ერთი ძალა
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 1, 2018
- 6 min read
Updated: Feb 15, 2019
ფოტო ნუ დაგაბნევთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც მოსაყდრე შიოს ვგულისხმობ და არც ბატონ გახარიას. თუმცა კი, ფოტო თემას აშკარად ეხმიანება და ამაში დარწმუნდებით.

დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ყველას დაანახა თუ ვის ხელთაა ამ ქვეყანაში რეალური ძალაუფლება, მაინც მიდის საუბრები რაღაც ძალებზე, მათ რიგითობაზე, მეორეობაზე, მესამეობაზე.. ერთი სიტყვით, ამ ჩვენს პრეროგატივას, ყურს ვისაც უნდა, საიდანაც უნდა, იქიდან აბავს. და რაც ყველაზე საინტერესოა, დღესაც უხვად გვაქვს მაგალითი იმისა, წარსულზე რომ აღარაფერი ვთქვა, რომ ამ უპირობო და იმპერატიულ უფლებამოსილებას, ჩალის ფასად ვანიავებთ (დეტალებს არ ჩავუღრმავდები). ეს მხოლოდ ერთზე მიუთითებს: ქართველ ამომრჩეველთაგან, ყველას არ ესმის და, შესაბამისად, არ წამს დემოკრატიის. იოლად ვერ იპოვი და გამოარჩევ იმგვარ თანამოქალაქეს, რომელიც, მაგალითად, დაიჯერებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კადიდატის ვინაობა, შიდაპარტიული არჩევნებით წყდება, ისინი სამართლიანია და ეს პარტიის ბოსების გადაწყვეტილება არ გახლავთ, ხოლო ყრილობა, არ არის ხოლმე ფარსი. მას არ შეუძლია ეს დაიჯეროს და ვერც იჯერებს. არც უნდა შეეცადო, თუ კი ჩემს გამოცდილებას დაეყრდნობით, რადგან ეს ადამიანები გისმენენ არა იმიტომ, რომ გაიგონ რას ამბობ, არამედ იმიტომ, რომ გიპასუხონ. ანუ, შენს მიერ დაწყებული პირველი წინადადების თავშივე, ამგვარი კაცი მზადაა შენს მიერ ნათქვამი „ოღრო-ჩოღროდ“ გაასაღოს, ხოლო თავისი „გზატკცილის“ თხრობისას, უმალ გამოააშკარაოს ფაქტი, რომ სიტყვებს, რომელიც უთხარი, მის აღზნებულ გონებამდე არც მიუღწევია და, საერთოდ, არავის უცდია აღექვა ისინი. და, შესაბამისად, ამგვარ ინდივიდს, რჩევნებისა და საკუთარი ხმისადმი დამოკიდებულება, საკუთარი თავისთვის სავსებით განმარტებული აქვს. და ის არჩევანს აკეთებს არა შეხედულების, არამედ კონკრეტული ამოცანისა თუ ინტერესის მიხედვით, რომელსაც ის მანამდე გააფთრებით იცავდა.რომელიც, შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და თავის თავში, ვთქვათ, პირადი და ოჯახის წევრების უსაფრთხოებისადმი ინტერესსაც გულისხმობდეს, რაც ვნახეთ კიდეც, და არა მხოლოდ ამ არჩევნებზე. მაგრამ დემოკრატიის და მისი პრინციპების ამგვარ „გაგებას“, ერთი სფეციფიკა ახლავს: არსებობს ინსტიტუტები, რომლებსაც ნებისმიერ შემთხვევაში ხელეწიფებათ არამც თუ გადამწყვეტი როლის, არამედ ერთადერთი როლის თამაში. რა ძალებს ფლობს ამ კუთხით საქართველოს სამსახურში მდგარი საქართველოს პოლიცია, ასევე არა ერთელ გვიხილავს. ისედაც, რად უნდა ამას აკადემიკოსობა - თუ პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე იქნება და ქვეყნის სამსახურში დგომას, „მეფის კარზე“ დგომასთან არ გააიგივებს, ვერავინ შეძლებს მანიპულაციებს. ხოლო თუ კი მაინც ამალაში ყოფნა ამჯობინა, ერის შვილად ყოფნას, ესეც ხელეწიფება და არც ამის დამადასტურებელი მაგალითების მოძიება გაჭირდება. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი და სრულიად უპირობო ავტორიტეტი, რომელიც, გარკვეულწილად, ერთგვარი უკანასკნელი ინსტანციაა და აქ, ახალი არაფერია, ვინაიდან , ცხადია, მეტ-ნაკლები ტრანსფორმაციებით, მაგრამ ეს ასეა ჩვენი წელთაღრიცხვის 337 წლიდან.ყოფილა ბნელი წლებიც და მრავალ ჩვენგანს გვიცხოვრია კიდეც იმ უღმერთო იმპერიაში, მაგრამ დღეს, სურათი კარდინალურად განსხავებულია.
