ესმის!
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 5, 2018
- 1 min read
ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე საარჩევნო კაპანიამ სტარტი მისვე მიმართვით აიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, დადასტურდა საკითხებში სიღრმისეულად წვდომა, უხვად გაიცა დაპირებები, და, პრინციპში, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, არაფერი ახალი „ოცნების“ ლიდერს არ უთქვამს. თუმცა, ის კი უნდა აღინიშნოს, რომ უკვე არა ერთხელ გაჟღერებული ერთი წელი, საკადრო „რევოლუციების“ წლად დააანონსდა. არ ვიცი, ეს თვისებაა, ზოგადად, ადამიანისათვის დამახასიათებელი რამ გახლავთ, ჩემი - ინდივიდუალური თუ ჩვენი, ქართველობის ეროვნული ნიშანი, მაგრამ მაინც, კიდევ ვუტოვებდი შანსს. შანს, რომ ეყოფოდა ძალა და იტყოდა, რომ შეცდა და წასვლის გარდა, არა დარჩენია რა.
ამან კიდევ, კვლავ ვადა მოითხოვა, მესმისო, განაცხადა.. არადა, ტრადიციული პასაჟები თავშივე უნდა ამომეკითხა. მაგრამ ეს კიდევ ნახევარი ამბავია. დღეს ერთხელაც დადასტურდა, რომ ივანიშვილის აზროვნება სტაგნაციაშია. ოპონენტა გაშავების ის მეთოდები, რომლითაც ის მუდმივად და ახლა უკვე დაჟინებით ოპერირებს, საბჭოთა მეთოდოლოგიისა და 90-იანი წლების მენტალობის მუტანტია
როგორც აღმოჩნდა, არც ერთი დიდი თუ პატარა ორგანიზაცია, რომელთა რიცხვიც ათს აჭარბებს, რომლებიც საქართველოს გათავისუფლებისა და ახალი სახელმწიფოს დაფუძნებისთვის იბრძოდნენ და ეს ბოლო ათწლეულებია, საქართველოს პოლიტიკურ ცხვორებაში მეტ-ნაკლები ინტენსივობით მონაწილეობენ, გახლავან არა პოლიტიკური პარტიები, არამედ რაღაც სხვა მიზნისა თუ დანიშნულების მისაღწევად შეკავშირებული „გუდიანი კაცები“ და თუ კი ხსნა გვინდა, ნათელი მომავლისაკენ ერთადერთ ჭეშმარიტ და პერსპექტიულ პოლიტიკურ ორგანიზმს, „ოცნებას“ უნდა გავყვეთ
სიტყვათა წყობა - „რეალობას არაადექვატურად აღიქვამს“ - ისე მარაოსვით იქნიეს, რომ მის შინაარსს ის სიმძაფრე აღარ აქვს, აქ რომ გამომდგომოდა - გაცვდა და დაბლაგვდა. არადა, აშკარაა - ეს კაცი ან სხვაგანაა, ან სხვას ესაუბრება.
მიუხედავად ყველაფრისა, ამ ფაქტს დადებითად ვაფასებ. მაინც კარგია - ტექსტის მშვიდად და ლამის უშეცდომოდ დეკლამაცია ისწავლა, შინაარსსაც, ჩანს სხვისი ხელიც ურევია და ასეთი შესაძლებლობის მიცემა ძალიან ნიშანდობლივია..
ერთი სიტყვით, მოქალაქე ივანიშვილის ზრდა უტყუარი ფაქტია, მაგრამ ტემპის გათვალისიწნებით, ამ პროცესის დაკვირვებისთვის დროს ვერ გავფლანგავთ.
Comments