ვოლსკი
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 7, 2019
- 2 min read
დიახ, პირდაპირ ასე - ვოლსკი. და ერთადერთი ნუგეში, რომელიც ამ გვარის მატარებელ პოლიტიკოსს დარჩენია ის გახლავთ, რომ ამიერიდან, ეს კრებსითი დეფინიციაა და დაკავშირებული აღარაა კონკრეტულად და მხოლოდ მის ვინაობასთან. ისე, სხვა თუ არაფერი, ტერმინს მაინც დატოვებს წარუშლელ კვალად. ერთი სიტყვით, „ვოლსკი“, როგორც ტერმინი, შესაძლოა „ქოცის“ კარგი ალტერნატივა გახდეს, თუმცა ამას, სურვილივით ვერ ჩაუთქვამ და ვერც ბრძანებასავით გასცემ - დრომ და ხალხმა უკეთ იცის და ადრე თუ გვიან, განისაზღვრება.

დღეს კი, ვიდრე ეს მომხდარა, ვოლკი ნიშნავს ყველაფერ ცუდს, რასაც შეიძლება ქართველი პოლიტიკოსი განსახიერებდეს.
დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ მან უბრალოდ აიღო, რუსული პროპაგანდის შაბლონური ტექსტი გადმოთარგნა და, ყოველგვარი რედაქტირების გარეშე, facebook-ზე სტატუსად დადო. მაგრამ ეს ჩემი აზრით, ყველაზე პატარა პრობლემაა - თეორიულად, შესაძლებელია, რომ ადამიანი ასე თვლიდეს, თუმცა, ცხადია, ამ ინდივიდის შეთხვევაში, ასე არაა.
რეალური უბედურება ისაა, რომ ვოლსკი აღმოჩნდა ტიპი, რომელმაც ქართველი ხალხის წინააღმგდეგობა, სამხედროთა თავდადება, და საერთოდ ყველაფერი აღმატებული, რაც 2008 წლის აგვისტოს უკავშირდება, თავისი ბინძური, მერკანტილური, პოლიტიკური თამაშის იარაღად აქცია, დამკვეთისთვის შესრულებულ სამუშაოდ ჩაითვალა და ამით, ამ წმინდა ცნებებში, კრემლის ჭუჭყიანი ხელები აფათურა - მისი ტექსტის მიხედვით, ამას სხვას ვერაფერს უწოდებ. და ცხადია, ის აქ მარტო არ იყო - საძაგელი ტიპების მეტი რა ჰყავთ.. და ღარიბაშვილიც აჰყვა. საერთოდ, რომ ვაკვირდები, ვატყობ ტენდენციას, რომ თუ ვინ გადმოანთხია დღეს, აქტიურნი სწორედ ყველაზე ამაზრზენი პერსონები გახლდნენ. ამას შესაძლოა მიზეზად ის ჰქონდა, რომ სხვა, ესოდენ უპრინციპო, როგორიც ღარიბაშვილია, ან იმდენად ანტიპათიური, როგორც ვოლსკია, ვერავინ გამონახეს - შუბლის ძარღვი, რომელიც, „ოცნების“ ზოგიერთი ლიდერის აზრით, ჯერ კიდევ შერჩათ, მხოლოდ ამათმა გაიწყვიტეს. თუმცა, შესაძლოა აქ მთავარი ამოცანა უბრალოდ ამის გაჟღერება იყო და სხვა ყველაფერი უმნიშვნელო დეტალად ჩაითვალა. გათვლის მიხედვით, ძალიან სენსიტიური თემაა საჭირო, რათა პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა, რომელიც სულ უფრო გარდაუვალი ჩანს, რაღაც ლეგიტიმურობით შეინიღბოს. ეს ითქვა აგვისტოში.. და სექტემბრის ბოლოს, მაგალითისთვის, შესაძლოა მზის სინათლე იხილოს რაღაც ქეისმა, რომელიც, სავარაუდოდ, ისეთივე თეთრი ძაფით იქნება ამოკემსილი, როგორც წინა შემთხვევებში. მაგრამ ესეც, როგორც ვატყობთ, არაა მნიშვნელოვანი - მთავარია დეკორაცია დაიდგას და სცენა უთუოდ გათამაშდება - აპლოდისმენტებიც იქნება - სხვა თუ არაფერი, „მოურავის ალიანსი“ შემოკრავს ტაშს.
Comments