აი, წარმოიდგინეთ, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ არჩევნების მეორე ტურის დასრულებისთანავე თუ არა, მეორე დღეს მაინც, გავრცელებულიყო საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ ის ძალმომრეობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ყოვლად მიუღებელია და პასუხისმგებლობაც, ხელისუფლებას ეკისრებაო.. როგორ განვითარდებოდა მოვლენები? დიახ, დიახ.
ამდენად, როდესაც შალვა ნათელაშვილი გამოდის და თავისი ამბის ყველასთვის და, მათ შორის, საპატრიარქოსთვის გადაბრალებას ცდილობს, ერთგვარად არ ტყუის, თუმცა, როგორც ჩვევია ხოლმე, პილპილი ჭარბად მოუვიდა: არც სხვისგან მსმენია, არც ინტერნეტში მინახავს და ზოგადადაც, მხოლოდ ნათელაშვილია, ვინც აცხადებს, რომ სამღვდელოება ბინა-ბინა დადიოდა. მაგრამ ფაქტია - გინდა ხელდასმა დავარქვათ, გინდა კურთხევა და გნებავთ, მირონცხება, მაგრამ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სიტყვა, ერთგვარი ევერესტია. რამდენად ნორმალურია ეს სეკურალურ სახელმწიფოში? არის თუ არა ეს ვითარება, რომელიც ასე ხასიათდება - დე-იურე სეკურალური, დე-ფაქტო თეოკრატიული? როგორც უნდა იყოს საქმე, ფაქტია - საერო და სასულიერო ხელისუფლების გამიჯვნა, რეალობა არ გახლავთ და კონკორდატიც, სრულფასოვნად არ მოქმედებს. ეს ობიექტურ გარემოებათა გამოა ასე, თუ ვინმეს მეცადინეობით, ახლა, ამ კონკრეტულ ჩანაწერში, არაა მნიშვნელოვანი. მთავარია გავაცნობიეროთ ის, რაზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ - პერმანენტული სიხშირით, სხვა და ხვა წრეებში, ნაწერებში და საკუთარ თავთან ფიქრებში, თუნდაც... ერთხელ მაინც, ნებისმიერს გვიფიქრია - თანამედროვე ქართული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ფესვზე, ტრადიციასა და სახელმწიფოებრივ გამოცდილებაზე მდგარი რესპუბლიკაა - შესაძლებელია. ჩვენ უკვე 30 წელია ვცდილობთ მოვირგოთ სხვისი სამოსი, რომელიც ან დიდი გვაქვს, ან არ გვეტევა. ამიტომ, მთელი ეს წლები, გამოვიყურებით უბრალოდ სულელურად. შორს არ წავიდეთ - აგერ ბატონო, ბოლო საუკუნე ვთქვათ: ლამის ასწლიანი, ფარული თუ ღია ბრძოლა იმისთვის გვიწარმოებია, რომ აღგვედგინა კონსტიტუცია, რომელსაც მერე, 36-ჯერ თუ 19-ჯერ შევცვლიდით და ვაქცევდით არა სიმბოლოდ და სვეტად, არამედ კედლის კალენდრად, რომელსაც ვახევთ და ვახევთ ფურცლებს. ცხადია, ცვლილებებში როგორც ასეთში, პრობლემა არ დგას - პრობლემა ცვლილებათა არსშია. ჰოდა, მთელი ეს წლები, რუდუნებითა და გეგმაზომიერებით, ვცდილობთ დავშორდეთ იმას, რაც, ცხადია, წმინდად ის არ გახლდათ, რაც, ვთქვათ, პირადად მე წარმომიდგენია, მაგრამ იმასთან გაცილებით ახლოს იდგა, ვიდრე ნებისმიერი რედაქცია, რომლის მომსწრეც ამ 30 წლის მანძილზე გავხმდარვარ. აქ რაიმე უკუსვლებზე, დაბრუნებებზე, ახლიდან ამოქმედებებზე და მსგავსზე საუბარი, არის არა მხოლოდ წყლის ნაყვა, არამედ ფასდება როგორც მცდელობა, მოიკლას საკითხი. სხვათა შორის, ის ძველი იდეა, რომელიც ბევრი და ძალიან კომპეტენტური ადამიანებით რაღაც სახალხო კომისის შექმნას, პლატფორმის შემუშავებას, სამსჯავროზე გამოტანას, რეფერენდუმს ჩატარებას, მილიონ „დაასხი“-ს, და ერთი ამდენ „ალავერდი შენთანა ვარ“-ს გულისხმობს, ასევე პროცესის მკვლელობაა. მოკლედ, გაბედვის თემაა