ალო! მილიცია.....
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 19, 2019
- 4 min read
მე არ მოგითხრობთ, საიდან გამოვაღწიე, რადგან თქვენც თავად სწორედ მაქედან ხართ გამოღწეული.
სხვა საზოგადოებაში არ მიცხოვრია და არ ვიცი, სხვაგან როგორაა, მაგრამ საქართველოში, შეიარაღებული და უფლებით აღჭურვილი კაცი, ამ ჩვენს დროში - პოლიცია და, ზოგადად, სამართალდამცავი სტრუქტურები, საუბრის თემა ყოველთვის იყო და, ალბათ, სულ იქნება. ეს არა მხოლოდ ერთგვარად ისტორიიული „მიმდინარეობაა“, არამედ ჩვევამდე ციკლური, პერმანენტული პროცესია და აქ, საუბრის, შეფასების, ინტონაციის და ამგვართა ხასიათსა და წილს, მნიშნელოვნად განსაზღვრავს ე. წ. პირველი კაცის, შინაგან საქმეთა მინისტრის პერსონა. თან, დააკვირდით - ერთი ან რამდენიმე პოლიციელის კონკრეტული ამბავი, რომელიც სულ ცოტა გადაცდომას, ხოლო მაქსიმუმ წარმოუდგენელ დანაშაულს მოიცავს, უშუალოდ მონაწილის გარდა და, ზოგჯერ, მასზე მეტადაც, სწორედ მინისტრის ბრუნვა-უღლებისა და კენწვლის საბაბი ხდება. სხვა ვითარებაა, როდესაც საზოგადოების წინაშე დამსახურებული, ან თავდადებული პოლიციელია. ის, თავის ამბიანად, ლამის მეზობლის ცუგა „შარიკა“-ს ძაღლური ცხოვრების ნიუანსებამდე „შემოგვყავს“ და მინისტრს მხოლოდ მაშინ ვახსენებთ, თუ მოაფიქრდა, რომ მივიდეს, დააჯილდოვოს ან გამოეხმაუროს, თუნდაც. არა? ანუ, „ორმა პოლიციელმა დააშავა, მინისტრის დედაც!“ - ნაკლებსავარაუდოა, ვიდრე „პოლიციელმა მშობიარე გადაარჩინა, ვენაცვალე მინისტრს!“? ცხადია, მიმიხვდით. სამსახუროებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულება, რატომ ითვლება გმირობად, ცალკე საკითხია..

1989 წლის აპრილის ამბებთან პარალელს ნუღარ გავავლებთ - საბჭოთა მილიციელის ფორმაში ჩაცმული ქართველი მამაკაცები იდგნენ მაშინ იქ! და ეს მათ ივაჟკაცეს კონკრეტულად, და მადლობაც დამსახურებულად ეკუთვნით - მუდამ, ვიდრე საქართველო იარსებებს.
ის „კლიმატიც“ გვახსოვს, რომელიც იმხნად ხალხსა და სამართალდამცავებს შორის ჩამოდგა მაგრამ ზოგადად, ის დრო, ახლა, ანალოგიისთვის დიდად არ გამოგვადგება - მაშინ ყველა ყველას მიმართ განსაკუთრებულად გახლდით - თავს ერთის ნაწილად ვგრძნობდით და თავს ვგრძნობდით ბედნიერად ამის გამო. დღევანდელობა იმასთან რა მოსატანია?
თემას რომ მივუბრუნდეთ.. ერთი სიტყვით, როდესაც საქართველოს მთავარ პოლიციელი ხდები, უნდა შეეგუო, რომ ხდები პიროვნება, რომელსაც მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების გარდა, რაც პოლიტიკის განსაზღვრაში შეგვიძლია ჩავატიოთ, გეკისრება ერთგვარი „სამსახურეობრივი მზრუნველობა“, რომელიც უნდა ითავო, და ამის ბოლო დემონსტრირებაც, ივნისში ვნახეთ - საკუთარ თავზე დარტყმის აღებით, რიგითებზე მეტად, გახარიამ ზეპურნი კი დაიცვა, მაგრამ ფაქტია, ეს დაცვა რიგითების არგაწირვის ფონზე „გათამაშდა“ და ამან, სტრუქტურის თანამშრომლები მის მიმართ სხვაგვარად განაწყო - სავარაუდოდ, ისინი მეტი ენთუზიაზმით შეუდგებიან რაიმე არც თუ კანონიერი გადაწყვეტილების რეალიზებას. „.. მაგრამ ვანო, სტრუქტურაში ყველას ძალიან უყვარდა ...“ - ხომ გსმენიათ მსგავსი რამ? ანუ ესაა ვითარება, როდესაც გეთვლება, რომ „ბიჭებს“ არ წირავ და ეს, თავისმხრივ, ნიშნავს, რომ „ბიჭები“ შეგისრულებენ ყველა ბრძანებას. ანუ, პროფესიონალიზმი და კანონმორჩილება, კანონმცველობა, „საჭირო სიკეთეთა“ ჩამონათვალში, ხშირად სამეულშიც არ შედის.
