top of page

„გაგულა“

დღეს მთავრობის წევრთა განცხადებები, კარგად ნამეცადინებივით ჟღერდა. აი, თეა წულუკიანი კი, აქაც ოდნავ გამორჩეული გახლდათ.

გახსოვთ ლიტერატურული პერსონაჟი გაგულა? მესმის, ჰენრი კაგარდის სათავგადასავლო ლიტერატურა, ალბათ ათასი წლის წინ წაიკითხეთ, მაგრამ გაგულას, ჯადოქარსა და ქურუმს, უცნობი ასაკის და მოსიარულე ალეგორიულ მუმიას, რა დაგავიწყებდათ?

წულუკიანის ეს განცხადება, რეალურად, ახალს არაფერს ამბობს. არ იგეგმებაო.. ანუ, ამათი გეგმები ქართველი ხალხის გეგმებს არ ითვალისწინებს, რაც, როგორც მოგახსენეთ, აღმოჩენა არ გახლავთ, მაგრამ დღეს, უკვე თვით „გაგულამ“ გააჟღერ-გააფორმა და ამჟამინდელი ვითარებაში, მის სიტყვას, ფასიც სხვა აქვს და ჟღერადობაც.

ჩვენ სწორედ სიტყვის ეს „უცხო“ ჟღერადობა გვაინტერესებს, თორემ ფასიც ვიცით და ისიც მოგვეხსენება, ვის ეძვირფასება აღნიშნული პიროვნების მოძრაობის ტრაექტორია და განცხადებათა შინაარსი. ახლავე ვივარაუდებ - ივანიშვილი ცდილობს უკვე შემოიხაზოს მომავალი საპარლამენტო „ლოკომოტივის“ კონტურები. მას ლადო კახაძის მსგავსი ხელი-ხელ საგოგმანები, ხარჯიანი და უპოზიციო ელემენტები ფონს ვეღარ გაიყვანს... მაქამდე თუ მივა საერთოდ საქმე.

მოკლედ, თეა წულუკიანიც ალეგორიული ქურუმია იმ ძალებისა, რომლებიც ასე დაჟინებით ჩაბღაუჭებიან „საბჭოთა საქართველოს“ და ამ ინდივიდების მენტალიტეტს, აწი, ვეღარაფერი გამოცვლის.

ათასჯერ მითქვამს - ამ კატეგორიის მოქალაქეებს, საქართველოში თავისი თავი უყვართ და არა საქართველო თავის თავში. მათ სურთ „ქვეყანა საქართველო“, და „სახელმწიფო საქართველო“ სულ ფეხებზე ჰკიდიათ, მაგრამ რაკიღა მენტალობა ცვლილებას აღარ ექვემდებარება, თავად მათი გამოცვლა, არა მხოლოდ შესაძლებელია ან აუცილებელი, არამედ გარდაუვალიც - მათი დარჩენა, დასრულებაზე თანხმობის განცხადებაა და აქ, ქართული სახელმწიფოს დასრულება მაქვს მხედველობაში. დაშალეთ პარლამენტი! - მიიღოს ამ ჩეჩმა-ორგანიზაციამ ხალხის ნებას დაქვემდებარებული ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, დათქვას თარიღი და თვითდაიშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალაუფლების წარმომადგენლობითი საბჭოებისთვის ან რაიმე ამგვარისთვის გადაცემის საკითხი დადგება. აქვე, ვთქვათ ისიც, რომ უკვე საკმაო ხანია ჩვენში ისმის საუბრები სისხლის ფასად გარეკილი უზენაესი საბჭოს დარჩენილ წევრთა მოწვევაზეც და ამას, საფუძვლად საბჭოს ის დადგენილება ედება, რომელიც ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას უკანონოდ აცხადებს. ერთს აღვნიშნავ მხოლოდ: ბუნებრივია ამგვარი ტიპის Restart-ის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს უკვე მესამე რესპუბლიკაა. ერთი სიტყვით, არ ვიცი, რა და როგორ მოხდება, მაგრამ ის კი დანამდვილებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ დრო იმაზე ცოტაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ახლა, უკვე საბოლოოდ ვდგავართ ამ საკვანძო გზაგასაყართან და დახანება, ნებისმიერი პაუზა, კონტრპროდუქტიული იქნება.


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page