top of page

და ჯადოს... ამზადებთ?

BBC-ის გამოკითხვით, რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ ე. წ. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციები, 2018 წლის ცრუამბების ათეულში მოხვდა. ისე კი, გახსნის დღიდან, რუსების სამიზნეშია - ყველა ვხედავთ. თანაც, არა მხოლოდ, ვთქვათ, უშუალოდ ლავროვის, ან მისი რომელიმე მოადგილის „სიმაღლეებიდან“, არამედ ადგილობრივი კოლაბორაციონისტების, მოსყიდული უცხოელი „ექსპერტებისა“ თუ მედიასაშუალებათა ფსკერიდან.

ree

ბუნებრივია ისიც, რომ ყველა ყველაფერს ხვდება და სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე ოდნავ მეტს თუ „თვლის“, არ იჯერებს, მაგალითად, იმგვარი იდიოტობის, რომელიც ვინმე ჯეფრი სილვერმანის პირით ითქვა. შესაძლოა, ამ ინტერვიუში ზოგი რამ სიმართლეა.. თავს ვერ დავდებ, ვინაიდან შესაბამისი კომპეტენცია არ მაქვს, მაგრამ აქ არის მომენტები, რომელთა სათანადოდ აღქმაც, სულაც არ მოითხოვს დარგის სპეციალისტობას. კერძოდ, ეს მისტერ სილვერმანი, რომელსაც, როგორც წერენ, სააკაშვილის მრჩევლადაც უმუშავია, ამ ინტერვიუში აცხადებს, რომ აღნიშნულ ლაბორატორიაში, როგორც პროექტში, 300 მლნ. აშშ $ დაიხარჯა და ეს, ამ დრომდე, ყველაზე დიდი ამერიკული ინვესტიციაა. ხოლო შემდეგ, ის და მისი ფრიად „ცნობისმოყვრე“ ინტერვიუერი, ამ მზაკვრული გეგმების ბნელ ქსელში გარკვევის კვალდაკვალ, მიდიან მთავარ საკითხამდე: ბოროტი ძალები საქართველოში მეცხოველეობას ბრიდავენ. „.. მე ვესაუბრე ფერმერებსა და სხვა ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან ხორცის ინდუსტრიაში, და ვიცი, რომ, აშკარა პოლიტიკური თუ კვლევითი მიზნების გარდა, საქართველოში უნდა განხორციელებულიყო ხორცის იმპორტი, რათა წინა მთავრობასთან დაახლოებულ რამდენიმე ადამიანს დიდძალი ფული ეშოვა.“ აჰა! მაშ რა გამოდის, ამერიკამ სამასი მილიონი ჩადო, რომ საქართველოში აყვავებული (!) მეცხოველეობა მოიკლას და წინა მთავრობის ორ-სამ ნაცნობს, ხორცის იმპორტით დიდძალი ფული ეშოვნა? ყველაფერთან ერთად, ეს ინტერვიუ იმის დემოსტრაციაც გახლავთ, თუ რაოდენ დაბალია ამ მედიასაშუალების დონე, ზოგადად, და კონკრეტულად კორესპონდენტისაც, მაგრამ აქვე, მნიშვნელოვანია და უთუოდ უნდა აღინიშნოს: ჩვენში ამგვარ იდიოტობებსაც ჰყავთ მუშტარი და თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, თუ რა აჟიოტაჟი მოჰყვა ამ თემის ამჟამინდელ გააქტიურებას სოციალურ ქსელებში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საკმაოდ დიდი კონტიგენტია.

საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ მცირე დეტალია იმ სქემისა, რომლის გასაშიფრად თუ არა, სახის წარმოსადგენად, ამგვარ მაგალითს შემოგთავაზებთ. გასული წლის მაისში, ერთი რუსული მედიასაშუალებით გამოქვეყნდა მასალა, რომელიც, ცხადია, ლუგარის ლაბორატორიას, მის მავნე საქმიანობას და ამგვარ სისულელეებს ეხებოდა. მედიასაშუალების დასახელებას დააკვირდით: Ритм Евразии. პუტინის სუნი დადგა. მასალაში ვკითხულობთ, რომ ამ ბოლო დროს, ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ ხმაური, უცხოურ და ქართულ მედიაშიც მინავლდა და ამის მიზეზი, ალბათ, ის გახლავთ, რომ ჯერ არსად გამოჩენილა საშინელი გრიპები და მსგავსი რამეებიო. „მაგრამ დამოუკიდებელი ქართული მედია (მინდა ხაზი გავუსვა - ჭეშმარიტად დამოუკიდებელი), პერიოდულად მაინც ტეხს განგაშს და აფრთხილებს მოსახლეობას, თუ რა დენთის კასრზე ცხოვრობს“