ეს ერთგვარი კლანურობაა და სწორედ ეს კვებავს პასაჟსს - „თავის ხალხი მიიყვანა“ და მსგავსებს. და საერთო ჯამში, ჩვენ ვდგავართ სურათის წინაშე, სადაც ფასდება არა კანონისადმი დამოკიდებულება, არა პროფისიონალიზმი და მიუკერძოებლობა, არამედ ინდივიდისადმი მიმართება და, როგორც მოგახსენეთ, ეს ორმხრივია.
მაგრამ საბოლოოდ, რაც უნდა იყოს, აქვე შეგუებული უნდა ბრძანდებოდე, რომ როგორც კი სავარძელში ჩაესვენე, შენზე ნასროლ ტალახს არა თუ ძებნას დაუწყებენ, არამედ უკვე პეშვებში „მოუმარჯვიათ“ და გამოქნევაღა აკლია. ეს მოდელია და, პრინციპში, საქართველოში მოქმედებს ნებისმიერ სუბორდინაციულ მწკრივში, აპრობირებულია სოციალურ ურთიერთობაშიც - ცალკეული ინდივიდების ურთიერთობებშიც კი, ზოგჯერ.
ეროვნული მოძრაობის დროინდელი ამბავი გავიხსენეთ და ესეც დავამატოთ: გვახსოვს შემდგომი დროც, როდესაც მილიცია განყოფილების რკინის კარებებს ლამისაა და შიგნიდან ადუღებდა, რადგან ღამით, კბილებამდე შეიარაღებული, ვინმე/რამე „საძმო“ ან მსგავსი შეიძლება წამოდგომოდათ, რათა „ვიღაცის ვიღაცა“ დაეხსნათ..
იქვე, ბარემ, სხვებმა რაღა დააშავეს და.. გაეყოლებინათ სხვა ტუსაღებიც. ანდა, რა ვიცი... განეიარაღებინათ მილიცია და ეგინებინათ, ბოლო-ბოლო. მერე ხომ გახსოვთ რაც იყო? - ეს „საძმოები“ პოლიციაში მივიდნენ - უფროსებად, მოადგილეებად რიგითებად. ბევრმა ვეღარც გამოაღწია - დათესილი მოიმკეს თუ რას ემსხვერპლნენ, არ ვიცი და ბევრსაც, სტრუქტურამ შიგნითვე მოუმთავრა... 2003 წლის შემდეგ, ამ ხალხს, ვისაც პირობითად ქართველი სამართალდამცველები შეიძლება ვუწოდოთ, მიეცა შანსი დაეწყო სრულიად სუფთა ფურცლიდან. მცდელობები აშკარად იყო და ხალხიც პატივს სცემდა ქართულ პოლიციას, პატრულს. იმედი ჰქონდა მისი. ეს, სადღაც, რომელიღაც კაბინეტში ძალიან სახიფათო ტენდენციად ჩაითვალა და სერიოზული დარტყმა ამ ბმასაც ერგო.
დღეს, პოლიცია კანონიერების სადარაჯოზე მდგართა მედროშეზე მეტად, პროკლამაციაა, რომელიც შეურიგებლობას და ბრძოლის ვალდებუულებას გვახსენებს. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ კრიმინალები, რომლებიც მუნდირს ამოფარებიან, სწორედ ჩვენი საზოგადოების წიაღში იშვნენ, ჩამოყალიბდნენ, შეიქმნეს ღირებულებათა სისტემა, ოპერირების ინსტრუმენტები, ურთიერთობათა კულტურა, განათელბის მოთხოვნადი დონე.. და ერთგვარად, წარმოადგენენ კიდეც საკუთარი წიაღის სახეს.
ახლა აქ არ იქნება დაამებები ასეთ სტილში: „არადა, დარგს ჰყავს ერთგული პროფესიონალები“.. ანდაც „რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება“..
არ იქნება.
ეხება ყველას. სისტემაში ხარ? დუმხარ?
ე. ი. სისტემა შენ ხარ. და გეხება. ბასტა!
