გვირაბიდან სორომდე
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 13, 2019
- 3 min read
საზეიმოდ გვაცნობეს: მალე საქართველოს მორიგი ჩქაროსნული მაგისტრალი და კავკასიონის 6 კმ. სიმაღლის ბუნებრივ ზღუდეში, კიდევ ერთი ნახვრეტი ექნება. პირადად მე, ამ ამბის შესახებ, პირველად რუსულენოვან ვებრესურსზე (აქ) შევიტყვე. დააკვირდით: „..строительство новой дороги в Россию“.
ნიშანდობლივია, არ თვლით? განა, ვთქვათ, „Cтроительство новой скоростной магистрали“, არამედ აი, სწორედ ასე: новой дороги в Россию. ცხადია, სათაური და ტექსტის შინაარსი, თავისი პათეთიკიანად, ვერ მოახდენს გავლენას გეოგრაფიაზე - ეს გზა მართლაც რუსეთში წავა, მაგრამ აქ, ახლა საუბარი მენტალურ მდგომარეობაზე უფროა, ვიდრე გეოგრაფიაზე. კონკრეტულად ამ ვებრესურსზე, ბევრი არაფერი ვიცი და ახლა მასზე მსჯელობა არც მსურს. იცით, მე მახსოვს ქართველი ხალხის პროტესტი როკის გვირაბის გამო..
გახსოვთ, ან წარმოგიდგენიათ, ხო, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა ნებისმიერ მოსაზრებას, რომელიც რუსეთთან დამაკავშირებელ ამ „დერეფანს“ საფრთხედ აცხადებდა? რა საფრთხეც გახლდათ, ვნახეთ.
ისე, ვინც ვერ ხვდებოდა, 2008-ში მოვიდა აზრზე?
უკომენტაროდ. თემას დავუბრუნდეთ და ვიდრე კონკრეტულად ამ გზის ირგვლივ გეტყოდეთ, მსურს ზაზა ბიბილაშვილის ერთი აზრი გაგაცნოთ, რომელიც კარგად ეხმიანება ჩემს დამოკიდებულებას.
„..ინფრასტრუქტურის შენებას რა სჯობს. მაგრამ განმსაზღვრელი ყოველთვის კონტექსტია: კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის (და გვირაბის) მშენებლობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მთავრობას 7 წელია გორიდან ხაშურამდე ვერ/არ მიუყვანია მთავარი ავტობანი - რიკოთზე, აღარაფერს ვამბობ - არის როკის გვირაბის მშენებლობის ტოლფასი დანაშაული. თან, ყურადღება მიაქციეთ ერთ დეტალს - ქართულ რეალობაში ყოველთვის "გუდაური-კობის" მონაკვეთს ამბობენ. "კობი-გუდაური" - ანუ ვექტორი სამხრეთისკენ - მხოლოდ რუსებისთვისაა. ეს მთავრობაც რუსებისაა.“ (აქ)
რუსეთისკენ გზა და თანაც თანამედროვე სტანდარტებისა, ცხადია სასარგებლოა, და ახლა არგუმენტები არ ჩამომათვლევინოთ - ამის კოლექციონერები ბლომად გვყავს და მათ „კოლექციაში“ რაციონალურ ექპოსნატებსაც მიაგნებს კაცი. მაგრამ ვიკითხოთ: ვინ მეტადაა ამ გზაში დაინტერესებული - საქართველო თუ რუსეთი და მისი მოკავშირეები სამხრეთ-აღომსავლეთით?

ცხადია, ჩვენ გვსურს ჩვენი სომეხი მეზობლების პრობლემური გეოგრაფიისთვის „მალამოს“ მიშველება და მგონი ვახდენთ კიდეც ამის დემონსტრირებას, მაგრამ ესეც იმ დრომდე, სანამ მივიჩნევთ, რომ წარმატებული სომხეთი, ჩვენი რეგიონის საერთო ინტერესია. ხოლო თუ კი გაგრძელდა პრორუსული ტენდენცია, სადაც ქართული სახელმწიფო წარმატებულ სომხეთს (რუსული გაგებით ) ყელში ეჩხირება და ზოგი ტენდენცია, უკვე ოფიციალური ერევნის სახელმწიფო პოლიტიკაცაა, ჩვენი დამოკიდებულებებიც მკვეთრად შეიცვლება. მეტიც, ვინაიდან არაფერი მზღუდავს და მაიძულებს ვიყო დიპლომატიური, პირდაპირ ვიტყვი, რომ თუ კი საქართველოში ძალაუფლება ეროვნული თანხმობის ხელისუფლებას მიეცემა, რომელიც ჩადგება სახელმწიფო-საქართველოს ინეტრესების სამსახურში, ის ამ აღმოჩენას მალევე გააკეთებს. მაგრამ ახლა, თუ კი ამ მაგისტრალის „გვერდითა“ ეფექტებზე ვსაუბრებთ, უფრო მნიშვნელოვან საკითხს მივადგებით - როგორც უშუალოდ ჩვენთვის, ასევე რეგიონისთვისაც.
