„გამოგაგდეს, ხო?“
- კოტე ნიშნიანიძე
- Jul 8, 2019
- 1 min read
ახლახანს, მედიამ ეს ვიდეოკადრები გაავრცელა.
საერთოდ, ვინც მიცნობს ან ჩემს ბლოგს ადევნებს თვალყურს, მას კარგად მოეხსენება, რომ რწმენის საკითხთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, ლამის ვდუმვარ, რადგან ეს, ერთგვარად, „დაუკრეფავში გადასვლა“-დ მეჩვენება - საკითხი ფრიად ინდივიდუალური, პირადულია.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ არ მაქვს კრიტიკული აზრი და მათ შორის ღევანდელი მდგომარეობის ირგვლივ, მაგრამ მაინც, ზოგჯერ ხათრით, ზოგჯერ განცდით, რომ ეგებ ვცდები.. და ზოგჯერ სინანულით, რომ არ ვდგავარ სიკეთის მხარეს, თავს ვიკავებდი მკაცრი შეფასებებისგან, უაპელაციო დეფინიციებისგან..
ამ მდარე მასკარადის შემყურეს, ეს ნააამბობი გამახსენდა: დაღლილი კაცი, დიდი ხნის ნაწოწიალები, ქარსა და ავდარში, ტაძარში შევა, ღმერთს მადლობას მოვახსენებ, რომ მშვიდობით მატარა, ცოტას გავთბები და გზას განვაგრძობო, გაიფიქრა.
წირვა იდგა. ერთ-მომენტში, უკნიდან შეხება იგრძნო - ჭაჭებში თითი ატაკეს, ხელები სწორად დაიკავეო. მერე, ვიღაც დედაბერმა, მანდ კაცების ადგილი არაა, წინ დადექიო. მერე ვიღაცამ კიდევ რაღაც უსაყვედურა, გაკიცხა რაღაცის გამო და ბოლოს, გვარიანად შებეზრებულმა კაცმა, ტაძარი დარცხვენით დატოვა.. რამ მრჯიდაო, ამასაც იფიქრებდა, უთუოდ... და შეინანებდა მერე.
ჯერ ეკლესიის ეზოდანაც არ იყო გასული, რომ ხმა ჩესმა:
- გამოგაგდეს, ხო?
ცხადია, მიხვდა ვისი ხმა შეიძლებოდა ყოფილიყო და ფიქრშივე მოუგო, კი, უფალო, გამომაგდესო.
„არ იდარდო, მეც კარგა ხნის გამოგდებული ვყავართო“- გაისმა ისევ იმ ხმით.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რამხელა ძალისხმევა დაგვჭირდება და ძალები სად უნდა მოვიკრიბოთ, რომ არა მხოლოდ საქართველო ვიხსნათ მონობისგან, არამედ საქართველოს სამოციქულო ეკლესიაც, გასექტავებისგან. ან, იქნებ ეს ერთი და იგივეა?
Comentários