ამ ეტპაზე და ამ ვითარებაში, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობა სათუო ამბავი მგონია. ნუთუ ამასაც გვაკადრებენ? საეჭვოა, რადგან ეს გადაწყვეტილება გრიგალის გამოწვევის პოტენციალს ატარებს. საერთოდ, რატომღაც ველი, რომ თუ ამ პოსტს თავად „მამა-მარჩენალი“ არ დაიკავებს, სახე სრულიად მოულოდნელი იქნება. მაგრამ ეს არ და ვერ იქნება გახარია. ღარიბაშვილს კიდევ დაიჯერებს კაცი, რაც ასევე ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ განლაგება, სადაც გახარია პრემიერია, ხოლო ღარიბაშვილი შს მინისტრი, სულ ცოტა, უკბილო ხუმრობაა. მაგრამ ვიღაცას ჯერა, იცით? ამდენად არ გამკვირვებია ის აქტიურობა, რომელიც გახარიას „ვარცხნის“. მიუხედავად და, ერთი შეხედვით, თემათა არც თუ მსგავსებისა, გახარიას რეპუტაციის ოდნავ სხვა შუქ-ჩრდილში დაყენება ძირითად „პლაკატს“ წარმოადგენს. ანუ, ხშირია შემთხვევა, როდესაც 20 ივნისის მოვლენათგან არც მთლად განყენებულ საკითხს კი პედალირებენ, მაგრამ, იქვე, „მეზობელი“ განსჯანი შემოაქვთ და, საერთო ჯამში, გვიბიძგებენ ფიქრისკენ - ეგებ არც ისეთი საშინელებაა ეს გახარია.. და სულაც, გაუჩალჩეს. ეს ივნისის ამბების შემდეგ, მალევე დაიწყო და დროთა მანძილზე, ახალ-ახალი ძალით მოქმედებდა. ამ მხრივ, „რეზონანსი“ კარგ მაგალითს გვათავაზობს. შსს-ს ირგვლივ მსჯელობისას, რაც დღეს „პირველი თემა“ არაა, მაგრამ ივლისში სწორედე ასეთი გახლდათ, აზრს აფიქსირებს ვინმე მალხაზ თოფურია, რომლის მოსაზრებასაც თავადაც შეგიძლიათ გაეცნოთ (აქ). ვფიქრობ, იგულისხმება ის მალხაზ თოფურია, რომელსაც „შავნაბადას“ მებრძოლად ვიცნობთ.
აი აქ, მაგალითად, ის გაგრის ოპერაციზე საუბრობს. ერთი სიტყვით, ამ ბატონის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, არის რაღაც მითიური და არდასახელებული ძალა, რომელიც რაიმე ერთ სახელდებაშიც არ გაერთიანებულა და, ზოგადად თუ ვიტყვით, ჩვენი ახალგაზრდობის იმ „ზნედაცემულ“ და „აღვირახსნილ“ ნაწილს ეხება, რომელიც, უკვე უშუალოდ ყოფასა და ყოველდღიურობაში, და მეტყველებაშიც „მონათლულია“, როგორც „ბასიანის სასტავი“. ამ ხალხს, ბატონი თოფურია გარკვეულწილად სახასიათო დეკორაციაში ხედავს და მისი დამოკიდებულება, არა თუ მკვეთრია, არამედ გადაჭარბების გარეშე, ნერვებმოშლილი ინდივიდის დამოკიდებულებას წარმოადგენს. ბრალდებები, რომელსაც ის კონკრეტული ადამიანიის ან ადამიანთა წრის მისამართით აგრესიული ლექსიკით აფრქვევს, არაფრითაა გამაგრებული და დუღაბად, მხოლოდ ეს ახლავს:
..ფინანსებშეზღუდული სიკვდილით მოვაჭრეებიც წინა ხაზზე არიან! გადადგეს დიქტატორი გახარიაო!
ანუ, ის ავრცელებს აზრს, რომ შესაძლოა გიორგი გახარიამ ნარკომანია და ნარკობიზნესი მთლად ვერ მოსპო, მაგრამ მაგარი დაარტყა და აი, რას არ პატიობენ.
და როგორც მოგახსენეთ - არავითარი არა თუ მტკიცებულება ან დაუსახელებელი წყარო, არამედ მოსაზრებას სრულიად არაფერი ახლავს, მოარულ ხმათა გარდა, რომელთაც ისედაც ვისმენდით და, ალბათ, ვიდრე ადამიანი აირსებებს, მათაც არაფერი „ემუქრებათ“. ამ ე. წ. „ბასიანის სასტავის“ კონტექსტში, კალაძის სახელი შეგხვდათ უკვე?
გახარიას Cherlider-ები არასოდეს აკლდა. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ მისი შემდგომი დაწინაურება ცოტა არ იყოს და წარმოუდგენელია, ყველაფერი შიდა დაპირისპირების კონტექსტში შეგვიძლია (და ღირს) განვიხილოთ. არის თუ არა კალაძე ბარიკადების საპირისპირო მხარეს, არ ვიცი, მაგრამ გახარიას თემა, სიმწიფიდან ლპობაში გადადის და იმ ფაქტს, რომ ის კვლავ უნაგირზეა, ერთადერთი ახსნა შეიძლება მივცეთ - საშემედგომოდ ინახავენ. უკანონობები, ჯერ კიდევ ბევრია ჩასადენი? #გიორგიგახარია
P. S. მილიცია ჩინური მოვლენაა. ის სახალხო გამათავისუფლებელი ძალების შემადგენლობაში გახლდათ და მხოლოდ კომუნისტური პარტიის ცენმტრალურ კომიტეტს ემორჩილებოდა. ძალიან ნაცნობი ვითარებაა
Comments