გეგელია ჰეგელია?
- კოტე ნიშნიანიძე
- May 21, 2019
- 3 min read
როგორც მოგეხსენებათ, დიდი გერმანელი არ გახლდათ ჰეროიკული ან მისტიური მიდრეკილებების ტრფიალი. ის გახლდათ რაციონალისტი, მოწესრიგებული, მწყობრად მოაზროვნე გონების ადამიანი. გუშინ, კანდიდატი გეგელია წერდა:
„ქვეყანაში, სადაც პოლიტიკა უსაგნო გნიასთან და არაფრისმომცემ წივილ-კივილთან ასოცირებს, ჩვენ პოლიტიკა მომავალზე და კეთილდღეობაზე საერთო საუბრად ვაქციეთ“
არის თუ არა ეს ასე, მალე გამოჩნდება, მაგრამ ერთი ცხადად შეიძლება ითქვს - გეგელია აპირებს დაეყრდნოს რაციოს და არა ემოციოს. ამ ნიშნით, ის წაუჰეგელებს და, ერთგვარად, უნიკალურია.

კონკრეტულად ამ მომენტში, საკითხი მარტივად დგას: თუ არ გსურს მხარი დაუჭირო შალვა შავგულიძეს, ამით კახაძეს უკეთებ საქმეს. და ახლა მიკიბულის დრო არაა - მკაფიოდ უნდა ითქვას: ჰო, თუ არა. ჰოდა, „გირჩი“-ს მკაფიო უარი არ გამკვირვებია - ჩანაწერების წინა სერიებშიც ვთქვი - ეგ ორგანიზაცია „პაზნიაკია“. გეგელიასგან კი, ცოტა გამიკვირდა, რადგან კი უნდა ხვდებოდეს, რომ ახლა, საუბარი იმ ღირებულებებზეა, რომელიც არა თუ პარტიის, არამედ პოლიტიკურ მიმდინარეობებზე მაღლაც დგას და მემარცხენეობა, „სააკაშვილის ფაქტორი“, „ეს იმის განაყოფია“, „ეგენი ორივე უვარგისია“ და ეგეთები, არ გამოდგება - წმინდად რაციონალური თვალსაზრისით, თუნდაც. ცხადია, ის მაჩვენებლები, რომელიც ამ კანდიდატმა მოიპოვა, დიდად სურათს ვერ შეცვლის, მაგრამ მხარდაჭერის აქტით, ის პოლიტიკურ სარგებელს უთუოდ ნახავს. მაგრამ გეგელიამ ასე გადაწყვიტა, რადგან თვლის, რომ ქართულ პოლიტიკაში, რაღაც ახალს განასახიერებს და ანდამატიც ისაა - ახალი ძალები მის ირგვლივ თუ არა, მასთან უნდა გაერთიანდნენ. ანდამატობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ახალი მართლაც ბევრი აქვს. და ეს მის საარჩევნო კამპანიასაც ეტყობოდა, რომელიც, რაღაცით, გართობას უფრო ჰგავდა. ახლა, როდესაც გაირკვა, რომ ყველაფერი ენთუზიასტების და რამდენიმე ათასის ამარად წარიმართა, ყველაფერი სხვაგვარად მოჩანს.
„ჩვენ შევძელით გვეთქვა, რომ ვარსებობთ განსხვავებული პოლიტიკოსები, არსებობს განსხვავებული დღის წესრიგი. ჩვენ ვთქვით, რომ პოლიტიკა უნდა იყოს დამყარებული კვლევაზე და არა აბსტრაქტულ განცხადებებზე. მხოლოდ ჩვენმა კამპანიამ ისაუბრა უმწვავეს სტრუქტურულ პრობლემებზე, შრომით უფლებებზე, დევნილებზე, ვეტერანებზე, შშმ პირებზე, განვითარებაზე, ეკოლოგიაზე..“
საბოლოოდ, მან ეს რეპეტიციად გამოაცხადა და იმ გამოცდილებას, რომელზეც საუბრობს, უთუოდ მიიღებდა. სხვა საკითხია, თუ როგორ ასახვას ჰპოვებს ეს მის შემდგომ ქმედებებში. მან შეძლებისდაგვარად დაწვრილებით განაცხადა, თუ რა ამოცანა აქვს ახლა, დიდ არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე.