რა. აი, ერთი, არც დიდი და არც პატარა ჯგუფი უნდა შედგეს და ქართველ ერს, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, გაუბედოს და შესთავაზოს ეს ყოველივე. ცხადია, ეს არ გულისხმობს მსჯელობის და განხილვის უარყოფას. რაღა ნელა მოგიკლია, როგორც ზემოთ მოყვანილ შემთხვევებში, და რაღა გულიში ხანჯლის გაყრით და უმალ - ანუ, „უჩემოდ ვით იმღერეთა“-ს გათვალისწინება „სატენდერო პირობაა“. მაგრამ მსჯელობა შედგება არსებულის ირგვლივ და არა რაღაცის შესაქმნელად, ვინაიდან ვიდრე ქართველები იმაზე შეთანხმედებიან, თუ რას ჰქმნიან, ვირი ხეზე ავა. წესით, ეს პოლიტიკურ პარტიათა წიაღში უნდა ხდებოდეს, მაგრამ ჩვენი ვითარება ამგვარია - პოლიტიკური პარტიები არიან იმდენად სუსტნი, რომ ლამის ჭადრაკის მოყვარულთა კლუბს დაემსგავსნენ. მათ ლიდერებს, არამც თუ საზოგადოებაში, თავად პარტიაშიც ყველა აღარ უსმენს და ეს, მათ აიძულებს ეძიონ კავშირები, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, გულისხმობს სახსარსაც. და სახსარში მხოლოდ კუპიურებში ან ანგარიშის ციფრებში გამოხატული თანხები არ იგულისხმება - ეს ათას სხვა სარგებელსაც ნიშნავს - ეთერს, მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას, აქტივის დარაზმვას, ზოგში სიმტკიცის და იმედის ჩასახვას და იდეათა ტირაჟირების შესაძლებლობასაც, მაგრამ.. აი, სწორედ აქ ირკვევა, რომ „მოდი ჯერ მოვმაგრდეთ“... საქართველოს პოლიტიკური ველი, ლამის სრულად გაწმენდილია პოლიტიკოსთაგან, სახსარი კი მოიპოვება სწორედ იქ, სადაც ინტერესჯგუფები თავს პოლიტიკით ან სულიერი მისიით ინიღბავენ. სამწუხაროა, მაგრამ არც დღეს ჩანს და, რასაც მე ვუყურებ, არც უახლოეს მომავლშია სავარაუდო ამგვარი პოლიტიკური გაერთიანების გამოჩენა.ერთის მხრივ, კარგიცაა. პარტიებით, თვით პარტიებიც დაიღალნენ უკვე. ცხადია ამ ახალ ვითარებაში პარტიებიც წლევადელი ნიყვივით იქნება, მაგრამ სახეები, ძირითადად, იგივე შეგვრჩება ხელთ. საქართველოს ეკლესიას აქ დიდი როლის თამაში ძალუძს და ეს საგანგებო დაფიქსირებასაც არ საჭიროებს.სხვათა შორის, დღეს ხშირად გვესმის ფრაზა - აქამდე ქართველობა საქართველოს ეკლესიამ მოიტანა.. თუ რაღაც მსგავსი. თუ ნებას დამრთავთ, ვიკითხავ - ეს ჩვენი წმინდა და ღვთითგამორჩეული საქართველოს ეკლესია, აქამდე თავისით მოვიდა და, ვითარცა სათნომ და ღვთისნიერმა, ჩვენც გამოგვიყოლა? და ის ჭეშმარიტ მოძღვართა და მონაზონთა ათასეულები, რომლებიც ამ ქართველობას იმავე ეკლესიაში ღადარივით აცოცხლდებდნენ, ქართულმა საზოგადოებამ არ შვა, აღზარდა და მიაბარა? ის დიდიდებული ტაძრები, რომელთა სიდიადეც საუკუნეთა ქარტეხილებმაც ვერ დაჩრდილა, ქართველი კაცის ხელით გათლილი ქვით, ქართველი ხუროთმნოძღვარისა და ქართველი კირითხუროს ნაგები არაა? ქართველი მეფისა და არისტოკარტისა თუ დიდვეზირის ნაწყალობევი მამულითა და სარჩო საბადებლით არ ედგათ სული მონასტრებს, რის შესახებაც მათ კელდებზე, აღაპეპსა და სიგელ-გუჯრებშიც უხვად წერია? რამდენი ოფლი ღვარა, რამდენი სისხლი ღვარა ქართველმა კაცმა იმის აქამდე მოსატანად, რაც, საბოლოოდ, აქამდე მოგვიტანდა? ასე რომ, აქ არავის არავინ მოუტანია - ყველა ერთად მოვედით და გაგრძელებითაც, მხოლოდ ერთად უნდა გავაგრძელოთ. ერთი ეგაა, რომ თავისი როლი, ფუნქცია, მისია და დანიშნულება ყველას კარგად