ზასოხოვის „ზახოდი“
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 7, 2018
- 1 min read
სლენგი და ჟარგონი არაფერ შუაშია - ნემსს, ნარკოტიკებს და ეგეთებს არ ვგულისხმობ - როდესაც ვთქვი „ზახოდი“, შემოსვლა მქონდა მხედველობაში.

ამ ჩანაწერისთვის მისი სურათის ძებნისას, ერთ საინტერესო კადრს გადავაწყდი - ის რუსული ტელეეთერიდან გახლდათ ამოღებული და ტიტრი ამშვებედა. ეს ბატონი, საქართველოს ხალხების ასამბლეის პრეზიდენტობას, რუსეთის პრეზიდენთან მოქმედი საზოგადოებრივი პალატის წევრობას უთავსებს. ფოტო ახალი არ იყო და, შესაძლოა, ახლა მას ამგვარი სტატუსი აღარც აქვს, მაგრამ ვეჭვობ, დაეთმო. არც წართმევას უპირებდნენ, ალბათ. მაგრამ ეს ვითარებას არ ცვლის - ხსენებულ საბჭოში შემთხვევით ვერ ხვდებიან და თუ კი იმ შოვინისტი მაქსიმ შევჩენკოსავით, მთლად ლავროვს და სომხობას არ აუხტი, არავინ გაგაძევებს. და რომც აღარ იყოს ამ ორგანოს წევრი, ერთხელ წევრობაც საკმარისია, რათა მას, სულ ცოტა, „რუსეთის სახელისუფლებო წრეებთან დაახლოვებული“ ვუწოდოთ. ჰოდა, ახლა, თითქოს კი უნდა ვწერდე, რომ პიროვნულად მასთან არავითარი პრობლემა არ მაქვს და ბლა-ბლა-ბლა, მაგრამ მაქვს.
და სწორედაც რომ პიროვნული, ვინაიდან ეს პიროვნება, ჩემი სამშობლოს ინტერესების სამსახურში მდგარს, არ ჰგავს. ესაა „ქსივებს“ გამოკიდებული კაცი, რომელსაც ეს სტატუსებიც მხოლოდ იმ თავისი კერძო ინტერესების სარეალიზაციოდ ჭირდება და ეს რუსეთის გავლენაც, საკუთარი, კერძო ინტერესის ჭრილში მოუჩანს.
საერთოდ, იქ შეკრებილთაგან, ბევრი ხედავს ასე. ცხადია, კაცთა შორის ურთიერთობისა და ზნეობის წესების დარღვევას არ ვაპირებ, თუმცა რთულია ამის მოხერხება მაშინ, როდესაც ატოცთან რუსი ახალ მავრთულხლართს ავლებს, ეს კი რუსთაველზე მიდის და იმედს გამოთქვამს, რომ მალე აღდგება სიყვარული და ჩახუტება ქართველებს, ოსებს და რუსებს შორისო.
არ ვიცი, იქ შეკრებილთაგან, რამდენმა გააპროტესტა ეს, მაგრამ ფაქტია, ზასოხოვმა ჩათვალა, რომ იქ მისიანები იკრიბებიან, მიესვლებოდა.. და მივიდა.
მიტინგზე, სადაც სააკაშვილს, „ნაციმზს“ და მსგავს „გამოვლინებებს“ ებრძვიან, ზასოხოვი ზურაბიშვილის მხარდამჭერად მიიჩნევა. ასე რომ, სხვასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილს რუსეთის პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი პალატის წევრი და რუსეთის სახელისუფლებო წრეებთან დაახლოვებული ზასოხოვიც, მხარს უჭერს.
Comments