ გინდა, გახსენდება 2017 წლის ამბები, სადაც დეპუტატი ოქრიაშვილი სერგეენკოს, და სხვა მინისტრებსაც, დაბეჯითებით მოუწოდებდა, ნაკლებად ჩარეულიყვნენ ბიზნესში. ის მაშინ აცხადებდა, რომ მის ბიზნეს (კომპანია PSP) შეგნებულად ურტყამენ და ეს ბანკებთან და ფარმაკოლოგიასთან დაკავშირებულ, მის კრიტიკულ გამოსვლებს უკავშირდება. მას მერე, ორი წელია გასული და ვეჭვობ, დღევანდელი ამბები რაიმე ბმაში იყოს ამასთან, მაგრამ გამახსენდა და თქვენც გაგახსენეთ.
Comentários