გზავნილი სამთავროდან
- კოტე ნიშნიანიძე
- Jan 21, 2019
- 2 min read
Updated: May 4, 2019
შესაძლოა, ათასი წლის ამბავს ვყვები - ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები. საუბარი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერზეა და მის მთავარ ტაძარზე, რომელიც XI საუკუნის ძეგლადაა აღიარებული. იქნებ, სულაც 1019 წელს დასრულდა... ან დაიწყო მისი აგება.

ვუცქერ მისი ერთ-ერთი კედლის ამ ქვას და ცხადია, პირველი არ ვარ, ვინც კითხვებმა მოიცვა. რისი თქმა სურდა ათასი წლის წინ ერთ ვინმე ქვისმთლელში ან კალატოზში განსხეულებულ ქართველ კაცს?.. თუ გავითვალისწინებთ დროს, ვითარებას და, რაც მთავარია, ქალაქს (მცხეთა) და მეტადრე ფაქტს, რომ ტაძარი საეპისკოპოსოა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ - მაღალ დონეზე თანხმობის გარეშე, ასეთი ქვის კედელში ჩაყოლებაზე, საუბარიც ვერ იქნებოდა. ან, იქნებ სწორედაც რომ ხუროთმოძღვართ-უხუცესის, ეპისკოპოსის ან, სულაც, ვინმე მირონცხებულის დავალება გახლდათ? თუ კი ასეა, ეპოქის ქრონიკები, ავად თუ კარგად, შემონახულია და ამ პიროვნებათა იდენტიფიკაცია დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მაგრამ დაგვეხმარება ეს იმის ამოცნობაში, თუ რას წარმოადგენს ეს გამოსახულება? ეს ნანახის ახსნისა და გადმოცემის მცდელობაა? რა ნახეს... ან იქნებ უფრო ლოგiკური იქნება ვიკითხოთ, ვინ ნახეს? ეს შეტყობინებაა? დააკვირდით - კონკრეტულად ეს ქვა, ქვათაწყობაში იმგვარადაა განთავსებული, რომ თავისუფლად შესაძლებელია, რომ ის მოგვიანებით და სრულიად უმტკივნეულოდ ჩაესვათ. ეს სპეციალისტებისთვის არაა რთული დასადგენი.
ისე კი, პირველ რიგში, მთელს ამ კომპოზიციაში, ყურადღებას იქცევს არსების ფიგურა, ადამიანის სხეულითა და რაღაც გაურკვეველი ფორმით იქ, სადაც თავი გვეგულება.
იქნებ ეს შარავანდედის გამოთლის მცდელობაა?
ცხადია, არა, რადგან მაშინდელ საქართველოში ქვისმთლელის და ქვით მხატვართა პროფესია ყველაზე მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებდა და ამაში დასარწმუნებლად, ეპოქის სხვა ძეგლებისთვის თვალის შევლებაც კმარა. თანაც, ფიგურა სავსებით არ შეეფერება ღვთიურობით შემკულის იერსახეს, თუნდაც შესამოსელით, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, სრულებიდაც არ ჩანს. ცხადია, მართლმადიდებლურ ტაძარს შიშველ გამოსახულებას არავინ შეჰბედავდა, მაგრამ ფაქტია: დარწმუნებით იმის თქმაც ჭირს, აცვია თუ არა მას. ყოველ შემთხვევაში, ის რასაც სულხან-საბა თავის „სიტყვის კონაში“ სარცხვინისად მოიხსენიებს, აქ ხელის მტევნითაა დაფარული.
ეს „არსება“ ფეხშიშველაა და ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. იქვე, ამ აუხსნელი ფორმის ორივე მხარეს, ჯვრებია გამოსახული. მათ მკლავებს მნათობნი აგვირგვინებენ. მნათობის გამოსახულება ჯვრის სილუეტს მიღმაცაა ნაკვეთი. სამწუხაროდ, მიუხედავად მცდელობისა, რაიმე კვლევას ან, თუნდაც, ჰიპოთეზას ან ვარაუდს, რომელიც ყურადღებას დაიმსახურებდა, ვერ მივაგენი. არადა, მეგონა მივაგნებდი და ნუთუ, აქამდე, ეს საკითხი არავის წამოუჭრია? არის თუ არა ეს სკაფანდრი და თუ კი ეს სკაფანდრია, ვის ახურავს ის და საერთოდ, რა გზავნილია ეს?
Comments