შემდეგ, ავტორი ახსენებს მედიასაშუალებას „პატრიოტი“ და რაღაც ფილმს, რომელიც ამ ორგანიზაციაში მოუმზადებიათ. ეს „პატრიოტი“ რა ორგანიზაციაა, არ ვიცი, მაგრამ თუ კი მას აღნიშნული რუსული ინტერნეტრესურსი „ჭაშმარიტად დამოუკიდებელ“ მედიასაშუალებას უწოდებს, დამეთანხმეთ, საფუძვლიანი ვარაუდებისთვის კარგი „მასალაა“. ასეა თუ ისე, როგორც ირკვევა, ის ჯერ კიდევ მაისის თვეში გვაფრთხილებდა იმ დაავადებათა შესახებ, რომელიც ახლა სეზონურად გავრცელდა, და რომელსაც დღეს „ეს ძალები“ ლუგარის ლაბორატორიას მიაწერენ. მილიონ ვარიანტადაც რომ გამოვთქვათ ვერსია, საბოლოოდ, მაინც, კრემლის ინტერესებამდე მივალთ. როგორ გგონიათ, ვისზეა გათვლილი ზემოხსენებული სტატია?

ხომ ცხადია, რომ აქ, ფოკუსჯგუფი ჩვენი მოსახლეობა ვერ იქნება - ამ ინტერნეტრესურსთან დაბალი წვდომის გამო. საკუთარი მოსახლეობა დაზომბებული კი ჰყავთ და მათაც, მთელი გულით სწამთ, რომ კაცობრიობას, რომელიც გადასარჩენია (რაც მხოლოდ მათ, დიად რუსებს ხელეწიფებათ), „დასავლელებმა“ ტვინი აურიეს და მათ სამშობლოს, დანგრევას უპირებენ, მაგრამ ვითომ ეს კიდევ ერთი დოზა ზომბი-აბია?

რაღა დაგიმალოთ და, შეთქმულების თეორიებისა და, ზოგადად, კოსნპიროლოგიის მიმართ ჩემი არც თუ უაპელაციო დამოუკიდებულების მიუხედავად, ეს ძალიან ჰგავს წინასწარ შექმნილ სალაპარაკოს. აი, მერე თავად რომ გაავრცელებენ ვირუსებს და იტყვიან, აი, ჯერ კიდევ მაისში, მხოლოდ ჩვენ კი არა, თვით ქართული მედიაც კი ამაზე განგაშის ზარს აგრუხუნებდაო.. მიმიხვდით, ხო? ვიკითხოთ: აქვს რუსეთს რესურსი შექმნას და გაავრცელოს მკვლელი ბაცილები ან გსგავსი რამ? ცხადია აქვს - ლაბორატორიების აღურიცხავი რაოდენობა და, მინიმუმ, ორი შავი დერეფანი ოკუპირებული ტერიტორიების სახით. არ იკადრებდა? მაგრამ მეც მავანთ რომ არ დავემსგავსო, ვაფიქსირებ - ეს მხოლოდ თეორიაა და ცხადია, რიგით ბლოგერს, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოპოვების, ძალიან მცირე შანსი მაქვს. საინტერესო სულ სხვა რამ გახლავთ: რატომ აღიზიანებს რუსეთს ამგვარი ლაბორატორიის საქართველოში არსებობა? რატომ აღიქვამს მას საფრთხედ? იმიტომ ხომ არა, რომ ამგვარი შესაძლებლობების სამეციერო დაწესებულების საქართველოში არსებობა, მის შავ-ბნელ ზრახვებს ახდის ფარდას?


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page