„ჩვენ გავკვალეთ გზა ახალი ტიპის პოლიტიკის, ახალი ხალხის, წესიერების და პროგრესისთვის ამ ყოვლად ჩამყაყებულ ჭაობში. ეს შეუკავებელი ენერგიაა, რომელიც თავის დიდ სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში. ყველა ახალმა კანდიდატმა ცოტა ხმა მივიღეთ, პოლიტიკაზე გაბატონებულმა ორმა სვავმა კი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ქართული პოლიტიკური კლასის მიერ დაღალატებული მდუმარე უმრავლესობა ჯერაც არ ენდობა პოლიტიკურ პროცესს. ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ ამ რწმენის აღსადგენად.“
დღეს მას იმდენი დრო და რესურსიც არ აქვს, რომ 2020 წლისთვის კარგად ორგანიზებული, სტრუქტურულად გამართული პოლიტიკური გაერთიანების ლიდერად მოგვევლინოს. და თუ საქმე მაინც პოლიტიკურ მოძღვრებამდე მივა, მარცხნივ მდგარი გეგელია, ლამის მარტოა - ფრთაზე დიდი დეფიციტი შეინიშნება. ასე რომ, ვინმესთან არგაერთიანება-გაერთიანებაზე საუბრისას, მხედველობაშია მისაღები, რომ დრო არც ისე ბევრია, როგორც შესაძლოა ჩანს - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს, რათა მოქმედებისთვისაც დარჩეს პერიოდი.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს არჩევნები რეპეტიცია იყო, 2020 წლისა „გენერალური რეპეტიცია“ იქნება, რაც, შესაძლოა რაციონალურია, მაგრამ თუ გეგელიას თაობას აქვს ამდენი დრო, არ ვიცი და, საქართველოს, ამდენი დრო ნამდვილად არ აქვს.
არადა, ახლა სწორედ მისი თაობის ჯერია და ამას დიდი ხანია ვამბობ.
და მაშინ, თუ კი გეგელას ზურგს არ გაუმაგრებს არც მოკავშირე და არც თავისი გამართული ორგანიზაცია, მას დასაყრდენად მხოლოდ ხალხი რჩება და მაჟორიტარული მანდატი, რომელიც, დიდი იმედია, ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვება.
„საერთო მუხტი სრულიად შესანიშნავია. მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეს ბევრად უფრო მეტმა ადამიანმა იცის, რა გვსურს და რისთვის ვიბრძვით. ყოველდღიურად, მეტი და მეტი ადამიანი გვითვლის კომპლიმენტს, გვიხდის მადლობას, აღგვითქვამს მხარდაჭერას და ელის ჩვენგან უფრო ფართომასშტაბიან ბრძოლას ნამდვილი განახლებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას განახლებისთვის ახლებური ორგანიზებით, მეტი რესურსით და ქვეყნის მეტ წერტილში.“
ეს მან საგანგებოდ აღნიშნა. ჩემიმხრივ დავამატებ, რომ ხალხის მოთხოვნათა უმეტესობა, თუ საპროტესტო მუხტი, ძირითადად, სწორედ „მარცხნივ“ გროვდება და აქ, შეიძლება რაციოს გამოძებნა. მაგრამ დრო ცოტაა, ძალიან ცოტა. ისე, იქვე დაღალატებაზეც საუბრობდა იგი და, როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ საქართველო, გარდა ღვინისა, დაღალატების სამშობლოცაა, ლამის. საერთოდ, აქ ღალატი ხელოვნების დონეზეა აყვანილი. ასე რომ, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ცხადია, მაგრამ ვატყობ, ჯერ კიდევ წინ აქვს მწარე გაკვეთილები. მე მას დიდი ხანია ვგულშემატკივრობ და მაქსიმალურად ვცდილობ თვალ-ყური ვადევნო მის აქტივობებს. არ ვიცი, შესაძლოა გამომრჩა მხედველობიდან, მაგრამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მისი პოზიცია ამ წუთას არ მახსენდება. ლოგიკით, ის მხარს პროპორციული სიით არჩევნებს უნდა უჭერდეს, მაგრამ ამჟამინდელი მოცემულობით, მხოლოდ მაჟორიტარად აქვს მაღალი შანსი. მოკლედ, ის დროა, გეგელიამ პარტნიორები მოიძიოს.
Comments