უნდა ესმოდეს. ეს ეტალონია. სხავთა შორის, აქ პირველ რიგში საზოგადოება და ეკლესიის მრევლი მყავს მხედველობაში - ეს მათ (ანუ ჩვენ) უნდა ეყოთ მოქალაქეობრივი პოზიციის სიმტკიცე და სახელმწიფოს არ გააბედინონ ეკლესიის საქმეში ჩარევა და პირიქით, არც ეკლესიის მხრიდან (ან მისი ცალკეული წამრომადგენლების მხრიდან) სახელწმიფო საქმეში ჩარევა უნდა იყოს გამართლებული, მისაღები, ახსნადი. ანალოგიური რამ მსურს ვთქვა იმ ცნობილ 25 მილიონთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ, ქართველი ხალხი, საქართველოს დღევანდელი მოსახლეობა, საქართველოს ეკლესიას ვაძლევთ, როგორც კომპენსაციას იმ უბედურებისათვის, რომელიც მას თავს დაატყდა, დაატეხეს.. თუმცა არც ერთი ჩვენგანი ამაში არ მონაწილეობდა. მე არასოდეს ვიყავი წინააღმდეგი იმისა, რომ ქართველმა ერმა, თავისი ნებით წელში გამართოს მისი ერთადერთი და ბუნებრივი მოკავშირე, მაგრამ ახლა, როდესაც ეს ამოცანა შესრულებულია, აღარც ამის საჭიროება დგას, რომ ვიხადოთ იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაგვიდენია. რაღაც სხვა ფორმა უნდა გამოინახოს და ეს საქართველოში მოქმედ იმ ძირითად კომფესიებს თუ რელიგიურ გაერთიანებებსაც უნდა შეეხოს, რომლის წევრებიც, ჩვენი სრლუფასოვანი მოქალაქენი არიან და მნიშვნელოვან რაოდენობას წაროადგნენ. თუმცა, რაოდენობა არ გახლავთ „ძირითდი პუნქტი“. მაგალითად, „იეღოვას მოწმეებს“, „სტაროვერებს“ და „ბაბუშკინო პორიადოკს“ ცხადია, ისევე როგორც სხვა სექტებსს, შანსი არასოდეს ექნებათ, მაგრამ ჩვენ მუსლიმ ძმებს, ჩვენს კათოლიკე ძმებს? ანდაც, იგივე ჩვენს ებრაელ ძმებს.. კი, უმეტესობამ დატოვა საქართველო და ავიდა, მაგრამ ერთი ფეხი ყველას აქ აქვს ისევ და ასეა, უკვე 26 საუკუნეა. ამ ჟესტს ჩვენი სანიმუშო ებრაელი ძმები აშკარად იმსახურებენ. დიახ ჟესტს - სახელმიწფოს, ანუ ქართველი ხალხის მონაწილეობა უნდა განისაზღვროს კონკრეტული საჭიროებით და უნდა ატარებდეს ჟესტის სახეს და არა ვალდებულების, ან გადარჩენის ერთადერთი გზისა. თუმცა, აქვე, ხაზგასმით უნდა ითქვას იმის აუცილებლობაზეც, რაც ყოველივე ამას უნდა სდევდეს თან: დიახ, ეს თანასწორთა რესპუბლიკაა, აქ ყველა მოქალაქე, განურჩევლიად რელიგიური მრწამსისა თუ შეხედულებათა სხვაობისა, თანასწორია, მაგრამ ეს არის ქართველი ერისა და ეკლესიის მიერ ათასწლეულებში გამოტარებული სახლემწიფო და ყოველი ადამიანი, რომელიც აქ ცხოვრობს და დღეს უკვე ქართველ ხალხს წარმოადგენს, უნდა აცნობიერებდეს, მთელი სისავსით უნდა შეიგრძნობდეს, რომ არის ქართული სახლემწიფოს მოქალაქე. ქართული სახელმწიფოსი. და ბასტა! სახელმწიფოსი, რომელიც არა მხოლოდ უყვარს, არამედ საამაყოცაა მისთვის, რადგან წარმატებულია. ხოლო XXI საუკუნეში, თანამედროვე, განვითარებული და დემოკრატიული რესპუბლიკის ამუშავება, შესაძლებელია მხოლოდ სეკულარურობით და არა ფეოდალური თეოკრატიით. ცვლილებებსი დროა! და არავის ძალუძს ამ ცვლილებებს მისცეს იმდენად მძლავრი ბიძგი, როგორც საქართველოს ეკლესიას. უბრალოდ, მან უნდა ირწმუნოს ან დაიჯეროს ან შეეგუოს... რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელია და არა არბიტრი. ის და ქართველი ერი, წარმოადგენენ ერთ ძალას და მას ქართველი ხალხი ჰქვია. და უერთმანეთოდ, არცერთს ღონე არაფერისა აქვს.
Comments