ერთხელ, მიტოვებულ სამიკიტნოში
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 25, 2017
- 2 min read
პირველი ნიმუში 177 წლის წინ, 1840 წლის მაისში გამოჩნდა. იდეა შოტლანდიის პროვინციის მიყრუებულ სამიკიტნოში დაიბადა, სადაც ასტრონომიის ინგლისელი პედაგოგი, როულენდ ჰილი საინტერესო ეპიზოდის მომსწრე გახდა: საერთო დარბაზში ფოსტალიონი შემოვიდა და მოსამსახურე გოგონას წერილი შემოუტანა. გოგონას გაუხარდა, თუმცა წერილის მიღებაზე უარი განაცხადა, რადგან იმ დროს, საფოსტო მომსახურების საფასურს, ადრესატი იხდიდა. მოახლის თავდაპირველი რეაქციისა და შემდგომი უარის შემდეგ, ჰილი ინტირგამ მოიცვა და მან გადაიხადა ის რაღაც სამნახევარი შილინგი, თუმცა გოგონა მაინც უარზე იდგა და დარწმუნებით აცხადებდა, რომ კონვერტი ცარიელი იყო - მასში ფულის გადახდა არ ღირდა.

ეს მართლაც ასე გახლდათ. წერილს გოგონას ძმა წერდა, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობდა. უფრო ზუსტად, ის აგზავნიდა ცარიელ კონვერტს, რაც ნიშნავდა, რომ მისი საქმეები კარგად მიდიოდა. ადრესატი, ანუ მოახლე გოგო, გზავნილს არ იღებდა, რაც წერილის გამომგზავნთან დაბრუნებას იწვევდა და ამით, უკვე გოგონას ძმა ხვდებოდა, რომ მის დასაც, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამ მეთოდით ბრიტანეთში არამცთუ კიდევ ვინმე, არამედ ათასები სარგებლობენ და ეს საფოსტო სამსახურს ძვირი უჯდებოდა.
და აი, აქ ასტრონომიის პედაგოგის გონებაში, იშვა იდეა.
ბრიტანეთის საფოსტო სამსახურმა იდეა უმალ აიტაცა და საფოსტო მარკების გამოშვებაც დაიწყო. ეფექტი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ჰილი ჯერ იმპერიის გენერალურ ფოსტმეისტერად დაინიშნა, შემდეგ რაინდის ტიტულიც მიანიჭეს, ვესმისტერის სააბატოში მიაბარეს მიწას და დღეს, ლონდონის ერთ-ერთ სკვერს მისი ქანაკებაც კი ამშვენებს.
პირველ საფოსტო მარკას ხალხში „შავი პენნი“ შეარქვეს. მასზე დედოფლის პროფილი გახლდათ გამოსახული და აღნიშნული იყო ღირებულებაც - 1 პენნი . შემდეგ კი მარკათა ვიზუალური მხარე, ზომები და, შესაბამისად, ფასიც მრავალფეროვანი გახდა. აქვე დაიწყო ფილატელიის ისტორიაც. პირველ კოლექციონერად ინგლისელი ჯონ გრეი ითვლება, რომელმაც გამოსვლისთანავე შეიძინა პირველი საფოსტო მარკები, თუმცა არა მათი კონვერტზე დაწებების მიზნით, არამედ საკოლექციოდ. მალე პედაგოგის იდეა მთელს მსოფლიოში გავრცელდა და, მათ შორის, რუსეთის იმპერიაშიც (1857 წ.-დან).
ქართული საფოსტო მარკის ისტორია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას უკავშირდება, რომელმაც, თავისი სამწლიანი არსებობის მანძილზე, რამდენიმე ნიმუშის გამოცემა მოასწრო.
Comments