top of page

გენიოსის გაელვება

Updated: Feb 1, 2019

მას ერთადერთი ოცნება ჰქონდა - განმარტოვება, თუმცა იგი ვერასოდეს აისრულა - მუდამ ყურადღების ცენტრში იყო. შესაძლოა, მისი ვინაობის შესახებ ბევრს არაფერი სმენია (ბოლო დრომდე, მეც მათ შორის გახლდით), მაგრამ ფაქტია, რომ ის XX საუკუნის ყველაზე ცნობილ ვუნდერკინდად მოიხსენიება და ამისთვის, საკმარისი საფუძველიც არსებობს.

უილიამ ჯეიმს სადისი 1898 წლის 1 აპრილს, ნიუ-იორკში დაიბადა. მისი მშობლები შტატებში უკრაინიდან ემიგრციის შემდეგ აღმოჩნდნენ - ებრაელები გახლდნენ, რომლებიც დევნასა და რბევას გაექცნენ. მამა მეცნიერი, მრავალი მონოგრაფიის ავტორი გახლდათ და ის ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის კურსს კითხულობდა. დედამ, რომელიც სამედიცინო სფეროს მუშაკი გახლდათ, ვაჟის შეძენის შემდეგ, ყველაფერი მიატოვა და მის აღზრდასა და განათლებას მიჰყო ხელი.

ree

საგულისხმოა, რომ ისეთ საპასუხისმგებლო საქმეში, როგორიც ბავშვის განათლებაა, სადისების წყვილი საკუთარი მეთოდიკით ხელმძღვანელობდა. ამის გამო, მათ დღესაც ბევრი საყვედურობს და ძირითად არგუმენტად, სწავლების მაღალი ინტენსივობა მოჰყავთ. ხოლო იმის გამო, რომ უილიამი სტუდენტი ადრევე გახდა, ბრალსაც კი სდებენ მათ. დღევანდელი სტანდარტებითაც თუ განვსაზღვრავთ, სადისი უნიჭიერესი ბავშვი გახლდათ. ის ბევრს შრომობდა, ბევრს წერდა. ცნობილია მისი კვლევები ისტორიის ფსიქოლოოგიისა და კოსმოლოგიის დარგებში. როგორც ხდება ხოლმე, ის თავის დროს უსწრებდა და ზოგიერთი მისი ნაშრომი ახლაღა გახდა საინტერესო. მაგალითად, ერთ-ერთი ვრცელი კვლევის საგანი რკინიგზის ბილეთები გახლავთ, რომელიშიც სადისი, სატრანსპორტო ქსელის გამტარუნარიონობის ამაღლებისათვის, საქმიან, პრაქტიკულ რჩევებს იძლევა. მაშინდელი სატრანსპორტო ქსელის დატვირთვა ამ ნაშრომის დიდად საინტერესესოს ვერ ხდიდა, მაგრამ ახლა სურათი კარდინალურად სხვაა.

აღსანიშნავია, რომ ძველი სარკინიგზო ბილეთების კოლექცია, სადისის დაუოკებელი ხობი გახლდათ. სხვათა შორის გასული საუკუნის 30-იან წლებში უილიამმა უსასრულო კალენდარი შეადგინა, რომელშიც ე. წ. ნაკიანი წლებიც კი ჰქონდა გათვალისწინებული. პრესისგან დამალვა მისი ცხოვრების ძირითადი პრობლემა იყო - მას მოსვენებას არ აძლევდნენ. ეს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ვნებდა, რაც, თავის მხრივ ფიზიკური ჟანმრთელობის საწინააღმდეგოდ მუშაობდა. ყველაფერს ტრაგიკული დასასრული ჰქონდა - 1944 წელს, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა სადისი, ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მისი კოლექციის ბედი ჯერ ვერ გავარკვიე. დასასრულისთვის, რამდენიმე ფრიად საგულისხმო ფაქტს გთავაზობთ:

ის კითხვას უკვე ერთი წლის ასაკში ახერხებდა
რამდენიმე წლისამ, ჰომეროსი ორიგინალში წაიკითხა
არისტოტელეს ლოგიკაში 6 წლისა გაერკვა
4-დან 8 წლამდე, რამდენიმე შრომა დაწერა. ერთ-ერთი მათგანი ანატომიას ეხებოდა
7 წლის ასაკში ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ბიოლოგიის გამოცდა წარმატებით დაძლია
რვა წლისა, ამდენივე ენას ფლობდა, ხოლო ზრდასრულ ასაკში, 40 ენამდე „ავიდა“
ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაბარება ჯერ კიდევ 9 წლისას სურდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ვაჟის სრულ მზაობას ჯიუტად უდასტურებდა, სკეპტიკურად განწყობილი პროფესურის დარწმუნება ვერ შეძლო. სამიოდ წელში კი სადისმა მისაღები გამოცდები ბრწყინვალედ ჩააბარა და 16 წლისამ, უმაღლესი სასწავლებელი ფრიადზე დაასრულა.

და კიდევ, ერთის აღნიშვნაც ღირს: ამ პიროვნების ინტელექტის კოეფიციენტი 250-300 ქულას შეადგენდა და ის საუკუნის აბსოლუტური რეკორდცმენია. შედარებისთვის, თუ რას წარმოადგენს IQ-ს ეს მაჩვენებელი, რამდენიმე მაგალითს მოვიხმობთ:

140 და მეტი - ადამიანი შესანიშნავი შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოვებული, მიდრეკილია სამეცნიერო მუშაობისკენ, იზიდავს ინოვაციები და ყველაფერში ცდილობს კრეატიულობას
ასეთი მაჩვენებლის ადამიანები, მოსახლეობის 0.02%-ს შეადგენენ. ამ მონაცემებს ფლობენ ბილ გეიტსი და სტივენ ჰოუკინგი
120-დან 130-მდე - ეს ე. წ. საშუალო მაჩვენებელზე მაღალია და მოსახლეობის 6%-ს აქვს. ასეთ ხალხს ხშირად ვხვდებით უმაღლესი სასწავლებლის ფრიადოსნებსა და შემდგომში წარმატებულთა შორის.
100-110 ქულა - ეს საშუალო მაჩვენებელია, თუმცა ამგვარ შედეგს მოსახლეობის მხოლოდ 12-15 % ფლობს
20 ქულა - ეს გადამოწმებულთა შორის უდაბლესი მაჩვენებელია. ასეთ ადამიანებს თანდაყოლილი პრობლემა აქვთ, დამოუკიდებლად აზროვნება და ცხოვრება არ შეუძლიათ.
 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page