top of page

ზიზილ-პიპილოებიანი ჩიხი

ყველა ხვდება, რომ მმართველ ძალას ხელისუფლების შენარჩუნების კანონიერი მეთოდები აღარ შერჩენია და უტყუარი მარცხისთვისაა განწირული. ყველა მასშტაბის პოლიტიკური ჯგუფი გააქტიურებულია. ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარებაში, რომლის დროსაც, თუ მეტაფორულად ვიტყვით, დათვის ტყავიღაა გასაყოფი, ეს სავსებით ბუნებრივია. ზოგი, გამომდინარე საკუთარი სისუსტისდან და ზოგიც, საკუთარი იმიჯის გაუმჯობესების მიზნით, კავშირებს ეძებს.

სხვანი, იდეის ირგვლივ ერთიანდებიან და ვინაიდან ეს საქართველოა, ცხადია, პიროვნების ირგვლივ შეჯგუფებასაც ვხედავთ და პიროვნების წინააღმდეგ დაჯგუფებასაც.


და ცხადია, პოლიტიკურ ძალათა დიფერენციაცია, ორბიტისა თუ ორიენტირის ნიშნითაც ხდება. ბურჯანაძის ირგვლივ რუსული სურნელება დღეს არ გამოფრქვეულა - სულ ასე იყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდი შედეგებით ის ვერასოდეს დაიკვეხნიდა (და ამის მიზეზი სწორედ მისი პრორუსულობაა) ის ახერხებდა პარტიის ასე თუ ისე შენარჩუნებას და მეტ-ნაკლები აქტიურობით, პროცესებში მონაწილეობასაც კი - თუნდაც ლიდერის განცხადებით, ან იმ თავისი დავარცხნილი კაბინეტიდან, რომელიმე ეთერში ჩართვით. დღეს, ბურჯანაძე, რომელმაც პარტიას სახელი გადაუკეთა, რუსულ საქმეს არა მხოლოდ ეროვნული მოტოვებით გვტენის, არამედ ახლა, უკვე დემოკრატიული და პროდასავლური ძალების ნარატივით, ფრაზეოლოგიით და მიზნების სიდიადით აკეთებს ამას. ეს ცალკეული წინადადებების დონეზეც კი ასეა და თუ კი მის რომელიმე ბოლო ციტატას მისი ვინაობის მითითების გარეშე მოვიხმობთ, ვერავინ იფიქრებს, რომ ეს კრემლის დოსტი ნინოა.

იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს სწორედ ამ მომენტისთვის ინახავდნენ, რათა მას შემდეგ, რაც ივანიშვილი ნაჯახით სამუშაოს დაასრულებდა, მისით იმედგაცრუების ტალღაზე, საქმეში უკვე ფილიგრანული ოსტატობა გახდებოდა საჭირო და აი, ბურჯანაძეც აქვეა. ვიცით სხვა თეორიაც: ივანიშვილი და ბურჯანაძე ერთი პატრონის ორი ყმა კი არ გახლავან, არამედ ყმობაზე თანახმა ორი პრეტენდენტი, რომელთაც სურდათ და სურთ დაუმტკიცონ კრემლს: სწორედაც რომ ის მოახერხებს რუსული ინტერესების სრულად თუ არა, მეტ-ნაკლებად სრულად შესრულებას მაინც. მაგრამ, როგორც უნდა იყოს საქმე, არსებობს ის, რასაც ბურჯანაძე, ძალიანაც რომ სურდეს, გვერდს ვერ აუქცევს. ეს შიდაშიგ რუსული ინტერესების შემოპარება გახლავთ. თუნდაც გაჟღერების დონეზე, ვითარცა „ხარკის“ პატრონის წინაშე. ამჟამადაც ასე მოხდა და რა გასაკვირია, რომ რეცეპტორი, რომლიც გააქტიურებასაც ბურჯანაძე ცდილობს, ჩვენთვის ესოდენ სენსიტიური თემები - შიდა ქართლი და აფხაზეთია. რისკენ მოგვიწოდებს მოსკოვი? სეპარატისტებთან პირდაპირ დიალოგისკენ. და ბურჯანაძე?

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტის გადაწყვეტის კარი ამჯერად 4 გასაღებითაა ჩაკეტილი. ეს კარი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიღება, თუ ეს ოთხივე გასაღები ერთდროულად იქნება გამოყენებული. გასაღებები კი დევს თბილისში, სოხუმში, ცხინვალსა და მოსკოვში. ვინც ამას არ აღიარებს, ვერც პრობლემას მოაგვარებს, მე ეს შემიძლია... ეს პრობლემები ვერ მოგვარდება მხოლოდ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგით (თუმცა ამ დიალოგის უპირველეს აუცილებლობაზე ჩვენ ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად ვსაუბრობთ). აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზა შეიძლება გამოჩნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგს დაემატება პირდაპირი დიალოგი რუსეთთან

რად აცხადებს მოსკოვი კრიმინალთა ლიდერებს? რად და, საკუთარი მოსახლეობის წარმოადგენლებად. და ბურჯანაძე?

დღეს დეფაქტო ლიდერები წარმოადგენენ ჩვენი მოსახლეობის აფხაზეთში და სამაჩაბლოში დარჩენილ ნაწილს. მათაც უნდა მოვუსმინოთ და ნდობის ხიდები აღვადგინოთ. გამოსავალი ჩიხიდან ესაა და თუ ამ ყველაფერზე უარს ვიტყვით, პროდასავლურობის დროშით, გამოვა რომ საქართველოს პროდასავლურობის და NATO-ს სახელით სამუდამოდ დავაკარგვინებთ ჩვენი მიწა-წყლის ნაწილს

რაოდენ გულუბრყვილო უნდა იყოს პოლიტიკოსი, რომ ჯეროდეს - ქართველები ან ვჭამთ ამას, ან მისი ურდოში ვიზიტი აღარ გვახსოვს, ანდაც მისი ვაჟის განზრახვები, რათა კოჯრის ბატალიონის ქართველობა რუსებისთვის შეეხოცა.

ბურჯანაძეს ჰგონია, რომ თუ კი თავისი ქაჯური ზიზილ-პიპილოებით ხალხის უკიდურეს გაჭირვებაზე დაგველაპარაკება, დავთანხმდებით ვიყოთ რაღაც ბუფერული სახელწმიფო რუსეთის ორბიტაზე. პრინციპში, ეს საბჭოთა კავშირის აღდგენის ტოლფასია. თუ კი მაშინ ვიყავით მოკავშირე რესპუბლიკა იმპერიის სამხრეთ ჩიხში, ახლა ვიქნებით დამოუკიდებლობის მქონე, გაეროსა და სხვა გაერთიანებების სრულუფლებიანი.. ჩიხი. ბურჯანაძის პარტიის ახალ დასახელებას დააკვირდით: „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“. ხვდებით ხო, რას მიაწვება ბურჯანაძე?


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page