გაავრცელეთ!
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 28, 2018
- 4 min read
Updated: Jul 9, 2019
საინფორმაციო ომი, მტრული პროპაგანდა და ყველაფერი ის, რაც დღეს ჰიბრიდული ომის შემადგენელ ნაწილებად მიიჩნევა, არსებობდა ყოველთვის - შეიცვალა მხოლოდ ტექნოლოგიები და ამოცანათა შესრულებისთვის აუცილებელი ვადებიც, მკვეთრად შემჭიდროვდა.

იმის დასტურად, რომ რუსეთი ამ იარაღას ადრეც იყენებდა, მოვიშველიებ ტერმინის - „სამხრეთ ოსეთი“ - წარმოშობისა და დამკვდრების სრულ ქრონოლოგიას - კლასიკურ მაგალითია. ბევრი ჩვენგანი, ამ ტერმინის დამკვიდრებას კომუნისტებს მიაწერს, თუმცა ეს შეცდომაა. ცხადია, ავტონომიური ოლქის სტატუსი საქართველოს სხეულზე ამ ხელოვნურ სუბიექტს სწორედ კომუნისტებმა მისცეს, მაგრამ ის, რაც მათ საფუძვლად თუ საბაბად გამოიყენეს, ჯერ კიდევ 1802 წლის ოპერაციის შედეგი გახლდათ. იმავე ოპერაციის გაგრძელებაა ისიც, რის მომსწრენიც წითელი იმპერიის ნგრევისას ვიყავით და მოდერნიზებული, პუტინისეული ოლიგარქიული იმპერიის ეპოქაშიც გავხდით. ამ ყველაფრის საფინალო სცენა, რუსული ოლიგარქიის ემისარს და მის ერთგულ „ზოია კოსმოდემიანსკაიას“ უნდა შეესრულებინათ. სიხარულით უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საინფორმაციო ფრონტზე აღარაა იმდენად კატასტროფული მდგომარეობა, როგორც ადრე.
ამასწინ, ერთ ძალიან საინტერესო ქართულ რესურსზე The Washington Post-ის ჟურნალისტური გამოძიების მასალებს გადავაწყდი (აქ). ფაქტობრივად, ეს სეპარატიზმის, როგორც მოვლენის, ახლებური აღქმაა. სეპარატზიმი, რომელიც სისხლს წოვს პოსტსაბწოთა სახელმწიფოებს, აღარ ეტევა ცალკე აღებული ქვეყნის, ან რეგიონალურ პრობლემის „ზომაში“. საკითხმა გლობალური კონტურები შეიძინა არა ზოგად ჭრილში (რაც, ისედაც გააჩნდა), არამედ კონკრეტული საერთაშორისო დანაშაულის კონტექსტით. დანაშაულისა, რომელიც აი, სწორედ ახლა მიმდინარეობს. და მას კრემლი, პუტინი და მისი შავბნელი ასეულები ჩადიან. ეს კი საკითხისადმი ინტერესსაც გაზრდის და მათი სამართლიანი და სამართლებრივი მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევასაც.
ძველი ჭეშმარიტება არ უნდა დაგვავიწყდეს - თავდაცვის საუკეთესო და უმოკლესი გზა თავდასხმაა. ჩვენ ხელთ ყველაზე ბასრი იარაღი გვაქვს - სიმართლე.
გაავრცელეთ!
მაშ ასე, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“
როდესაც ერთეულებს კი არა, მთელს თაობებს უტენიან თავში სიცრუეს, ის ოდესღაც უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტებად ცხადდება. როგორ გგონიათ, რა არის ის, რაც ახალგაზრდა ან ყრმა ოსს დაარწმუნებს, რომ ეს ე. წ. „სამხრეთ ოსეთი“ მოგონილია და ისტორიულ ფაქტებთან საერთო არაფერი აქვს? ეს ტერმინი, XIX საუკუნემდე არსად - არც ქართულ და არც უცხოურ საისტორიო წყაროებში გვხდება. ხიზანი ოსებით დასახლებულ მხარეს, ჩრდილო ქართლის, ქსნის ხეობისა და სამაჩაბლოს სახელით იცნობდნენ და ოსეთად მხოლოდ ის მხარე მიიჩნეოდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარეთ, კავკასიონს მიღმა იყო (და არის) განფენილი.