და ის არაა მნიშვნელოვანი ოდენ რეგიონალურ კონტექსტში და იმიტომ, რომ სრულად ცვლის დისპოზიციას.. და ეს არა მხოლოდ იმიტომაა ჩვენთვის საკვანძო, რომ მასში ერთ-ერთ წამყვან როლს მტერი სახელმწიფო - რუსეთი თამაშობს.. არა იმით მხოლოდ, რომ მტერი ამას ჩვენი მეზობლების გამოყენებით ახდენს.. არამედ იმითაც, რომ იქვეა ჩვენი დიდი მოკავშირე და ერთგული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები. და მას ჩვენი სახითაც ერთგული მოკავშირე ეგულება, წესით. ყველას მოეხსენება - ირანი სირია არაა, სადაც რუსული ბაზის კედლებს ხმელთა შუა ზღვა რეცხავს. და რამდენიც უნდა აცხადოს თეირანმა, რომ მალე თავის აკვატორიაში რუსულ-ირანულ წრთვნებს გამართვას, ცივილიზებულ სამყაროს ყველა საზღვაო მისასვლელის ჩაკეტვა აი, კონკრეტულად ამ წუთებშიც კი შეუძლია. და ვიდრე რომელიმე რუსული ფლოტი თავის უკიდეგანო მიწებს წრეს დაარტყამდეს და კვმალის ხრჩოლვით ირანამდე მიაღწევს, ვირი ხეზე ავა. ისედაც, თუ კი ვთქვათ ამასწინად რუსეთის ჩრილოეთ ფლოტის მიერ გამართული აღლუმით ვიმსჯელებთ, სადაც პუტინს ხუთი ათასამდე სამხედრომ, რამდენიმე ხომალდმა და წყალქვეშა ნავმა ჩაურონია, ხოლო იმავე შტატებს, ერთ ავიამზიდზე მეტი სამხედრო ძალა ჰყავს კონცენტრირებული, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა მნიშვნელობის მატარებელია სახმელეთო კავშირი ირანის სავარაუდო ომის თეატრთან. რუსეთს აქ ყველაფერი მოგავრებული აქვს, ერთი დედაბოძივით მომენტის გარდა და ეს საქართველოა. რომლის ამჟამინდელი ხელისუფლება, შესაძლოა ძალიან კეთილშობილი და მაღალი მიზნებით ნიღბავს, მაგრამ რეალურად, რუსული ჯავშანტექნიკისთვის „შოსეს“ აშენებს. სამხედრო ძალებს კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე დიდი ხანია ზრდის, ათანამედროვებს. 2008 წელს ის ცხადად დარწმუნდა, რომ ე. წ. „მარშ-ბრასოკ“-ისთვის, როკიდან გამომავალი სერპანტინი არა თუ ეფექტურია, დამღუპველიც შეიძლება გახდეს, რადგან მაშინ, ქართულ არტილერიასთანაც გაუჭირდათ.. აღარფერს ვიტყვი შტატების შესაძლებლობებზე. რამდენიმე სიტყვა ამ ყოველივეს შენიღბვა-შეფუთვაზე კიდევ უნდა ითქვას: პროქეტს ჩრდილოეთი-სამხრეთის კვანძის ხმამაღალი თიკუნი აქვს მიწებებული და „აზიის განვითარების ბანკის“ სესხით (415 მლნ.) ფინანსდება. დღეს, ბახტაძემ „მოვიძიეთ სახსრები“ უწოდა, თუმცა, რეალურად, ამას „შთამომავლებს კიდევ ერთი ვალი ავკიდეთ და თანაც, მტრის სასარგებლო საქმეში“ ეწოდება. რადიოსალოკაციო ობიექტი აზერბაიჯანში, 102-ე ბაზა სომხეთში. რა გზის მშენებლობა ვითავეთ ნისიად?
Comments