ერევნის საკითხი თბილისში წყდება
- კოტე ნიშნიანიძე
- Oct 31, 2018
- 2 min read
Updated: Feb 8, 2019
მოგეხსენებათ, ორიოდ კვირის წინ სომხეთის ახალი პრემიერმინისტრი, ნიკოლ პაშინიანი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. წინმსწრები მოვლენების გათვალისწინებით, ეს ძალიან მოულოდნელი არ იყო, თუმცა კონსპირაციული თეორიებისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა. რას აღარ წერდნენ, თუმცა, ყველაზე პოპულარული ე. წ. „ყარაბახის დაჯგუფების“ რევანში, კრემლის სომხური ლობის (ლავროვის თამადობით) ზეწოლა იყო. ითქვა ისიც, რომ აი, სწორედ მოსკოვში ვიზიტისას, მას პუტინმა პირდაპირ მოსთხოვა გადადგომაო.

საინტერესოა, მაგრამ დასახელებულთაგან, აბსულუტურად ნებისმიერია შესაძლებელი. ფაქტია, კრემლში პაშინიანის ფიგურა, მიუხედავად გარეგნული კეთილგანწყობისა, დიდად არ ეპიტნავებათ, რადგან ის არაა მათი მოთამაშე.
ხოლო მოსკოვისთის, ყველა ის, ვინც არ თამაშობს კრემლის მხარეს, მოწინააღდეგის მხარესაა. პაშინიანის ქმედებებში ეს მოსკოვური „დამოკლეს მახვილი“, როგორც პოტენციური პრობლემა, დანახულია და მგონი სწორედ მისი განეიტრალებისთვის გაკეთდა ყველაფერი
პაშინიანის მიზანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გახლდათ, რადგან ამ პარლამენტის პირობებში, დეკლარირებული კურსის გატარება ძალიან ჭირდა. ეს პარლამენტშიც მშვენივრად მოეხსენებოდათ და მიიღეს კიდეც კანონი, რომლის მიხედვითაც, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მნიშვნელოვნად რთულდებოდა. აი, სწორედ აქ ამოქმედდა პაშინიანი. ჯერ იყო და, თვის დასაწყისში, საპროტესტო ტალღა ააგორა, ხოლო 16-ში, როგორც იცით და აქაც აღინიშნა, გადადგა. ეს ფინტია, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ კანონით დათქმულ ვადებში პარლამენტი მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვერავის შეარჩევს, პარლამენტი უნდა დაიშალოს - ამას ადგენს კონსტიტუცია. მასზე მაღლა მდგომი კანონი კი, არ არსებობს. ვადის ამოწურვამდე, ანუ 24 ოქტომბრამდე, არც ერთ პოლიტიკურ ძალას კანდიდატი არ წარუდგენია. პაშინიანის კანდიდატურაც, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე წარადგინეს. და თუ აქაც რამე კომბინაცია არაა ჩაფიქრებული, სომეხ კანონმდებლებს ორი არჩევანი აქვთ: ან პაშნიანს მხარი უნდა დაუჭირონ და მერე, კაი ხანს არ და ვერ დააყენებენ მისი მთავრობისადმი ნდობის ვოტუმის საკითხს, ან არ აირჩიონ და დაიშალონ. ასეთ შემთვევაში, გენერალური ბრძოლა დეკემბრის დასაწყისამდე გადაიდება. ნებისმიერ ვარინატში, საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე მოვლენები ცხადჰყოფს, რომ აქ გლობალური საკითხი წყდება. ახლა პოლიტიკური სამყაროს კულისებში, დაკავებულნი გახლავან არა იმდენად სირიით, რამდენადაც კავკასიით, ვინაიდან იმავე დამასკოს თემაც, კავკასიაში გადაადგილებათა დასრულების გარეშე, ვერ მოგვარდება. არის სხვა და არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტიც - რუსეთს კავკასია სირიის გარდა, საკუთარი თავის შესანარჩუნებლადაც ჰაერივით ჭრდება და, მეორესმხრივ, დასავლეთს, კავკასია, სირიის თემის გარდა, რუსეთის ამ ფორმაციით და ამ „ფორმულირებით“ ყოფნა-არყოფნის კონტექსტშიც აინტერესებს - კავკასია დაშლის რუსეთს. თუმცა, თავი და თავი მაინც საქართველოა, ვინაიდან იგი არა მხოლოდ კავკასიის თავია, არამედ ბოლოც. ერევნისთვის ბრძოლა თბილისში მიდინარეობს! თუ კი საქართველოს ხელისუფლებაში კვლავ პრორუსული ძალები დარჩნენ, პაშინიანს ძალიან გაუჭირდება და ალბათ, საბოლოოდ, ადრე თუ გვიან, მარცხს იწვნევს. ხოლო თუ კი დასავლეთმა და დემოკრატუილმა ძალებმა საქართველო დაიბრუნეს, რაც რუსული გავლენის მკვეთრ შესუსტებას ნიშნავს, პაშინიანი შეინარჩუნებს შანსს, იხსნას სომხეთი. თუმცა, ეს თავის თავში გულისხმობ იმ გართულებებსაც, რაც მთელი რუსული ძალისხმევის სომხური მიმართულებით მიძალებას დაუკავშირდება. აი, სწორედ აქ იძენს საქართველოს პროდასავლური ხელისუფლება ოქროს ფასს. თავად საქართველო და მისი დედაქალაქი კი, იბრუნებს ოდინდელ ისტორიულ როლს, კავკასიის ლიდერისა.
コメント