და ერთხელაც, უფრო კონკრეტულად კი 1802 წელს, მზის სინათლე იხილა პირველმა ოფიციალურმა დოკუმენტმა, რომელიც მხარეს სხვაგვარად მოიხსენიებდა.
ბუნებრივია, არ გაიოცებთ, რომ დოკუმენტი რუსულია. საქართველოში რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მთავარმმართებელი კრონინგი იმპერატორს წერდა, რომ ურჩი ოსები დამსჯელი ოპერაციით ალაგმა და წესრიგის შემდგომი შენარჩუნების მიზნით, ჯავაში, ვანათსა და ქემელთაში დროებითი სამოქალაქო სასამართლოები გახსნა. ის მიუთითებდა, რომ „დროებითი სასამართლოები გაიხსნა ოსეთში“ (აქტები, 1, გვ. 587). არაა რთული გამოსაცნობი, რომ გადამთიელ კრონინგს სავსებით კონკრეტული ამოცანა ამოძრავებდა და ის სრულ თანხვედრაში იყო რუსეთის იმპერიის ექსპანსიონისტურ პოლიტიკასთან.
ცხადია, პეტერბურგში მშვენივრად მოეხსენებოდათ, თუ რა „ოსეთზე“ იყო საუბარი და ამის დასტურად ის გეოგრაფიული სახელდებებიც საკმარისია, რომელიც ამის პარალელურად გაჩნდა: „საქართველოს ოსეთი“ და „ჩრდილოეთ ქართლის ოსეთი“.
საქმე ის გახლდათ, რომ ნამდვილი ოსეთის დამორჩილების, ანექსიისა და მიერთების მოკლე გზად, რუსეთში საქართველოდან შეტევა მიაჩნდათ. მაგრამ ჯერ საამისოდ ერთგვარი პლაცდარმი უნდა შექმნილიყო. დამპყრობლის ლოგიკა მარტივი გახლდათ: ის, ვინც ფლობს რაღაც ეთნო-გეოგრაფიული ერთეულის სამხრეთ ნაწილს, სარგებლობს უდავო უფლებით, ფლობდეს მის ჩრდილოეთსაც, რომელიც, სხვათა შორის, რუსეთის ნაწილად ოსმალეთმა ჯერ კიდევ 1774 წელს ცნო. მართალია მაშინ ოსეთი რუსეთს არ ემორჩილებოდა, მაგრამ ეს აღიარება, ერთ დროს ფრიად საჭირო რამ გახდებოდა. დრო გავიდა და ცხადია, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდა.
და აი, 1830 წელს აქ ოთხი „ოსური საბოქაულო“ შეიქმნა, რაც ოდნავ მოგვიანებით, მთავარმართებელ როზენის ინიციატივით, „ოსეთის ოკრუგში“ გააერთიანეს, ზედ რუსული სამხედრო ადმინისტრაცია წამოასკუპეს და ოფიცერი, რომელიც ამ ახალ სამხედრო-გეოგრაფიულ სივრცეს აკონტროლებდა, პირდაპირ და უშუალოდ საგუბერნიო მმართველობას დაუქვემდებარეს. ეს კი ნიშნავდა, რომ ეს ახალი „ოსეთი“ მმართველობის მხრივ, სრულად მოწყდა ჩრდილოეთ ქართლს.
ამ ახალმა რეალობამ, რუს სამხედროთა თუ მოხელეთა შეხედულებების გაახლებაც გამოიწვია. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს მთავარმმართებელ პასკევიჩის აღწერილობა სათაურით „ოსეთის გეოგრაფიული მდებარეობა“, სადაც აღნიშნულია, რომ „ოსთა ტომებს... უკავიათ კავკასიონის მთავარი ქედის ორივე ფერდობი რიონისა და არდონის სათავეებიდან, თერგისა და არაგვის სათავეებამდე...“ ეს მათივე მეცადნიებით შექმნილი სიყალბე დაიჯერეს რუსეთში და კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით ირწმუნეს ოსებმა, რომელთაც, ვინმე შარლატანი „მოძღვარი“, დეკანოზი ვოსტორგოვი არწმუნებდა, ეს თქვენი მიწაა, ხოლო ქართველებმა მიიტაცესო. ამ „ოსეთების“ გაერთიანებისა და ერთ ადმინისტრაციულ ერთეულად გადაკეთების საკითხი, უკვე დროის ამბავი იყო. აკი წერდა კიდეც ზემოხსენებული როზენი, რომ რუკაზე ერთი დახედვითაც კი ჩანს, რომ გაერთიანებულ ოსეთს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვსო.
„ჩვენი მტკიცე ბატონობა ოსეთში, გადაჭრით გააპობს კავკასიის მთების ქედს ორ ნაწილად, მაშინ, როდესაც ახლა, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სამხედრო გზა კვეთს კავშირს ჩვენს მიერ ნახევრად დაპყრობილ და ჩვენდამი მტრულად განწყობილ ხალხებს შორის“. - წერდა როზენი
ცხადია, ამას იმპერიის მესვეურები დაეთანხმენ, რადგან მიაჩნდათ, რომ აღნიშნული ქმედება უზრუნველყოფდა რუსეთის ბატონობას როგორც ოსეთში, ისე კავკასიონის ქედის დიდი სივრცეზე (რუსეთის იმპერიის კანონთა სრული კრებული. II გამოცემა, დამატება N 11398-ა).
40-იანი წლებში, იმპერიამ დაასრულა ნამდვილი ოსეთის დაპყრობა. ამრიგად, „ოსეთის უკრუგში“ შიდა ქართლის მთიანეთის გარდა, უკვე ჩრდილოკავკასიაში განლაგებული არდონის ხეობაც მოექცა, რაც „ოსეთთა“ გაერთიანების როზენისეულ გეგმას ხორცს ასხამდა. ამან რუსეთის მთელს კავკასიაზე გაბატონებაში ფასდაუდებელი წვლილი იქონია, თუმცა, მოგვიანებით, როზენის გეგმა უაზრობას დაემსგავსა. ისიც შენიშნეს, რომ ამ ორ ოსეთს შორის გადაულახავ წინააღმდეგობად აღმართული დიადი კავკასიონი, საერთო მმართველობას შეუძლებელს ხდიდა. ამიტომ, 50-იანი წლების მიწურულს „ოკრუგი“ ორ ნაწილად გაჰყვეს: იმიერკავკასიური მხარე, საგაგმგებლოდ კავკასიის სამხედრო ხაზის მარცხენა ფრთას მიაჩეჩეს (ოსეთის სამხედრო ოლქის შექმნის გზით), ხოლო ქართული ნაწილი, გორის მაზრაში „ოსეთის უბნის“ სახელით გააერთიანეს.
თითქოს სამართლიანობა აღდგა, მაგრამ ამ ორი ერთეულისათვის თითქმის იდენტური სახელწოდებების შერქმევით, საფუძველი მიეცა ახალ სახელწოდებებს - „ჩრდილოეთ ოსეთი“ და „სამხრეთ ოსეთი“. ეს უკანასკნელი, პირველად და ოფიციალურად, დოკუმენტაციაში მალევე, 1860 წელს გამოჩნდა. კერძოდ, კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოების მომწყობი კომიტეტის ანგარიშში. მასში ნათვამია „... კომიტეტმა დაასკვნა, რომ ახლა მთელი ყურადღება უნდა იქნეს გადატანილი ქრისტიანობის აღდგენასა და განმტკიცებაზე... სამურზაყანოში, სვანეთში, სამხრეთ ოსეთში (!), თუშეთში, ხევსურეთში...“ (აქტები. 11. გვ. 1357).
არ ვიცი, როდის და რა გარემოებებში მოხდება ამგვარი რამ, მაგრამ თუ კი ოდესმე ისტორიული სამართლიანობის აღდგენის საერთაშორისო მექანიზმი ამოქმედდება, ყველა ტერიტორიულ პრეტენზიას დავასაბუთებთ.
Comments